Home Blog Page 282

“განეიტრალებულია სომხური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა”

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან თოუზის რაიონის ასრიკის დასახლების მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე უპილოტო საფრენი აპარატით სადაზვერვო ფრენის განხორციელება სცადეს. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების სიფხიზლის წყალობით, აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით განეიტრალდა“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

“ევროკავშირის მხრიდან დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია” – დავით ქართველიშვილი

ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ადეიშვილთან, კრიმინალთან შეხვედრების ნორმალიზებისა და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ქართველიშვილის თქმით, ევროკავშირის აზრით, „მეორე-მესამე კატეგორიას“ მიკუთვნილ ქვეყნების აპელირება საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციისადმი – არ უნდა აღემატებოდეს ამ მცნებებზე დასავლეთის დისკრეციულ შეხედულებებს.

„როდესაც დასავლეთმა თავისი 9 რეკომენდაცია: „ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე” მითითებით დაიწყო, ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა – რას გულისხმობენ ამ ბუნდოვან ჩანაწერში. თუმცა, პასუხმაც არ დააყოვნა… ევროკავშირის აზრით, “მეორე-მესამე კატეგორიას” მიკუთვნილ ქვეყნების აპელირება საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციისადმი – არ უნდა აღემატებოდეს ამ მცნებებზე დასავლეთის დისკრეციულ შეხედულებებს. მაგალითად, ჩვენი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არა აქვს უპირატესი ადგილი, დასავლეთის მხრიდან ჩვენი მსჯავრდადებულების შესახებ საკუთარ ექსკლუზიურ შეხედულებებთან შედარებით.

ხოლო, თუ ვინმე ამის გამო აღშფოთებას თუ კრიტიკას გამოხატავს – იხილე პირველი რეკომენდაცია: “ნუ ავრცელებ დეზინფორმაციას ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე”. ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის „შესაფერისი ადგილის“ მიჩენა.

ამის ნათელი მაგალითია, აგენტოკრატების მიერ ნაცების მესამე პრეზიდენტ ზურაბიშვილის წაქეზება და წახალისება, არ შეიმჩნიოს საქართველოს კონსტიტუცია და საკუთარი უპირატესი ანგარიშგების ვალდებულება მათ მიანიჭოს. ასე რომ ქართული კინოშედევრის ეპიზოდი: „კაცი ვარ, თუ პრობკა“ – როგორც არასდროს აქტუალურია დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების წინაშე“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანდების ინიციატივით გამოდის

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანდების რეკომენდაციით გამოდის.

მოკვლევის ჯგუფის შეფასებით, ამ ორი დარგის გაერთიანება მიზანშეწონილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა მდგომარეობის ეფექტიანად მართვისთვის.

გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა კონტაქტის პრობლემას ქმნის, არის ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროების და შესაბამისად, მათთან დაკავშირებული მკურნალობის მეთოდების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

“მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულმა წერილობითმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 30 წელია, ქვეყანაში ფსიქიატრია და ნარკოლოგია ხელოვნურად ორ დარგად არის გამიჯნული. ეს მოცემულობა საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება და მხოლოდ საქართველოსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დამკვიდრებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სერტიფიცირებულ ფსიქიატრებს არ აქვთ უფლება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარებით გამოწვეულ ფსიქოზურ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობებს უმკურნალონ, ხოლო ნარკოლოგებს არ აქვთ უფლება, არანებაყოფლობით უმკურნალონ ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს. შესაბამისად, ასეთი პაციენტები მომსახურების გარეშე რჩებიან, მათი ქცევა კი უმეტესად რისკის შემცველია, როგორც თავად პაციენტისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

სერვისპროვაიდერებმა ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგების გამიჯვნით გამოწვეულ პრობლემაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტის არსებობა ჯანდაცვის სისტემას გამოწვევას უქმნის: – ერთი მხრივ, პრობლემაა პაციენტის მიღება ორმაგი დიაგნოზის მიხედვით; მეორე მხრივ კი, ვერ ხერხდება მკურნალობის ერთიანი სქემით წარმართვა და პაციენტები ხშირად რომელიმე სერვისის არჩევანის წინაშე დგანან“, – ნათქვამია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში.

“ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯონ” – ანჯეი დუდა

ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თეთრ სახლში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მსურს შეთავაზება გავაკეთო და ამის შესახებ მოკავშირეებთან და [იენს] სტოლტენბერგთანაც ვისაუბრებ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2% კი არ დახარჯონ, არამედ 3% და ეს ლიმიტი იყოს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

დუდამ აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები თავდაცვას გააძლიერებენ, მაშინ ძლიერ ალიანსზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს.

ცნობისთვის, ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12 მარტს თეთრ სახლს ეწვევიან.

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – ,,კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი”, ,,ალფა პვპ”, “მეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობა და მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი „ნაცების“ საქმეს აკეთებენ” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოც ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, მიზანი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულიყო ზეწოლა, რათა გადამდგარიყო და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცესკო.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს მაშველ რგოლად ევლინება. მისივე თქმით, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.

„ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან. თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო. ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ეს მიზანი რომ იქნებ რამენაირად შემოტრიალდეს, ამისთვის ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში ისინი ნაცები საქმეს აკეთებენ ამით. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავდროულად მავნებლურ გეგმას, ერთი მხრივ დააბულინგოს კალანდარიშვილი რომ გადადგეს და მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ მას არ მივცემთ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ვინ აპირებენ ჩემს შემოწმებას, ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?” – შალვა თადუმაძე

ე.წ. ვეტინგი ჩემ მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომლებიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე შალვა თადუმაძე აცხადებს.

როგორც თადუმაძე აცხადებს, ვინ აპირებენ მის შემოწმებას, „ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?“

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდოექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს. რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაქვს 23-წლიანი, უწყვეტი იურიდიული პრაქტიკა. აქედან, 12 წელი კერძო სექტორში ვმუშაობდი და მიჩნეული ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატად; ხოლო ბოლო 11 წლის განმავლობაში, დღემდე სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია“, – აცხადებს შალვა თადუმაძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9068 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8949 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„წყალში გადაყრილი ფული?“ – The Independent

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყოველწლიურად რომში მდებარე ტრევის შადრევანში მილიონობით ევრო იყრება. რას ხმარდება „წყალში გადაყრილი ფული?“ (ავტორი – გულელმო მანჯაპანე, კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ასეული წლების განმავლობაში, როცა რომში, ტრევის შადრევანთან მნახველები მიდიან, ლეგენდარული რიტუალის თანახმად, სურვილის ასრულების მიზნით, წყალში ფულს ყრიან.

მაგრამ ამ დროს ცოტა თუ ვინმე დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენი გროვდება „წყალში გადაყრილი ფული“.
რამდენადაც მონეტები მნახველთა სურვილებს გამოხატავენ სიყვარულზე, ჯანმრთელობაზე ან მარადიულ ქალაქში ისევ დაბრუნებაზე, ისინი თავიანთი ნატვრით პრაქტიკულ დახმარებას უწევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში, ალბათ, არასოდეს არ შეხვდებიან.

რასაკვირველია, დროდადრო შადრევნის აუზის მონეტებისგან გაწმენდა ხდება და სანამ ფულს მსოფლიო კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) რომის განყოფილებას ჩააბარებდნენ, მანამ მათ კარგად რეცხავენ და აშრობენ, შემდეგ თვლიან, ვედროებს ავსებენ და მიაქვთ. „კარიტასი“ ამ ხურდა ფულს იყენებს სურსათის შესასყიდად, უფასო სასადილოებისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

2023 წელს „კარიტასმა“ შადრევნის აუზიდან 1,4 მილიონი ევრო (ანუ 1,52 მილიონი დოლარი) შეკრიბა და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტს შეკრებს: რომს ხომ მნახველთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია – გასულ წელს იტალიის დედაქალაქი 21 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.

მონეტების ამოღება საკმაოდ მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს – როცა ქალაქის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, ბაროკოს სტილით აგებული შადრევანში წყალს წყვეტენ, აუზში ჩადიან და გრძელტარიანი ცოცხებით ფულის შეგროვებას იწყებენ.

შადრევანთან გაკეთებულია წარწერა, რომ ფული ქველმოქმედებაზე დაიხარჯება, რაც ტურისტებისათვის ძალზე სასიამოვნოა. ისინი ამ ღირსშესანიშნაობასთან პოზირებენ და ფოტოსურათებს იღებენ.

„მე ისეთი სურვილი ჩავიფიქრე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – ამბობს იულა კოული ბრაზილიიდან, როცა მონეტა გადააგდო, – „ჩემთვის ისიც სასიამოვნოა, რომ ეს მონეტა იქ არ დარჩება და გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდება, მათი სურვილის შესრულებაში დაიხარჯება“.

დღისით და ღამით ადამიანთა ჯგუფები შადრევნის ირგვლივ იკრიბებიან. ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ აუზისაკენ ზურგით დადგებით და მონეტას მარჯვენა ხელით შადრევანში მარცხენა მხარზე გადაიგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნებით. ტურისტები წყალში გადაყრის მონეტებს საკუთარ სურვილებსაც თან ატანენ.

„მე მონეტის გადაგდებისას სურვილი ჩავითქვი, რომ ჩემს სიყვარულს ვიპოვი და, რა თქმა უნდა, ისევ აქ დავბრუნდები“, – ამბობს ქეროლი ჩილედან.

ტრევის შადრევანი 1762 წელს არის აშენებული და რომის ცენტრს – პალაცო პოლის – ამშვენებს ტრიტონების ქანდაკებით, რომლებიც წყლის ღმერთის ოკეანიუსის ეტლში არიან შებმულნი, რაც წყლის „მოთვინიერების“ თემის ილუსტრირებას წარმოადგენს.

სწორედ აქ გადაიღო 1960 წელს იტალიელმა კინორეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თავისი ცნობილი ფილმი „ტკბილი ცხოვრება“, სადაც მსახიობი ანიტა ექსბერგი შუაღამისას შედის შადრევანში და თან მარჩელო მასტროიანს იწვევს. ალბათ, ბევრს აქვს ნანახი კიდევ ერთი ფილმი „რომაული არდადეგები“, რომელშიც ტრევის შადრევანია ასახული.

დღეს შადრევანში შესვლა აკრძალულია და თუ ტურისტი წესს დაარღვევს, მას ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ფრანჩესკო პრისკოს, კომუნალური სამსახურის მენეჯერის თქმით, ფულს კვირაში ორჯერ ოთხი მუშა აგროვებს. თვეში ორჯერ შადრევანში წყალი იკეტება, ჩაყრილ მონეტებს აგროვებენ და აუზს ასუფთავებენ. „მონეტების შეგროვებისა და შადრევნის დასუფთავების ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად ხორციელდება. ვცდილობთ, რომ მისი გაჩერება ხანმოკლე იყოს“, – განმარტავს მენეჯერი.

შადრევნის აუზიდან არამარტო მონეტები ამოაქვთ: არცთუ იშვიათად პოულობენ იუველურ სამკაულებს, მედლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის პროთეზებსა და კიდევ სხვა ნივთებს. მართალია, შადრევანთან არის წარწერა, რომ მონეტები არ მოიპარონ, მაგრამ ქურდობის მცდელობა ათეულობით წლებია გრძელდება – ზოგიერთები მაგნიტის გამოყენებით მონეტების შეგროვებას ცდილობენ.

რომის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს „კარიტასის“ სუპერმარკეტი სახელწოდებით „ემპორიუმი“, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს სურსათი ურიგდებათ შესაბამისი ბარათების ან ჟეტონების წარდგენის შემდეგ.

„მე მჭედელი ვიყავი, მაგრამ შემდეგ სამუშაო დავკარგე, ხშირად ავად ვარ და ამიტომ სამსახურს ვერ ვპოულობ. საბედნიეროდ, არსებობს ასეთი ადგილები, როგორიც ეს სავაჭრო ცენტრია“, – მეუბნება დომენიკო.

„ემპორიუმის“ კიდევ ერთი მომხმარებელი, სახელად ლუიჯი, აღნიშნავს, რომ იგი მშენებელი იყო, მაგრამ შემდეგ უმუშევარი გახდა. მისი თქმით, „კარგია, რომ ასეთ სავაჭრო ცენტრებში გაჭირვებულებს კონკრეტულ დახმარებას უწევენ“.

ვბრუნდები შადრევანთან, სადაც ტურისტები ფულს ყრიან. „მე მითხრეს, რომ თუ ორ მონეტას გადავაგდებ, ჩემი ორი სურვილი ასრულდება. აი, სწორედ ამიტომაც ორი მონეტა გადავაგდე“, – მეუბნება ჩინელი ტურისტი იუ ტანი.

წყარო

“წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვებოდა, გერმანიის მიერ გასამართლებული პირი საქართველოში, ოფიციალურ შეხვედრებზე რომ ყოფილიყო – ზუსტად იგივე რეაქცია გვქონდა ჩვენც!”

წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი გაუგებრობა იქნებოდა და რა რეაქცია მოჰყვებოდა, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის, მაგალითად გერმანიის მიერ გასამართლებული და ძებნილი პირი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებზე რომ ყოფილიყო – ზუსტად იგივე რეაქცია გვქონდა ჩვენც! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას “მიუღებელი“ და “დაუშვებელი“ უწოდა.

თალაკვაძის თქმით, მეგობრობა ორმხრივია, ხოლო სამართლისა და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფ უკრაინას, რომელსაც მძიმე გამოწვევები აქვს, საერთაშორისო არენაზე ისეთი ადამიანები წარმოადგენენ, როგორიცაა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი – ადამიანი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულებზე არის ბრალდებული და მსჯავრდებული. რა უნდა მოუტანონ კარგი უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს – ეს ნამდვილად გაუგებარია.

მეგობრობა ორმხრივია, ხოლო სამართლისა და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი. არ შეიძლება, ის, რაც მიუღებელი იქნებოდა საქართველოს შემთხვევაში, მისაღები იყოს სხვა, მეგობარი ქვეყნის შემთხვევაში. ადეიშვილი არის ძებნილი და გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს მიერ და ევროკავშირის სივრცეში მისი ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩენა დაუშვებელია.

დაშვებული იყო შეცდომა და სჯობს, ამას სახელი დროულად დაერქვას და ითქვას, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ნატო-ს მოკავშირეების დროშების გვერდით ალიანსის 32-ე წევრის, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ.

„ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ, ასევე, ამაყები. ვიცით, რომ შვედეთის მიმართ მოლოდინი დიდია, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვაქვს დიდი მოლოდინი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობას და რისკებს“, – განუცხადა ულფ კრისტერსონმა ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.

„წითელ ზღვაში გემებზე მომხდარმა ჰუსიტთა თავდასხმებმა რუსეთის რკინიგზებით აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანაზე მოთხოვნა გაზარდა“- Financial Times

ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „წითელ ზღვაში გემებზე მომხდარმა ჰუსიტთა თავდასხმებმა რუსეთის რკინიგზებით აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანაზე მოთხოვნა გაზარდა“ (ავტორი – რობერტ რაიტი). მასალაში აღნიშნულია, რომ წითელი ზღვიდან სუეცის არხისაკენ საზღვაო მარშრუტზე საფრთხის მატების გამო კრემლი მეტ შემოსავალს მიიღებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ლოჯისტიკური კომპანიების და რკინიგზის ტრანსპორტის ოპერატორების მონაცემებით, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო მკვეთრად იმატა მოთხოვნებმა ტვირთების აზიიდან ევროპაში გადასატანად რუსეთის ტერიტორიის გავლით, რამაც, თავის მხრივ, რუსული სატრანსპორტო მონოპოლისტის – სახელმწიფო რკინიგზის – შემოსავლების მატება გამოიწვია.

გერმანული ლოჯისტიკური კომპანიის DHL-ის ცნობით, ტვირთების გადატანის თხოვნებმა რუსეთის რკინიგზით დაახლოებით 40%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც საზღვაო კონტეინერმზიდებმა, კრიზისული წითელი ზღვისა და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო უსაფრთხო, მაგრამ უფრო შორი მარშრუტით ცურვა ამჯობინეს. კიდევ ერთი კომპანიის – ნიდერლანდური Rail Bridge Cargo მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები რუსეთის ტერიტორიის ტრანზიტით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.

ლოჯისტიკურმა ფირმებმა ახლებურად შეხედეს რუსული ტრანზიტის შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა სატრანსპორტო კომპანიებმა აზიიდან ევროპისაკენ გასაგზავნი ტვირთები სუეცის არხის ნაცვლად, კეთილი იმედის კონცხისაკენ მიმართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში შესულ სავაჭრო გემებზე ნადირობა დაიწყეს – პალესტინელების (ღაზას სექტორში) მხარდაჭერის მოტივით.

შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, ჩინეთიდან ჩრდილოეთ ევროპამდე („კარიდან კარამდე“) ტვირთის მიტანის დრო 7-10 დღიდან 50-55 დღემდე გაიზარდა. რუსეთის რკინიგზით ჩინეთიდან (ქალაქ ჩენდუდან) დუისბურგამდე (გერმანია) კი, DHL-ის ცნობით, ტვირთის მიტანის დრო 20-25 დღეს შეადგენს. თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის რკინიგზებით ისეთი ტვირთები არ გადაიზიდება, რომლებიც სანქციებით არის აკრძალული, უკრაინის ომის გამო. „ჩვენ მკაცრ საექსპორტო კონტროლს ვახორციელებთ, სანქციებისა და ემბარგოს თანახმად“, – ხაზი გაუსვეს DHL-ში.

როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გამოუცხადა, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსულ სარკინიგზო მარშრუტს თავი აარიდეს. შესაბამისად, ყოველთვიურმა სატვირთო გადაზიდვებმა მნიშვნელოვნად მოიკლო და იმის ნახევარს შეადგენს, რაც ომის წინ იყო.

რუსეთის ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზები“ („რჟდ“ – „როსსიისკიე ჟელეზნიე დოროგი“) სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს და რკინიგზების ფართო ქსელს ფლობს. ბუნებრივია, „რჟდ“ის ხელმძღვანელობას კრემლთან ახლო კავშირები აქვს. და მაინც, შექმნილი სიტუაციამ დასავლური კომპანიები აიძულა, რომ რუსული რკინიგზის სამსახურით ესარგებლათ.

როგორც მაიკლ ოდველი, კომპანია Kuehne & Nagel-ის საზღვაო ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, „რუსული მარშრუტით განსაკუთრებით ფასიანი ტვირთების გადატანა ყოველთვის პოპულარული იყო“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ Kuehne & Nagel-მა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. რუსულ მარშრუტზე უარი განაცხადა.

აზიიდან ევროპისაკენ რკინიგზით ტვირთი „დასავლური დერეფნით“ გადაიზიდება – „ჩინეთიდან ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის გავლით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. „ჩრდილოეთი მარშრიტიც“ – ჩინეთიდან მონღოლეთის, შემდეგ კი ისევ რუსეთისა და ბელარუსის გავლით.

ზოგიერთი ლოჯისტიკური კომპანია ტვირთების მფლობელებს „სამხრეთის მარშრუტს“ სთავაზობს, რომელიც გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის, [საქართველოს] და თურქეთის გავლით, ევროპისაკენ მიემართება. მაგრამ ეს მარშრუტი ითვალისწინებს კასპიის ზღვაზე საბორნო გადატანას, რაც დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე საზღვაო კონტეინერმზიდი გემებით ჩინეთსა და ევროპას შორის.

გასული წლის სექტემბერში დანიურმა კომპანიამ Maersk-მა თავის კლიენტებს ევროპიდან აზიაში ტვირთების გადაზიდვა საქართველოს შავი ზღვის ფოთის ნავსადგურისაკენ შესთავაზა, იქიდან კი ყაზახეთისა გავლით ჩინეთისაკენ, ანუ „სამხრეთის მარშრუტის“ გამოყენებით.

ცნობისათვის: ევროკავშირის სანქციების თანახმად, ტვირთების გადატანა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ავტომობილებით აკრძალულია, მაგრამ დაშვებულია რკინიგზით. 2024 წლის იანვარში რუსეთის რკინიგზებით ჩინეთიდან პოლონეთში 14 532 ერთეული კონტეინერი (TEU) იქნა გადატანილი. მართალია, ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით მეტია 2023 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ მაინცდამაინც ბევრი არ არის. შევადაროთ: ერთ თანამედროვე დიდ საზღვაო კონტეინერმზიდ გემს 24 000 კონტეინერის გადატანა შეუძლია.

წყარო