“ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ სახეს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად”-პეტრე ცისკარიშვილი

84
spot_img

ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ სახეს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად – ბევრ პარტიასთანაა კონსულტაცია, ასევე არიან ინდივიდუალური პოლიტიკოსებიც, ვისაც ვესაუბრებით,-განუცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ყველაფერზე, “მათ შორის იმაზე, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან სათანამშრომლოდ მზად არიან”.

“ჩვენ ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ, ბიძინა ივანიშვილთნ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ პოლიტიკურ სახეებს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად. ასევე ბუნებრივი მოცემულობაა, რომ თუ ივანიშვილთან მართლა დაპირისპირებული ხარ, ნიშნავს იმას, რომ შენი საგარეო ვექტორი ევროინტეგრაციაა. შესაბამისად, ამ ორ მოცემულობას ვინც აკმაყოფილებს, თუ მათი მხრიდანაც იქნება სურვილი და შედგება ორმხრივი მოძრაობა, საერთო ენის გამონახვა და თანამშრომლობა არ გაგვიჭირდება”,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ აღნიშნული პარტიები ნამდვილად ოპოზიციურად განწყობილები არიან, მხოლოდ წარმატებას და გაძლიერებას უსურვებს.

„თანამშრომლობა და კოორდინაცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ორმხრივი მოძრაობაა. თუ მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოიდგმება, მაგრამ ისინი რადიკალური, მართლა ოპოზიციური პროდასავლური პარტიები არიან, მხოლოდ წარმატება შეგვიძლია ვუსურვოთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, გაძლიერდნენ. ბარიერის გადალახვის პრობლემა რომ არ ჰქონდეთ, სწორედ ეს გვინდა ჩვენ, რადგან ასეთ პოლიტიკურ პარტიებში ვხედავთ მოკავშირეებს შემდგომ ეტაპზე, როდესაც აუცილებელი იქნება კოალიციური ხელისუფლების ფორმირება და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.