სასამართლო რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

40
spot_img

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის და მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ამბობს, ჩაკეტილია და უცნაურად იქცევა.

„მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი არაფერს ამბობს. ის არის ჩაკეტილი და რაღაც უცნაურად იქცევა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მოგეხსენებათ, მე ადვოკატი ვარ და არ ვარ კომპეტენტური, რომ განვსაზღვრო რამდენად ძალადობრივია გიორგი ორველაშვილი, თუნდაც ფსიქიკურად, ამისთვის არსებობს გამოძიება, რომელსაც აქვს ვალდებულება დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დაველოდებით დასკვნა და იმის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, თუ შეურაცხადია გიორგი, მაშინ მის მიმართ დევნას შეწყვეტენ და გაამწესებენ შესაბამის სამკურნალო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, – განაცხადა ელდარ გვალიამ.

ამასთან, გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა, ლევან დოსმიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა გოგიტა ორველაშვილი 5000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

„პროკურატურა გვედავება [იარაღის] დაუდევრად შენახვას. რამდენადაც ვიცი, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით არ იყო იარაღი შენახული და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ბრალი.

ჩვენი პოზიცია და სტრატეგიაა, რომ მოხდეს გოგიტა ორველაშვილი აღკვეთი ღონისძიების, გარეშე დატოვება, ხოლო ალტერნატივის სახით სასამართლოს 5000 ლარის ოდენობით გირაოს შევთავაზებთ“, – განაცხადა ლევან დოსმიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება 10 იანვარს წარუდგინა.