მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას -ირაკლი ღარიბაშვილი:

28
spot_img

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ასევე, ძალიან მოკლედ მინდა, ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა. 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო, ხოლო წელს 8 600 აშშ დოლარი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.