2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში არასდროს ყოფილა ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგომარეობას, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, თქვენ გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და გუშინ გვქონდა ამაზე დისკუსია. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. თუმცა უსაფრთხოების ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და უწყვეტი ათწლედისთვის, რომელმაც საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არასდროს გვქონია საქართველოში ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გრძელდება.