Home Blog Page 1678

“ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას გამოხატავს ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, თანაც – სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გაფართოების პროცესის დაჩქარების გვერდითი ეფექტი მოჰყვა, რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო ამას გააკეთებს, გაწევრიანდება მაშინ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს, მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს, ათ ახალ წევრს“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა არ დააკონკრეტა, ევროკავშირის რომელ ახალ ათ წევრს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია, „ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად 2030 წლისთვის.

“პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნები, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბელარუსი დატოვონ, არაგონივრული და სულელურია” – ლუკაშენკო

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნები, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბელარუსი დატოვონ, არაგონივრული და სულელურია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ისინი თავიანთ ქმედებებს ამართლებენ ზოგიერთი საფრთხით, რომელიც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ბელარუსის ტერიტორიიდან. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ მოითხოვენ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელარუსიდან დაუყოვნებლივ გაყვანას. ამავდროულად, ისინი თავად ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს, აგროვებენ დიდ სამხედრო ფორმირებებს ჩვენს საზღვარზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ უნდა ჰყავდეთ არცერთი უცხოელი სამხედრო ოფიცერი ან ჯარისკაცი თავიანთ ტერიტორიაზე. „მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, გააპროტესტონ სხვა ქვეყნებიდან სამხედროების აქ ყოფნა, თორემ ეს არაგონივრული და სულელური მოთხოვნებია“, – დასძინა ლუკაშენკომ.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი მზად არის, აღადგინოს კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, მაგრამ წუხს მათი მხრიდან სურვილის ნაკლებობაზე.

“მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო გიორგი ამილახვრის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას”

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ გიორგი ამილახვრის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას – ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.

ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან. ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.

მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც. ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში. მინდა ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი“, – წერს დეპუტატი.

“რუსეთი ელოდება გარანტიებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში ხელახლა გაწევრიანებამდე” – სერგეი ლავროვი

რუსეთი ელოდება გარანტიებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში ხელახლა გაწევრიანებამდე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, როგორც კი დაპირებები კონკრეტული გარანტიები გახდება.

„თურქ პარტნიორებს გადავეცით ჩვენი აზრი, იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, პირველ რიგში, ამ ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკების შემდეგ.

მისივე თქმით, ამ წინადადებაში ჯერ კიდევ არ არის გარანტია.

„არის მხოლოდ დაპირება, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვცდილობთ და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დასავლეთი აფერხებს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც აფერხებს მარცვლეულისა და რუსული სასუქების უფრო აქტიურ ექსპორტს. ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ, ოფიციალურად და მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც კი მიიღება ზომები – არა შავი ზღვის პაკეტის რუსულ ნაწილზე მოლაპარაკებების შესახებ, არამედ ზომები ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც შეუსრულებელი დარჩა, მიუხედავად დაპირებებისა. გაერო-ს გენერალურ მდივანს, რომლის ძალისხმევასაც ვაფასებთ – მაგრამ როგორც კი მოლაპარაკებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებად, იმავე დღეს ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მარცვლეულის პაკეტის უკრაინული ნაწილი“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და ჰაკან ფიდანმა განიხილეს პუტინის ინიციატივა, რათა მოეწყოს „მილიონ ტონამდე რუსული მარცვლეულის თურქეთში მიწოდება შეღავათიან ფასად, თურქულ საწარმოებში გადასამუშავებლად და მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში გადასაზიდად“. ლავროვმა აღნიშნა, რომ კატარი მზად არის, დაეხმაროს ინიციატივის დაფინანსებას.

“2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, არასოდეს დავტოვებ ჩემს სახელმწიფოს” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ არჩევნები ომის დროს ჩატარდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პორტუგალიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისის“ უკრაინულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

„2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დავტოვებ ჩემს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პორტუგალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარების გარკვეული პირობები განმარტა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარება დასავლელმა პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინაში უსაფრთხოებისა და ლტოლვილებისთვის ხმის მიცემის პირობების გადაჭრა მოხდეს.

„თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა, პირველ რიგში, ხმის მიცემა სამხედროებმა შეძლონ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, ყველაფერი იყოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, როგორც ეს მოხდა არჩევნებზე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, როდესაც ყველამ თქვა, რომ ეს იყო სუფთა არჩევნები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა, რომ ხმა მისცენ კანდიდატებს. ამ თემას რუსეთიც აყენებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაბომბვის რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ობიექტებზე მყოფი ხალხი დაცული იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში.

დასავლეთის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, რომ, ომის მიუხედავად, უკრაინაში არჩევნები მაინც ჩატარდეს.

თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება

კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, პირველ, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.

ამასტან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავიძის გამზირზე მოხვდებიან.

“შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გავრცელებულ განცხადებაში უწყება იმეორებს თავის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო, რაც გამოწვეულია სურსათის, მედიკამენტებისა და ღირსეული არსებობისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტების ბლოკადის გაგრძელებით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ უწყვეტად მუშაობდა მხარეებთან, რათა დაეშვათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ ხელახლა გაიხსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, კომერციული და სამგზავრო გადაზიდვებისთვის. გარდა ამისა, ბაქოს ოფიციალური პირები და სტეფანაკერტის წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ დაუყოვნებლად, რათა შეთანხმდნენ მთიანი ყარაბაღის კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის კრიტიკული პროდუქტების ტრანსპორტირების საშუალებებზე, მათ შორის მიწოდების დამატებით მარშრუტებზე და განაახლონ დისკუსია ყველა გადაუჭრელ საკითხზე. საბაზისო ჰუმანიტარული დახმარება არასოდეს უნდა იყოს პოლიტიკური უთანხმოების მძევალი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. ერევანი ამ დერეფნის ბლოკირებაში ბაქოს ადანაშუალებს. აზერბაიჯანი ბლოკადას უარყოფს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელი შეხვედრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო წარწერით – „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.

30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

„გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა – რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“ – Reuters

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა – რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“ (ავტორი – ალექსანდრე რაცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად დაასახელა. ოთხშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების შემცირება იმ ქვეყნებიდან, რომელთა წარმომადგენლებიც, მეტწილად, თავშესაფარზე უარს იღებენ. მთავრობის განმარტებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ისეთი სახის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც არ არსებობს სახელმწიფო მიერ დევნის შიში და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იცავს.

მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული დადგენილება მიიღო. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ “უსაფრთხოდ” შეფასებული ქვეყნებიდან თავშესაფრის თაობაზე განაცხადების განხილვა შესაძლოა უფრო სწრაფად მოხდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში კი, განმცხადებელი დეპორტაციას უფრო სწრაფ ვადებში დაექვემდებაროს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში, ორივე ქვეყნიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებლების 99,9%-ს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა წელს ცდილობდა, გარკვეული უნარების მქონე იმიგრანტებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღება გაემარტივებინა. მიზანი, მუშახელის ქრონიკული დეფიციტია. მაგრამ, მიგრაცია გერმანიაში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად რჩება, რამაც ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტენატივა გერმანიისთვის“ აღმასვლას. პარტიას ძირითად პოლიტიკურ პარტიებზე მეტი მხარდაჭერა აქვს და მომავალ საყოველთაო არჩევნებში, შესაძლოა მნიშვნელოვანი მიღწევებიც მოიპოვოს.

ლტოლვილთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „Pro Asyl”-მა, მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობა უგულებელყოფს რუსეთის მიერ, ორივე ქვეყანაში სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას, რაც უსაფრთხოების მხრივ რისკებს ქმნის. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კანონის უზნაესობის შეფერხებას, ასევე „ლგბტქ+“ თემის უფლებების დარღვევას და მოლდოვაში, პრესის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებს.

როგორც „ლგბტქ+“ უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ კანონმდებლობა საქართველოს მიღებული აქვს, მაგრამ სამართალდამცავები შესაბამის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ, ჰომოფობია კი კვლავ გავრცელებულია სოციალურად კონსერვატიულ სამხრეთ კავკასიაში.

წყარო

“ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები” – პეტრე ცისკარიშვილი

სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად, მთავარი პოლიტპატიმრის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებულ მოცემულობაში – მოქმედი პრეზიდენტისა და ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირიდან პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების იმედი არ არის.

„სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად იგივე მთავარი პოლიტპატიმრის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის მეორე ასპექტიც – როდესაც ჩვენ პრეზიდენტის ვიზიტის არაკონსტიტუციურობაზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონსტიტუცია არის კობახიძის დაწერილი. ეს ტექსტი, რომელიც მათ შეადგინეს და „ქოცებმა“ მიიღეს, არის კობახიძის მიერ ფორმულირებული, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს, რომელიც ელჩებს ნიშნავს, უცხოეთში შეხვედრების გამართვა და პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ შეეძლოს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რამდენად გაუმართავი, არალოგიკურია და არასახელმწიფოებრივი ნიშნით არის სწორედ ეს ტექსტი და ფორმულირება კონსტიტუციაში, რადგან ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს იმის გაკეთებას, რაც შეუძლებელია. სინამდვილეში, ის ევროპაში თუ მოგზაურობს, „ქოცების“ საქმეს გააკეთებდა, რადგან პირდაპირ ეუბნება ევროპელებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რაც მათი გადმოსახედიდან ერთგვარი აბსურდია – რას ჰქვია ყველაფრის მიუხედავად, შენ ხარ სახელმწიფო, შენ გაქვს მთავრობა, სპეციალურად მონიჭებული რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელია და ეს არ სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სრულდება და მაინც მიგვიღეთ, ეს ერთგვარი არასაქმიანი მიდგომაც არის. ჩვენ პირიქით, უნდა გვქონდეს საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის შიგნით იყოს დემოკრატიული ცვლილებები, პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, ეს რეკომენდაციები არ არის უბრალოდ მოსანიშნი და კანონპროექტების მისაღები შემოთავაზებები რეფორმების კუთხით, ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც ითხოვს პოლიტიკური გარემოს კლიმატის ცვლილებას კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმის გატარებას, კორუფციის აღმოფხვრას, რუსეთთან მეგობრობის და სატრანზიტო დერეფნის გაჭრის და მთელი ამ სქემის პროექტის დასრულებას, ბევრ ფუნდამენტურ ევროპული ტიპის მიდგომას და რეფორმას გთხოვს 12 რეკომენდაცია.

ამ მოცემულობაში, ამ პრეზიდენტის პირობებში, ამ „ქოცური“ მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ რამე პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალოს მთავრობა და ახალმა მთავრობამ გაატაროს ის ცვლილებები და რეფორმები, რასაც ითხოვს ევროპა თავისი დემოკრატიული, ინსტიტუციური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ – The New Yorker

ამერიკულ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ (The New Yorker) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ (ავტორი – ქეით გესენი), რომელშიც სერიოზულად არის განხილული ის პოზიცია, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია როგორც უკრაინის, ასევე ამერიკულ ისტებლიშმენტში: რა არის იმისთვის საჭირო, რომ როგორმე შეჩერდეს ომი რუსეთთან მოლაპარაკების გზით. ამ პოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერს წარმოადგენს სემუელ ჩარაპი – აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენის“ (Rand Corporation) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სემუელ ჩარაპი, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზეა გაზრდილი, ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში დაინტერესდა რუსული ლიტერატურით, შემდეგ კი, ამჰერსტის კოლეჯში სწავლისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკით. ოქსფორდის უნივერსიტეტში დისერტაციის მომზადებისას იგი რამდენჯერმე მოსკოვშიც იყო და კიევშიც. როცა 2009 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო, სემუელ ჩარაპმა მუშაობა დაიწყო „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ – ვაშინგტონის ლიბერალურ ანალიტიკურ ორგანიზაციაში. იმ დროს ახალი დამთავრებული იყო რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მოახდენდა და შეხების წერტილებს მოძებნიდა. სემუელ ჩარაპმა მხარი დაუჭირა თეთრი სახლის ამ ძალისხმევას და დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა ჩამოეყალიბებინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პროგრესული კურსი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა მატულობდა.

მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტებისადმი სამხედრო მხარდაჭერის შემდეგ, 2014 წელს, სემუელ ჩარაპმა ჰარვარდელ პოლიტოლოგთან ტიმოთი კოლტონთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „აგებს ყველა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის წინა ისტორიაა განხილული. წიგნის ავტორების მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა თავისი ძალები უკრაინაში მოსინჯეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო, მაგრამ მოაქცია რა უკრაინა ისეთ სიტუაციაში, რომ კიევი იძულებული ხდებოდა ან რუსეთი აერჩია, ან დასავლეთი, ამით კრემლმა ამერიკას და ევროპას ხელი შეუწყო კონფლიქტის გაღვივებაში. საბოლოოდ კი ყველამ წააგო.

სემუელ ჩარაპის დღევანდელ პოზიციას რუსეთის მიმართ ბევრი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი მოღალატურად თვლის. იგი რუსეთის გავლენის აგენტად მიაჩნიათ. სხვათა შორის, მის მიმართ „პრორუსულობის“ ბრალდებას ისიც აძლიერებს, რომ სემუელ ჩარაპი „ვალდაის კლუბის“ ფორუმებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება ხოლმე. რუსეთში ჩატარებულ ფორუმებზე იგი, სხვა ექსპერტებთან ერთად, ხშირად უსმენდა ვლადიმერ პუტინს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკობდა. „რუსეთუმეობის“ ბრალდებებზე სემუელ ჩარაპი პასუხობს, რომ „ვალდაის კლუბის“ ფორუმებში მონაწილეობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ახლოს მისულიყო ვლადიმერ პუტინთან და გაეგო, თუ რა სურდა მას.

სემუელ ჩარაპმა კორექტულად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოხდებოდა. იგი მხოლოდ იმაში შეცდა, რომ ფიქრობდა – შეჭრის შედეგად რუსეთი ელვისებურად მიაღწევდა თავის მიზნებს და აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული „ჯაველინები“ და „სტინგერები“ კიევს რიგ მომენტებში მაინც გამოადგებოდა.

სემუელ ჩარაპი მხარს არ უჭერს მოსკოვის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ბევრ ნაბიჯს – მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას 2016 წელს და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე თავდასხმას. ამასთან, იგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მცდარია: სემუელ ჩარაპი მიუთითებს, რომ სანქციების დაწესება სასარგებლოა მაშინ, როცა მისი მოხსნის შესაძლებლობაც არსებობს და როცა დარწმუნებული ხარ, რომ სანქციადადებული ქვეყანა თავის კურსს შეცვლის. მაგრამ აშშ-ის კანონები სანქციების შესახებ, რომლებიც 2017 წლის შემდეგ იქნა მიღებული, კონგრესმენების მიერ ისეა დაწერილი, რომ პრაქტიკულად ვერცერთი პრეზიდენტი მათ ვერ გააუქმებს.

ამჟამინდელ მდგომარეობას, როცა ომს ჯერ დასასრული არ უჩანს, სემუელ ჩარაპი კიდევ ერთ შეცდომად თვლის: ჯერ ერთი, რომ მისი აზრით, არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. მეორე – „დიპლომატია უნდა განვასხვაოთ ძალოვანი ზეწოლისაგან. დიპლომატია ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმის მისაღწევად, რისიც ძალოვანი ზეწოლითაც შეიძლება“, – ამბობს სემუელ ჩარაპი და ამ მხრივ კორეის ომს იხსენებს: მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას ჯერ კიდევ 1951 წლის ივლისში მიუსხდნენ, როცა ომს დასასრული არ უჩანდა. მართალია, დავა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის დღემდე არაა მოგვარებული, მაგრამ ცეცხლი შეწყდა, საომარი მოქმედებები დასრულდა და უკვე 70 წელია კორეის ნახევარკუნძულზე ნგრევა და სიკვდილი აღარ არის.

ბევრ დასავლელ ექსპერტს აქვს არგუმენტი, რომ აშშ-სა და ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთს სტრატეგიულად დაასუსტებს. სემუელ ჩარაპი თვლის, რომ ეს მიზანი – რუსეთის დასუსტება – უკვე მიღწეულია, რაც ომის დაწყების დროს განხორციელდა. ომის გაგრძელება დასუსტებას არაფერს აღარ ამატებს, მხოლოდ დამატებით პრობლემებს უქმნის იმათ, ვისაც ამის მიღწევა უნდოდა. „სუსტი რუსეთი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არა სრულიად იზოლირებული, მსოფლიოსაგან გარიყული, გაყინული რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება“, – ციტირებს ავტორი სემუელ ჩარაპის პოზიციას.

რუსეთის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი იმაშია, რომ თუ ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები დაკმაყოფილდება, მაშინ კრემლი გადაწყვეტს, რომ მისი დამპყრობლური გეგმები მუშაობს და კიდევ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს, რაც, სემუელ ჩარაპის აზრით, სუსტი არგუმენტია და მტკიცედ დასაბუთებული არ არის. დიახ, კრიტიკოსები შეიძლება მართლები არიან, რომ რუსეთი ამბიციების მქონე სახელმწიფოა, მაგრამ ერთია ამბიციები, მეორეა – შესაძლებლობები. სემუელ ჩარაპის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს ახალი დაპყრობების ძალა და შესაძლებლობა არ აქვს.

იგი არ თვლის, რომ ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკება „ერთი-ერთზე“ უნდა აწარმოოს და უკრაინას „უნდა გადაახტეს“. პირიქით, სემუელ ჩარაპი დარწმუნებულია, რომ აშშ-მა წინასწარ მხოლოდ უკრაინასთან (ევროკავშირთან ერთად) უნდა შეათანხმოს პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოსკოვთან. ასეთი პოზიცია შეიძლება ტერიტორიულ დათმობების შესაძლებლობასაც გულისხმობდეს. „მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინამ რაღაც აუცილებლად უნდა დათმოს. უბრალოდ, შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ“, – ამბობს ამერიკელი მკვლევარი.

ბუნებრივია, ასეთი პოზიცია დღეს ძალზე არაპოპულარულია უკრაინულ საზოგადოებაში, რომელმაც კარგად იცის რუსული ოკუპაციის საშინელი რეალიები, მაგრამ სტატიის ავტორმა ქეით გესენმა მაინც მოძებნა და ესაუბრება ერთ-ერთ ყოფილ უკრაინელ ჩინოვნიკს, რომელიც იზიარებს სემუელ ჩარაპის კომპრომისულ პოზიციას და მას ანონიმურობის პირობებით ესაუბრება. ჩინოვნიკი თვლის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო განწყობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა სიკვდილის საშინელებას აბსოლუტურად ყოველი ოჯახი იგრძნობს. „ჯერ-ჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ საქმე ამისკენ მიდის“.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი „პრორუსული“ პოზიციის გამო სემუელ ჩარაპს საკმაოდ მწარედ აკრიტიკებენ და მის მიმართ დამცინავ ეპითეტებს არ იშურებენ, იგი ამბობს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას დასავლური პოლიტიკის შეცვლის მიზნით: „უკრაინის ომი თავისი სირთულის მიხედვით უმაღლესი კატეგორიის „ხანძარს“ მიეკუთვნება. მე ცეცხლმოდებული სახლის გვერდით მშვიდად ვერ გავივლი. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: ცეცხლს დროზე თუ არ ჩააქრობ, ყველაფერი ბევრად უარესად იქნება“, – ასე აყალიბებს თავის პოზიციას სემეელ ჩარაპი.

წყარო

“ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან, სკამის გარშემო სირბილია” – გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავის „ქურქუმალ ვაითით” ნამდვილად არ ჩამოუვარდება მოწინააღმდეგე ფრთას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ბაჩო დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მიდის მცდელობა ივანიშვილის მმართველობა კეზერაშვილის მმართველობით ჩანაცვლდეს და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხშირი ხსენების მიზანია, „რაიმე არ დააბრალონ”.

„ბაჩო დოლიძე ცდილობს თავის ფრთა “ქართულ ოცნებასთან” არანაკლებ მებრძოლად გამოაჩინოს, ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ხშირად ახსენებს, რომ ვინმემ რამე არ დააბრალოს. თუმცა, ფაქტია, ეს სისტემა დალპა, რადგან მუდმივად იყო ძალადობრივი, არავინ არავის აზრს არ ითვალისწინებდა, არსებობდა ერთი აზრი, ახლა ეს ერთი აზრი ორად გაიყო და ბრძოლა მიდის, რომ კეზერაშვილის ფულს დაეუფლონ. ერთმა ფრთამ ამ ბრძოლაში წააგო და ახლა ცდილობს, განცხადებებით მაინც დააბალანსოს ეს. მეორე ფრთამ ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ როგორც ერთი, ისე მეორე ფრთა ინარჩუნებს მთავარ ამოცანას – განავითაროს დესტაბილიზაციის სტრატეგია. გვარების წამოძახილი და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები არის ანტურაჟი შინაარსის, რომელიც არ იმალება. მაგრამ დღემდე ველოდებით იქნებ, რაღაც იქნებ აგროდაზღვევაზე გვითხრან, ან საპენსიო ფონდზე დემაგოგიას თავი დაანებონ და რეალურად საკითხებზე ვილაპარაკოთ ამ მთლიან შიდა პროდუქტის ზრდის შედეგად რესურსების სწორად განაწილებაზე, ან საგარეო პოლიტიკაზე ჩინეთთან იქნება ეს თუ ევროპულ ბაზრებთან. ამ თემებზე იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი და მე ვიტყოდი, თავის „ქურქუმალ ვაითით“ არ ჩამოუვარდება ნამდვილად მოწინააღმდეგე ფრთას“, – განაცხადა ვოლსკიმ.