“ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან, სკამის გარშემო სირბილია” – გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

122
spot_img

იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავის „ქურქუმალ ვაითით” ნამდვილად არ ჩამოუვარდება მოწინააღმდეგე ფრთას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ბაჩო დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მიდის მცდელობა ივანიშვილის მმართველობა კეზერაშვილის მმართველობით ჩანაცვლდეს და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხშირი ხსენების მიზანია, „რაიმე არ დააბრალონ”.

„ბაჩო დოლიძე ცდილობს თავის ფრთა “ქართულ ოცნებასთან” არანაკლებ მებრძოლად გამოაჩინოს, ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ხშირად ახსენებს, რომ ვინმემ რამე არ დააბრალოს. თუმცა, ფაქტია, ეს სისტემა დალპა, რადგან მუდმივად იყო ძალადობრივი, არავინ არავის აზრს არ ითვალისწინებდა, არსებობდა ერთი აზრი, ახლა ეს ერთი აზრი ორად გაიყო და ბრძოლა მიდის, რომ კეზერაშვილის ფულს დაეუფლონ. ერთმა ფრთამ ამ ბრძოლაში წააგო და ახლა ცდილობს, განცხადებებით მაინც დააბალანსოს ეს. მეორე ფრთამ ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ როგორც ერთი, ისე მეორე ფრთა ინარჩუნებს მთავარ ამოცანას – განავითაროს დესტაბილიზაციის სტრატეგია. გვარების წამოძახილი და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები არის ანტურაჟი შინაარსის, რომელიც არ იმალება. მაგრამ დღემდე ველოდებით იქნებ, რაღაც იქნებ აგროდაზღვევაზე გვითხრან, ან საპენსიო ფონდზე დემაგოგიას თავი დაანებონ და რეალურად საკითხებზე ვილაპარაკოთ ამ მთლიან შიდა პროდუქტის ზრდის შედეგად რესურსების სწორად განაწილებაზე, ან საგარეო პოლიტიკაზე ჩინეთთან იქნება ეს თუ ევროპულ ბაზრებთან. ამ თემებზე იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი და მე ვიტყოდი, თავის „ქურქუმალ ვაითით“ არ ჩამოუვარდება ნამდვილად მოწინააღმდეგე ფრთას“, – განაცხადა ვოლსკიმ.