ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან

190
spot_img

მეხანძრეები ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან, იწვის ტერიტორიები, შენობები და ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ხანძრებს ებრძვიან ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.

სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრები. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში მძვინვარებს.

საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა და ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ძლიერი სიცხე ფიქსირდება იტალიაშიც. კუნძულ სარდინიაზე მოსალოდნელია 46 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა. სინოპტიკოსების ვარაუდით, უკიდურესი სიცხე იტალიის ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ძლიერი სიცხის ტალღაა ესპანეთშიც, სადაც, გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.