“2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, არასოდეს დავტოვებ ჩემს სახელმწიფოს” – ზელენსკი

114
spot_img

ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ არჩევნები ომის დროს ჩატარდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პორტუგალიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისის“ უკრაინულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

„2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დავტოვებ ჩემს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პორტუგალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარების გარკვეული პირობები განმარტა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარება დასავლელმა პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინაში უსაფრთხოებისა და ლტოლვილებისთვის ხმის მიცემის პირობების გადაჭრა მოხდეს.

„თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა, პირველ რიგში, ხმის მიცემა სამხედროებმა შეძლონ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, ყველაფერი იყოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, როგორც ეს მოხდა არჩევნებზე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, როდესაც ყველამ თქვა, რომ ეს იყო სუფთა არჩევნები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა, რომ ხმა მისცენ კანდიდატებს. ამ თემას რუსეთიც აყენებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაბომბვის რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ობიექტებზე მყოფი ხალხი დაცული იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში.

დასავლეთის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, რომ, ომის მიუხედავად, უკრაინაში არჩევნები მაინც ჩატარდეს.