ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჭარაში უმასპინძლა

72
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დღესვე, აბდულა არიპოვს და საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.