ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ადეიშვილთან, კრიმინალთან შეხვედრების ნორმალიზებისა და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ქართველიშვილის თქმით, ევროკავშირის აზრით, „მეორე-მესამე კატეგორიას“ მიკუთვნილ ქვეყნების აპელირება საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციისადმი – არ უნდა აღემატებოდეს ამ მცნებებზე დასავლეთის დისკრეციულ შეხედულებებს.
„როდესაც დასავლეთმა თავისი 9 რეკომენდაცია: „ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე” მითითებით დაიწყო, ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა – რას გულისხმობენ ამ ბუნდოვან ჩანაწერში. თუმცა, პასუხმაც არ დააყოვნა… ევროკავშირის აზრით, “მეორე-მესამე კატეგორიას” მიკუთვნილ ქვეყნების აპელირება საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციისადმი – არ უნდა აღემატებოდეს ამ მცნებებზე დასავლეთის დისკრეციულ შეხედულებებს. მაგალითად, ჩვენი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არა აქვს უპირატესი ადგილი, დასავლეთის მხრიდან ჩვენი მსჯავრდადებულების შესახებ საკუთარ ექსკლუზიურ შეხედულებებთან შედარებით.
ხოლო, თუ ვინმე ამის გამო აღშფოთებას თუ კრიტიკას გამოხატავს – იხილე პირველი რეკომენდაცია: “ნუ ავრცელებ დეზინფორმაციას ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე”. ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის „შესაფერისი ადგილის“ მიჩენა.
ამის ნათელი მაგალითია, აგენტოკრატების მიერ ნაცების მესამე პრეზიდენტ ზურაბიშვილის წაქეზება და წახალისება, არ შეიმჩნიოს საქართველოს კონსტიტუცია და საკუთარი უპირატესი ანგარიშგების ვალდებულება მათ მიანიჭოს. ასე რომ ქართული კინოშედევრის ეპიზოდი: „კაცი ვარ, თუ პრობკა“ – როგორც არასდროს აქტუალურია დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების წინაშე“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.