Home Blog Page 1664

პიკს 13-14 თებერვალს მიაღწევს“, – ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ქვეყანაში ბოლო დღეებია რაც საზარელმა შემთხვევებმა იმატა. ამ მოვლენას, ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, მედიასთან ხსნის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„აქ რაშია საქმე და რასთან არის ეს დაკავშირებული. მოდი აღვნიშნოთ, რომ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას ცოტა ისეთი გაგება უნდა, აქ მოგეხსენებათ, რომ ზეგავლენაა პლანეტებისა, ასტროლოგია, სწორედ ამას გვამცნობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს სამყაროში, ისინი ქმნიან ენერგოვიბრაციულ ენერგიებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოვლენებზე. თავის დროზე, როდესაც იყო შოვის ტრაგედია, მაშინ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ცუდი და მძიმე ფორმა სავსემთვარეობისა და სავსემთვარეობა, ეს სატანური დღეა ტრადიციულად და ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თან იქ დედამიწა, ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო.

ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ახლა საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ხდება მძიმე რამ, ხვალ, შაბათს ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის შემოსვლა, ანუ დრაკონის წელიწადი ცვლის კატა, კურდღლის წელიწადს. თვითონ ეს პროცესი არ არის მსუბუქი, იმიტომ, რომ აქ ხდება სტიქიების შესვლა და ხდება ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა.

ენერგეტიკულად ძალიან რთულია. დრაკონის წელიწადი, იწყება მეცამეტე ახალმთვარეობაზე, ახალმთვარეობა, ეს არის სატანური და მძიმე დღე. მზე და მთვარე შეერთებულია და მათ შორის მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ომი. ეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აისახება. მთვარე – ადამიანში ეს არის, გამოსახულება ემოციისა. მზე – შინაგანი ბუნებისა. ამიტომ, აქ მიდის კონფლიქტი ადამიანის ემოციურ ქვეცნობიერ სამყაროსა და მის ცნობიერ, პიროვნული მეს სამყაროს შორის. ეს იწვევს არაადეკვატურ, ემოციურ გამოვლინებებს.

ახალმთვარეობაზე, ჩვენი წინაპრები წყალსაც არ უსხამდნენ მცენარეს, რადგან იცოდნენ, რომ მალე დალპებოდა მისი ფესვები, იმდენად ცუდი და ნეგატიური დღეა. პიკს ეს მიაღწევს, 13-14 თებერვალს და იქნება ყველაზე მძაფრი. ხვდება ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი. (ეს არის ნგრევის პლანეტა) ისინი შეერთებაში არიან ერთმანეთთან, გვერდიგვერდ იმყოფებიან და 13-14-ში ერთ გრადუსში დაჯდებიან. მათი შეერთება ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი, უარყოფითი, ბოროტი ენერგია მოდის დედამიწაზე. რამაც შეიძლება გამოიწვიოს,  როგორც ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება.

დაახლოებით 15 რიცხვამდე, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ემოციას“,- ამბობს  მიხეილ ცაგარელი.

„პრობლემები უკვე დაწყებულია. აქედან ას მეტრში საყანე ფართობებია და მოსავალი დაიკარგა”- სოფელ აკეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მდინარე სუფსიდან ქვიშა-ხრეშის ამოღება გააპროტესტეს. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მათი თქმით, მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, მიმდებარედ ხიდიც დაინგრა და სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ეკოლოგიურ კატასტროფაც გარდაუვალი იქნება.

„პრობლემები უკვე დაწყებულია. აქედან ას მეტრში საყანე ფართობებია და მოსავალი დაიკარგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია მდინარის დონის დაღრმავებამ. სიმინდი ვერ იღებს იმ რაოდენობის წყალს, რომელიც სჭირდება ზაფხულში. ჭებში წყალი შრება. ცენტრალური მაგისტრალი არ არის, ახლა კეთდება, მაგრამ ამ ეტაპზე წყალს დიდი მანძილიდან ვეზიდებით. მოვითხოვთ, შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვება ამ ტერიტორიაზე. ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, რომ ამ რაოდენობის ქვიშა-ხრეშის აქედან გატანა არ შეიძლება. ხუთწლიანი ლიცენზიაა კომპანიაზე გაცემული და შვიდ თვეში ნახევარზე მეტი გატანილი აქვთ. კიდევ 3 000 მანქანა ხრეში უნდა გავიდეს აქედან და მერე აქ რა უნდა დარჩეს? თუ არ შეჩერდება სამუშაოები, ძალიან ცუდად წავა საქმე. ხალხს ნერვები დაწყვეტილი აქვს. ჩვენი პრობლემები არაფრად მიაჩნიათ. უკიდურესობამდე მიდის უკვე საქმე“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ახალი ქარხანა” ახორციელებს. მისი წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან. აღნიშნულ საკითხზე  კომენტარი არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას.

აკეთის მოსახლეობამ საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც მიმართა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვიშა-ხრეშის მოპოვება კანონდარღვევით მიმდინარეობს და საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ.

ადგილობრივები მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება.

სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებები დასრულდა

სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებები დასრულდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ტერიტორია შეისწავლეს გეოლოგებმა.

შეგახსენებთ მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.

სასამართლო რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის და მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ამბობს, ჩაკეტილია და უცნაურად იქცევა.

„მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი არაფერს ამბობს. ის არის ჩაკეტილი და რაღაც უცნაურად იქცევა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მოგეხსენებათ, მე ადვოკატი ვარ და არ ვარ კომპეტენტური, რომ განვსაზღვრო რამდენად ძალადობრივია გიორგი ორველაშვილი, თუნდაც ფსიქიკურად, ამისთვის არსებობს გამოძიება, რომელსაც აქვს ვალდებულება დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დაველოდებით დასკვნა და იმის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, თუ შეურაცხადია გიორგი, მაშინ მის მიმართ დევნას შეწყვეტენ და გაამწესებენ შესაბამის სამკურნალო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, – განაცხადა ელდარ გვალიამ.

ამასთან, გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა, ლევან დოსმიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა გოგიტა ორველაშვილი 5000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

„პროკურატურა გვედავება [იარაღის] დაუდევრად შენახვას. რამდენადაც ვიცი, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით არ იყო იარაღი შენახული და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ბრალი.

ჩვენი პოზიცია და სტრატეგიაა, რომ მოხდეს გოგიტა ორველაშვილი აღკვეთი ღონისძიების, გარეშე დატოვება, ხოლო ალტერნატივის სახით სასამართლოს 5000 ლარის ოდენობით გირაოს შევთავაზებთ“, – განაცხადა ლევან დოსმიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება 10 იანვარს წარუდგინა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალია შეკრებილი

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალია შეკრებილი. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის დემონტაჟი არ მოხდეს.

მედიკოსები პირადად პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ექიმების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება.

როგორც ექიმი ნინო თათარაშვილი აღნიშნავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, ექიმებმა ღია წერილით, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც მიმართეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  7თებერვალს სქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და გამოსწორებას საჭიროებს. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.

ინფორმაციისთვის, თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

,,ბაკურიანში მსოფლიო თასის შეჯიბრი იდეალურად ჩატარდა”- კლაუს ვალდნერი

მთის განვითარების სააგენტო” (MTA) და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ერთი ოჯახია – ბაკურიანში მსოფლიო თასის შეჯიბრი იდეალურად ჩატარდა, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის.

“ბაკურიანში ღონისძიება ძალიან, ძალიან კარგად ჩატარდა. გვქონდა იდეალური შეჯიბრი. ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის. ორივეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ზამთრის სპორტის ყველა დისციპლინისთვის. MTA-თან თანამშრომლობა იდეალურია. MTA-სა და FIS-ის შორის პროფესიული თანამშრომლობა მარტივად ხორციელდება. ეს არის მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ერთად დიდი ოჯახი ვართ”,- აღნიშნა ვალდნერმა.

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებდა, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: “ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები.
მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე  რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობდა აქტიური გაწმენდითი სამუშაოები.

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული ა.მ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ამოიღეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული დ.დ., თბილისში დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, “გლოკ”- ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე ბრალდებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ხ., რომლის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ჯ.გ.-ს სამუშაო ადგილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 10 ვაზნა.

ხოლო, 1983 წელს დაბადებული გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი 2 თოფი, 733 ვაზნა და 20 მჭიდი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.

დაკავებულის – 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი, ხოლო მხილებული პირის – 1944 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, 3 მჭიდი და 87 ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი – 1978 წელს დაბადებული გ.გ., 1950 წელს დაბადებული გ.რ. და 1961 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, საგარეჯოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

პოლიციამ, 1994 წელს დაბადებული კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 62 ვაზნა ამოიღო.

1965 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია გადაჭრილი თოფი და 50 ვაზნა.

ხოლო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 38 ვაზნა ამოიღეს.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა, ხოლო, 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 20 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ამოიღეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1956 წელს დაბადებული რ.კ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 41 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში ჩართვა სამართლებრივი საკითხია”- რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილი იქცა კარიკატურად და ის, დღეს ქართულ პოლიტიკაში არის ერთ-ერთი კარიკატურული პერსონაჟი. აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

როგორც იონათამიშვილი ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში ჩართვა სამართლებრივი საკითხია.

„სააკაშვილმა თავისი ნებით დათმო იმ ქვეყნის მოქალაქეობა და პასპორტი, რომლის პრეზიდენტიც იყო. მარტო ეს ფაქტი უნდა იყოს საკმარისი, რომ ის ვეღარ ბედავდეს პოლიტიკაზე საუბარს და ქართულ პოლიტიკაში როლის მორგებას.

ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ჩართულობა ეს სამართლებრივი საკითხია, მაგრამ პოლიტიკურადაც რომ ავიღოთ, რაც მეტს ილაპარაკებს სოციალური ქსელებით, მით უკეთესია, რადგან კიდევ უფრო კარგად აჩენს არა მარტო მის საქმეს, არამედ მისი მრევლის საქმეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდს და წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ამასთან, სააკაშვილმა თქვა, რომ ის „რჩება უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ“.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

რა ვითარებაა ამ დროისთვის გზებზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ90 (ანგისა-რიყეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს – Times of Israel

თელ-ავივში, საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აიალონის გზატკეცილზე კოცონი დაანთეს და გზატკეცილის სამხრეთით მოძრაობა შეზღუდეს, სწორედ ამას მოჰყვა მომიტინგეების ნაწილის დაკავება.