“მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – სააკაშვილი ამის შემდეგ სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება” – ვახო მეგრელიშვილი

53
spot_img

რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან.

ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია“.

„მე პირველად დავფიქრდი, რაც დასკვნა წავიკითხე ამ თემაზე, რაც იქ აღნიშნულია. ერთი მხრივ, გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარემო შიგნით, საცხოვრებელი პირობები, ინფორმაციასთან წვდომა და ა.შ. გადასარევად ჰქონია, გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია და ა.შ. მაგრამ რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა – მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს. ამის გამო, ალბათ, „ვივამედს“ შეიძლება მოუწიოს, არ ვიცი, მაგალითად, სახურავზე ეზოს განთავსება, რომ მსგავსი ფუნქციები მომავალში უკეთ შეასრულოს, ან კიდევ გვერდზე პარკია, წიწვნარი და უკან არის კიდევ ძალიან სერიოზული დენდროლოგიური პარკი და იქაც თუ სახელმწიფო და „ვივამედი“ შეთანხმდებიან, შეიძლება ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს ჰქონდეთ დასვენების და სეირნობის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, ამ დასკვნის მიხედვით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელესტუდიებს უნდა დაუბრუნდეს.

„მე ვფიქრობ, ის უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკას, ტელესივრცეს, თქვენს სტუდიებს და უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს არავინ კლავს და „ტყუილები რომ მთავრდება, ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ“.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის დახმარების ასეთი სტრატეგიის არჩევით, მისმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ “მძიმე შეცდომების დრო გაიარა.”

„ამაში დასამალი არაფერია და ნებისმიერი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილს იმ კონკრეტულ საავადმყოფოში არავინ ერჩის, არავინ კლავს და პირობებიც ადამიანურია, საბოლოო ჯამში იუმორის ხასიათზე გაყენებს, როცა მსგავსი შენიშვნები შეიძლება აღმოაჩინო იქ, რადგან არავინ ელოდებოდა ამ საავადმყოფოში, რომ 9 თვის განმავლობაში პაციენტი ეყოლება, ასეთი პაციენტები არ არსებობენ ბუნებაში. თუმცა, ვინაიდან ეს საპატიმროა და იქ ადამიანი ფაქტობრივად სასჯელს იხდის, გასაგებია, რომ ის მომენტი არავის აქამდე არ გახსენებია. ახლა გაახსენდებათ და „ვივამედი“ და სახელმწიფო მოიფიქრებს ამაზეც რეაგირებას და პასუხს. მაგრამ ტყუილები რომ მთავრდება რცხვენიათ თუ არა ადამიანებს, ამას თუ მეკითხებით, უნდა რცხვენოდეთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, „წამებისა პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დელეგაციამ, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა. ამავე დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენა არ იყო საკმარისად გამოკვლეული. დასკვნაში ნათქვამია, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები და გაცემულია რეკომენდაცია, „ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ატმოსფერო კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო სათვალთვალო კამერების არსებობის გამო, რომელთაგან ერთი მუდმივად იღებდა სააკაშვილს საწოლში, რაც კომიტეტის შეფასებით, არის არა მხოლოდ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.