„გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა – რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“ – Reuters

86
spot_img

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა – რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“ (ავტორი – ალექსანდრე რაცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად დაასახელა. ოთხშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების შემცირება იმ ქვეყნებიდან, რომელთა წარმომადგენლებიც, მეტწილად, თავშესაფარზე უარს იღებენ. მთავრობის განმარტებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ისეთი სახის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც არ არსებობს სახელმწიფო მიერ დევნის შიში და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იცავს.

მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული დადგენილება მიიღო. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ “უსაფრთხოდ” შეფასებული ქვეყნებიდან თავშესაფრის თაობაზე განაცხადების განხილვა შესაძლოა უფრო სწრაფად მოხდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში კი, განმცხადებელი დეპორტაციას უფრო სწრაფ ვადებში დაექვემდებაროს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში, ორივე ქვეყნიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებლების 99,9%-ს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა წელს ცდილობდა, გარკვეული უნარების მქონე იმიგრანტებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღება გაემარტივებინა. მიზანი, მუშახელის ქრონიკული დეფიციტია. მაგრამ, მიგრაცია გერმანიაში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად რჩება, რამაც ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტენატივა გერმანიისთვის“ აღმასვლას. პარტიას ძირითად პოლიტიკურ პარტიებზე მეტი მხარდაჭერა აქვს და მომავალ საყოველთაო არჩევნებში, შესაძლოა მნიშვნელოვანი მიღწევებიც მოიპოვოს.

ლტოლვილთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „Pro Asyl”-მა, მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობა უგულებელყოფს რუსეთის მიერ, ორივე ქვეყანაში სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას, რაც უსაფრთხოების მხრივ რისკებს ქმნის. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კანონის უზნაესობის შეფერხებას, ასევე „ლგბტქ+“ თემის უფლებების დარღვევას და მოლდოვაში, პრესის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებს.

როგორც „ლგბტქ+“ უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ კანონმდებლობა საქართველოს მიღებული აქვს, მაგრამ სამართალდამცავები შესაბამის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ, ჰომოფობია კი კვლავ გავრცელებულია სოციალურად კონსერვატიულ სამხრეთ კავკასიაში.

წყარო