Home Blog Page 2546

,,ამას ჰქვია მტრობა” – ირაკლი ლატარია

„ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საქართველოს წევრობა – ევროკავშირში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ხელს უშლის საქართველოს, რათა არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანი არიან – საქართველოს მტრები”, – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ.

როგორც ლატარია აღნიშნავს, პრემიერი დილიდან საღამომდე იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ეს ნაძირლები აქვეყნებენ 2021 წლის Fake ჩანაწერებს…(არც შინაარსი მაინტერესებს და არც სხვა ბევრი რამ), რადგანაც ევროკავშირში უნდა შევიდეს საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პარტია.

„ჩემს ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საქართველოს წევრობა – ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ შ ი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ხელს უშლის საქართველოს რათა არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ყველანი არიან – საქართველოს მტრები…. ვგიჟდები რა, მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის პრემიერი დადის კარდაკარ და ევროპულ სახელმწიფოებში ჩემს სამშობლოს იცავს კბილებით და ყველას აცნობებს იმ გზას და იმ პერსპექტივებს რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია და ამ დროს, პარალელურად, მავანნი 2021 წლის რაღაც ჩანაწერებს აქვეყნებენ (რომელიც დარწმუნებული ვარ რომ არის Fake) – ამას ჰქვია მტრობა. ,,ქართული ოცნება” არის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ძალა და პრემიერის სახით, ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ყველას ანახებს რომ ჩვენ ვართ იმ დიდი ოჯახის წევრები რასაც ჰქვია ევროპა, უბრალოდ ამისთვის საჭიროა რომ ევროპამაც რაღაცები დაინახოს…. ნერვები მაქვს წკიპზე , ასე რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა, რომ 24 საათი ცდილობთ გვავნოთ ყველას და საქართველოს შეუქმნათ პრობლემა და ევროკავშირის სტატუსიც კი არ მოგვცენ… აზრზე ხართ რამხელა სიბოროტესთან და როგორ ქართულმოძულე ხალხთან გვაქვს საქმე?

– პრემიერი დილიდან საღამომდე იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ნაძირლები აქვეყნებენ 2021 წლის Fake ჩანაწერებს…(არც შინაარსი მაინტერესებს და არც სხვა ბევრი რამ), რადგანაც ევროკავშირში უნდა შევიდეს საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პარტია – ეს ქვეყანა არის ჩვენი, ხელისუფლება კი ყოველთვის იცვლება და ამიტომაც ვარ ასეთი თამამი განცხადებებში, რომელსაც ბოლოჯერ ვიმეორებ: …… საქართველოს ეკუთვნის იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რაც მთავარია, ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ და ეს როდის ხდება? მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს ქართული ოცნება ! ეს ყველაფერი არის ფაქტი, სხვა დანარჩენი კი – ლირიკაა… ფუ, მიმიფურთხებია თქვენი ქართველობისთვის, 24 საათი იბრძვით იმისთვის, რომ ევროპამ უარი გვითხრას და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ხართ თქვენ, მოსკოვიდან ხელფასს აღებული ლიაკა და მისნაირი შპანა – მოღალატეებო, ქართველთმოძულენო, აუცილებლად, აუცილებლად ყველას მოგეთხოვებათ.. ჩემი შვილი აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი შვილების თაობამ გაიგოს, თუ ვინ ცდილობდა საქართველოსთვის ხელი შეეშალათ იმ ოჯახში დაბრუნებისთვის, რასაც ე ვ რ ო პ ა ჰქვია…”- წერს ირაკლი ლატარია ფეისბუკზე.

,,ღარიბაშვილი ბრიუსელშია, ნაცპროპაგანდა კი “კაგებეშნიკური” მეთოდებით ცდილობს თემის გადაფარვას”- აბაშიძე

„გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, გაერთიანებას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით“, – ამის შესახებ ნათქვამია უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში, რომელიც გერმანიის კანცლერმა, საგარეო, ფინანსთა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად წარმოადგინა.

გერმანიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული.

,,ტურაშვილის რუსული წიგნი დღემდე წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში”- ნიკოლეიშვილი

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის ცნობილი რომანი „ტიბეტი არ არის შორს“ 2021 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2022 წლის 21 თებერვალს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომიც არ აღმოჩნდა საკმარისი საბაბი იმისათვის რომ წიგნი ავტორსა და გამომცემლობას გაყიდვიდან ამოეღო. ტურაშვილის რუსული წიგნი დღემდე წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში“, – დასძენს ლევან ნიკოლეიშვილი

პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საჭიროა მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა, იქნება ეს სახელმწიფოსგან, თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, დავაჯილდოო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა. ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი, დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება.

თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება, იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე, გისურვოთ წინსვლა და წარმატება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავსი მხრივ, ანა გოგუაძემ საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე“,- განაცხადა ანა გოგუაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

” კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო”-შარლ მიშელი

ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის“, – წერს შარლ მიშელი.

“როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში მისულმა ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა საპროტესტო ბანერი გადმოფინა.

„რაც უფრო მეტ და უფრო ამაზრზენ იმის მსგავს პერფორმანს-პროვოკაციებს მოაწყობენ, რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, მით უფრო მეტ წითელ ხაზებს გაავლებენ დანარჩენ საზოგადოებასთან და ჩაიხარშებიან თავიანთ ბინძურ ქვაბში. შშმ ბავშვის დედობა არაა ინდულგენცია. როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ქალი ნაცაქტივისტი აღმოჩნდა. რატომ აწვებიან ასე რუბლების თემას და აფრიალებენ წინ და უკან, იმიტომ რომ სურთ ამით მაინც გადაფარონ მათი ერთ-ერთი ლიდერისთვის რუსეთიდან მომდინარე რუბლების უშრეტი წყარო. მეორე მხრივ, სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან აგრესია და მგონი დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სუს-ის ინფორმაციით, ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

“ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუს”-პრემიერი

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6153 ლარი ეღირება, ევრო – 2.8261 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3078 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ღირდა, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2748 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 ივნისს ამოქმედდება.

რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე – Shanghai Daily

ჩინეთის ქალაქ შანხაის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „შანჰაი დეილში“ (Shanghai Daily) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე“ (ავტორები – მიაო ჟენუანი და სიუ ვეი), რომელშიც განხილულია რეჟისორ ოლღა ბიჩკოვას მიერ გადაღებული რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის „ნინას“ დებიუტი 12 ივნისს, შანხაის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი საკონკურსო პრემიის „ოქროს თასის“ მოსაპოვებლად („ნინა“ ფილმის საერთაშორისო სახელია, მას აქვს ქართული დასახელებაც – „ჯონჯოლი“).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ფილმის შინაარსი:

ნინა 30 წლის ქალია, იგი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს მოსკოვში, ჰყავს მზრუნველი და ოჯახის მოამაგე ქმარი, ასევე ზრდის მცირეწლოვან ვაჟს და აქვს სამუშაო, რომელიც მას ძალიან მოსწონს. და ამ დროს გაისმის ტელეფონის ზარი თბილისში მცხოვრები ყოფილი შეყვარებულისაგან – რუსლანისაგან, რომელიც მძიმედ არის ავად. სწორედ ეს ზარი ანგრევს ნინას მშვიდ ცხოვრებას. რუსლანი სთხოვს მას, რომ თბილისში ჩავიდეს, სადაც ისინი ადრე ერთად ცხოვრობდნენ და დაეხმაროს. ნინა იღებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილებას, იგი ფიქრობს, რომ უკან მალე დაბრუნდება, მაგრამ ბედი სხვაგვარად განსჯის: ორივეს ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რაც საბოლოოდ ტრაგიკული ფინალით მთავრდება.

რუსი მსახიობი იულია პერესილდი ასრულებს ნინას – მგრძნობიარე და დაუცველი ქალის როლს. შანხაელმა მაყურებელმა იულიას მიერ განსახიერებული ნინას – როგორც რბილი ხასიათის და იმავდროულად სიცოცხლისმოყვარული მკაცრი ადამიანის – როლი მაღალ დონეზე შეაფასა.

„რაც შეეხება ნინას, მას იმედი აქვს, რომ სიყვარულის გრძნობას შეინარჩუნებს, მაგრამ ამისთვის ქალი ძალიან მაღალ ფასს იხდის“, – ამბობს 38 წლის ცნობილი რუსი მსახიობი იულია პერესილდი, რომელსაც უკვე ათობით როლი აქვს შესრულებული კინოსა და სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის იმ ფილმშიც, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზეა გადაღებული, რეალურ სიტუაციაში.

ფილმის პროდიუსერის ეკატერინა ფილიპოვას თქმით, რეჟისორ ოქსანა ბიჩკოვასათვის ნინას პერსონაჟი თავის პირად აზრებს და კონცეფციას განასახიერებს, ხოლო მთავარი გმირის პროტოტიპი ნამდვილად არსებული ადამიანი გახლავთ, მის თავს გადახდენილი ისტორიით.

„რეჟისორს ამ ისტორიით სურს აჩვენოს მაყურებელს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ არცთუ იშვიათად, არჩევანის გაკეთების შედეგად შესაბამისი ძვირი ფასის გადახდაც გვიწევს“, – აღნიშნავს იულია პერესილდი გაზეთ „შანჰაი დეილის“ კორესპონდენტებთან საუბრის დროს.

წყარო

„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – რა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს კახოვკის ჰესის აფეთქება

„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – ასე აფასებენ ექსპერტები უკრაინაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის ფაქტს, რომლის აფეთქებაც, 6 ივნისის ღამეს, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ტერაქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, ექსპერტები ხელოვნური კატასტროფის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

კატასტროფის შედეგად, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში, ჯამში დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , – ამ ინფორმაციას კი, მედიასაშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 – ერთ კვირაში“, – განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს. დაბინძურება უზარმაზარია – ნიტრატები, ფოსფატები, ნავთობპროდუქტები. იმის გამო, რომ წყალმა ცხოველთა დიდი რაოდენობა გაანადგურა, არსებობს წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საშიშროებაც.

რა საფრთხის შემცველია კაშხლის აფეთქების შედეგად არსებული მდგომარეობა და რას უნდა ველოდეთ მომავალში? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ ეკოლოგ კახა ბახტაძეს ესაუბრა.

როგორც ეკოლოგმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, შავ ზღვაში საკმაოდ დიდი მოცულობის წყალი ჩავიდა, რამაც, წყლის გამტკნარება გამოიწვია.

„ეს გახლავთ დაახლოებით 18-20 კუბური კილომეტრი წყლის მოცულობა. აქედან გამომდინარე, ცხადია, უკრაინის სანაპირო ზოლში გარკვეული ეკოლოგიური ცვლილებები იქნება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკითხი მომავალში აუცილებლად დაბალანსდება“, – აცხადებს ის.

ეკოლოგის განმარტებით, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება წყლის დაბინძურების საკითხს უნდა მივაქციოთ.

„წყლის დაბინძურების შესახებ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე გადის ფრონტის ხაზი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი რაოდენობის საბრძოლო-სამხედრო მასალა იყო თავმოყრილი. ის, თუ რა ტიპის მასალაა და რას გამოიწვევს მომავალში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, რეალური შანსი, რომ სახიფათო ნარჩენებით დაბინძურდეს წყალი, ნამდვილად არსებობს. მოგეხსენებათ, შემდეგ ამ დაბინძურებული წყლის ჩადინება ხდება შავ ზღვაში, რაც კიდევ ახალ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაიტბორა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაახლოებით 350 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და აქაც, ძალიან აქტიურად მოხდა ნიადაგის დაბინძურება“, – განაცხადა კახა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ არც იმის შესახებ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კიდევ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ეს იყო უკრაინის დასახლებული პუნქტი, მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; იქ აუცილებლად იქნებოდა სასუქები და ის პრეპარატები, რომლებიც სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის, ან მრეწველობისთვის გამოიყენება და არის რეალური მოცემულობა იმისა, რომ ეს სახიფათო ნივთიერებები მოხვდა წყალსა და ნიადაგში, რაც, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანებსა და ცოცხალ ორგანიზმებს.

ზუსტი ეკოლოგიური ცვლილებების შეფასება მაშინ მოხდება, როდესაც წყლის დონე დაიწევს. ამის შემდეგ მოხდება სინჯების აღება და შესაბამისი კვლევის ჩატარება. აქტიური მონიტორინგი იქნება ჩასატარებელი ახლაც, თუმცა, მიმდინარე ომის გამო, ეს ძალიან რთულია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ეკოლოგიური საფრთხის კვალი, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ნელ-ნელა აისახება. ამ ეტაპზე, რაც ეკოლოგების მხრიდან უნდა განხორციელდეს, ეს არის წყლის ხარისხის მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოხდეს შესაბამისი რეაგირება, – მოსახლეობის გაფრთხილების კუთხით“, – განაცადა მან.

ეკოლოგი საფრთხეს ხედავს შავ ზღვაში თევზჭერის კუთხითაც.

„მოგეხსენებათ, შავ ზღვაში აქტიურად მიმდინარეობს თევზის მოპოვება. თევზი კი, სიბინძურის ერთ-ერთი უმთავრესი გამავრცელებელია. ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა მოხდეს დაკვირვება მოპოვებულ თევზზე და მის ხარისხზე“, – აცხადებს ბახტაძე.

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ზაფხულის სეზონზე, ზღვაზე დამსვენებლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხიც.

„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების ინფორმირება/გაფრთხილების საკითხზე, აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის ქვეყნებში, კომპეტენტურმა პირებმა არსებული ინფორმაცია გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ. ამ მიმართულებით კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო გარემო და ასეთ გარემოსთან ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კახა ბახტაძემ.

 

/თამუნა დუღაშვილი/