ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მდინარე სუფსიდან ქვიშა-ხრეშის ამოღება გააპროტესტეს. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მათი თქმით, მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, მიმდებარედ ხიდიც დაინგრა და სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ეკოლოგიურ კატასტროფაც გარდაუვალი იქნება.
„პრობლემები უკვე დაწყებულია. აქედან ას მეტრში საყანე ფართობებია და მოსავალი დაიკარგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია მდინარის დონის დაღრმავებამ. სიმინდი ვერ იღებს იმ რაოდენობის წყალს, რომელიც სჭირდება ზაფხულში. ჭებში წყალი შრება. ცენტრალური მაგისტრალი არ არის, ახლა კეთდება, მაგრამ ამ ეტაპზე წყალს დიდი მანძილიდან ვეზიდებით. მოვითხოვთ, შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვება ამ ტერიტორიაზე. ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, რომ ამ რაოდენობის ქვიშა-ხრეშის აქედან გატანა არ შეიძლება. ხუთწლიანი ლიცენზიაა კომპანიაზე გაცემული და შვიდ თვეში ნახევარზე მეტი გატანილი აქვთ. კიდევ 3 000 მანქანა ხრეში უნდა გავიდეს აქედან და მერე აქ რა უნდა დარჩეს? თუ არ შეჩერდება სამუშაოები, ძალიან ცუდად წავა საქმე. ხალხს ნერვები დაწყვეტილი აქვს. ჩვენი პრობლემები არაფრად მიაჩნიათ. უკიდურესობამდე მიდის უკვე საქმე“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ახალი ქარხანა” ახორციელებს. მისი წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას.
აკეთის მოსახლეობამ საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც მიმართა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვიშა-ხრეშის მოპოვება კანონდარღვევით მიმდინარეობს და საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ.
ადგილობრივები მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება.