“ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები” – პეტრე ცისკარიშვილი

70
spot_img

სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად, მთავარი პოლიტპატიმრის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებულ მოცემულობაში – მოქმედი პრეზიდენტისა და ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირიდან პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების იმედი არ არის.

„სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად იგივე მთავარი პოლიტპატიმრის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის მეორე ასპექტიც – როდესაც ჩვენ პრეზიდენტის ვიზიტის არაკონსტიტუციურობაზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონსტიტუცია არის კობახიძის დაწერილი. ეს ტექსტი, რომელიც მათ შეადგინეს და „ქოცებმა“ მიიღეს, არის კობახიძის მიერ ფორმულირებული, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს, რომელიც ელჩებს ნიშნავს, უცხოეთში შეხვედრების გამართვა და პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ შეეძლოს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რამდენად გაუმართავი, არალოგიკურია და არასახელმწიფოებრივი ნიშნით არის სწორედ ეს ტექსტი და ფორმულირება კონსტიტუციაში, რადგან ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს იმის გაკეთებას, რაც შეუძლებელია. სინამდვილეში, ის ევროპაში თუ მოგზაურობს, „ქოცების“ საქმეს გააკეთებდა, რადგან პირდაპირ ეუბნება ევროპელებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რაც მათი გადმოსახედიდან ერთგვარი აბსურდია – რას ჰქვია ყველაფრის მიუხედავად, შენ ხარ სახელმწიფო, შენ გაქვს მთავრობა, სპეციალურად მონიჭებული რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელია და ეს არ სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სრულდება და მაინც მიგვიღეთ, ეს ერთგვარი არასაქმიანი მიდგომაც არის. ჩვენ პირიქით, უნდა გვქონდეს საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის შიგნით იყოს დემოკრატიული ცვლილებები, პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, ეს რეკომენდაციები არ არის უბრალოდ მოსანიშნი და კანონპროექტების მისაღები შემოთავაზებები რეფორმების კუთხით, ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც ითხოვს პოლიტიკური გარემოს კლიმატის ცვლილებას კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმის გატარებას, კორუფციის აღმოფხვრას, რუსეთთან მეგობრობის და სატრანზიტო დერეფნის გაჭრის და მთელი ამ სქემის პროექტის დასრულებას, ბევრ ფუნდამენტურ ევროპული ტიპის მიდგომას და რეფორმას გთხოვს 12 რეკომენდაცია.

ამ მოცემულობაში, ამ პრეზიდენტის პირობებში, ამ „ქოცური“ მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ რამე პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალოს მთავრობა და ახალმა მთავრობამ გაატაროს ის ცვლილებები და რეფორმები, რასაც ითხოვს ევროპა თავისი დემოკრატიული, ინსტიტუციური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.