Home Blog Page 2407

ვირუსით ინფიცირების 5-ჯერ გაზრდილი სტატისტიკა – დგას თუ არა კოვიდრეგულაციების შემოღების აუცილებლობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მიმართვიანობამ იმატა. სპეციალისტები შემთხვევების ზრდას ზაფხულის პერიოდს და ხალხმრავალი ღონისძიებების მატებას უკავშირებენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით,  ბოლო 4-5 დღეა, რაც კლინიკებში მომართვიანობა გაზრდილია.

„4-5 დღეა, რაც მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. 2-ჯერ მეტი პაციენტი გვიწევს კლინიკაში, ვიდრე გამოყოფილი საწოლების რაოდენობაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საშუალო და მძიმე პაციენტები ჭარბობს. განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობაა ორსულებსა და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მხრიდან. გამოხატულია კოვიდისთვს დამახასიათებელი სიმპტომები და დაავადებები, მათ შორის, პნევმონია, მაგრამ განსხვავებით წინა შტამისგან, ეს შტამი ნეიროტოქსიკური თვისებით გამოირჩევა. კოვიდინფიცირებულებს ახასიათებთ მსუბუქი ენცეპალოპატია, რაც წინა პერიოდში არ იყო გამოვლენილი,” – განმარტავს რატიანი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით კი, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

„5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა.

შემოდგომაზე კი, პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული – ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა ცუნამის მსგავსი. ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს,” – განაცხადა ჩხაიძემ.

რამდენად საგანგაშოა 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა?

ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს“ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ესაუბრა. მისი თქმით, ყველა სპეციალისტი ინფიცირების ზრდას ვარაუდობდა.

– ბოლო ტალღიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ, ასეთი პერიოდი დგება ხოლმე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი ტალღა მოსალოდნელი იყო. რამდენად ძლიერი იქნება, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ ადამიანები უმეტეს წილად გარეთ ატარებენ დროს და შემოდგომამდე, სანამ აცივდება, შესაძლოა, ეს საკითხი პრობლემატური არ იყოს.

თუმცა, ვისურით ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო, გადატანილი ინფექციიდან 3-4 თვის მერე, ომიკრონის შემთხვევაში, სისხლში ანტისხეულების დონე ეცემა და ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება. ჩვენთან კი, მოსახლეობის მცირე ნაწილია ვაქცინირებული, რაც ძალიან პრობლემატურია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 50 წლის ზემოთაა და ქრონიკული დაავადება აქვს.  ამიტომაც, ვურჩევდი მათ, რომ ხალხმრავალ ადგილებში მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სავალდებულო არ არის.

 ნაადრევი ხომ არ იყო პირბადის ტარების  რეგულაციის მოხსნა?

– ნაადრევი ნამდვილად არ იყო, მთელმა მსოფლიომ იგივე გააკეთა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ დაავადებასთან ერთად, ეს ნათელია. ჩემი აზრით, ისეთი საგანგაშო მდგომარეობა აღარ იქნება, როგორც ადრე იყო ხოლმე. თუ კიდევ ამ ვირუსის მუტაცია არ მოხდა, გვექნება დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორიც სეზონური გრიპის დროს გვაქვს. ენდემურში გადავა და სეზონურად დაგვჭირდება რისკჯგუფების აცრა, კონკრეტულ შტამზე, რომელიც იქნება დომინირებული.  

– რეგულაციების შემოღება თუ დაგვჭირდება ისევ?

– საგანგაშო მდგომარეობა თუ არ იქნება, სავარაუდოდ – არა. მაგალითად, აშშ-ში ძალიან ბევრი შემთხვევაა და ბოლო შტამები დომინირებს, მაგრამ რეგულაციები არ შემოუღიათ. ჩვენთანაც, ვფიქრობ, რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 წლის განმავლობაში ამ ვირუსმა კეთილგონიერება და სიფრთხილე გვასწავლა.  აუცილებელია მოვუფრთხილდეთ 50 წლის ზემოთ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით მათ, ვინც აცრილები არ არიან, რადგან მათთვის ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს” – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა, რასაც შესაბამისი დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ, ხოლო, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახს ეკისრებათ.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება – დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. – ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ბელგიის ციხეში საქართველოს მოქალაქის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემაც, თვითდაზიანების ფაქტებზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

„ახლა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბელგიის ციხეში, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული სამი კვირის განმავლობაში – ესეც არის თვითდაზიანებით. იგივე ხდება საქართველოში და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემის დამოკიდებულება არის ის, რომ თვითდაზიანებაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში დაპირისპირება გრძელდება”

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რომან გოცირიძე განმარტავს, რა გახდა მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი. როგორც გოცირიძე ამბობს, მან ამ პარტიაში, პოლიტიკური საქმიანობის კუთხით, საკუთარი თავი ამოწურა.

რომან გოცირიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე გრძელდება გაუგებრობები, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით.

„მე „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში უკვე ამოვწურე საკუთარი თავი. შეიძლება, ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებული იყო. იყო განცხადებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით, იგივე არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით თუ ბოიკოტს გარეთ. სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება და კარგია, რომ უკვე განცხადებები ისმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეწყვეტს ბოიკოტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფრაქციაში უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ვინაიდან ოპოზიციის ხმა არ ისმის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ სრულ კომფორტშია უმრავლესობა და ძალიან ბევრ ისეთ კანონს იღებენ, რომლებიც მათ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება და ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი, თუნდაც ამ ვითარების განმუხტვის. მრავალი წელი ვიყავი ამ პარტიაში, მისი დაფუძნების დღიდან, ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი შევიძინე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი გზა „ნაციონალური მოძრობის“ გაძლიერებაა. თუ კრიზისი არ გაგრძელდება და კრიზისიდან გამოვლენ კონსენსუსის გზით, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 17 თებერვალს დატოვა.

“ასეთი გაუნათლებელი “დასავლური ორიენტაციის” ხალხი, როგორც საქართველოშია, სხვაგან ძნელი საპოვნელია”

ასეთი გაუნათლებელი “დასავლური ორიენტაციის” ხალხი, ჩლუნგები, უზრდელები და არაფრისმაქნისები, – როგორც საქართველოშია, სხვაგან ძნელი საპოვნელია! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, დასავლური ორიენტაცია (მისი კლასიკური გაგებით) -ეს არის განათლება, მეცნიერება, ინტელექტი, ყველა ერთნაირ მდგომარეობაში კანონის წინაშე, გახსნილობა და საჯარო სფეროში ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებული თანხმობის შედეგად!

“რა აქვთ ამ “ორიენტირებულებს” დასავლური კულტურის?

“რუსების კანონი არაო” – ინიციატივაზე ატეხეს და ტეხენ ერთ ამბავს! რომელია რუსების კანონი? “უცხოურ აგენტებად” გამოცხადება? ჰა,ჰა,ჰა!

ეს ხომ ამერიკული კანონია! მაკარტიზმის ეპოქა იცით?  მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ რაიმე იცოდეთ!

სწორედ უცხოური დაფინანსების პრაქტიკული აკრძალვა და გამჭვირვალობა, სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოცხადება იყო მიზანი.

ამერიკული კანონი რუსებზე 60 წლის ადრე იყო მიღებული!” – წერს დემურ გიორხელიძე.

“2 წლის წინ, ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით გარდატეხასთან”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მისი დაკავების 2 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ იმ დროს დაკარგული ცვლილების შანსი იყო. 

„2 წლის წინ 23 თებერვალი…. გამოწვევებით სავსე დრო, იყო კრიზისი, მაგრამ იყო შესაძლებლობა, ერთობლივი ბრძოლა და ერთიანობის დაკარგვასთან ერთად დაკარგული ცვლილების შანსი.

რა შეგვეძლო ერთად და რა შევძელით ცალ-ცალკე, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ.

სანამ ვიყავით ერთად:

საპარლამენტო ბოიკოტს ჰქონდა ძალა, ხოლო „ქართული ოცნების“ პარლამენტს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია.

გადადგა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი.

საქართველოში მოლაპარაკებებზე ევროკავშირის პრეზიდენტი ჩამოდიოდა.

ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით გარდატეხასთან, იმ დროს როდესაც მე ვიყავი ციხეში.

არავის ვადანაშაულებ შეცდომის დაშვებაში – არც მას ვინც პირველი შევიდა პარლამენტში და არც მას ვინც მეორე შევიდა;

თუმცა თუ გამარჯვება გვინდა – პირველ რიგში საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ; დაყოფა და ბატონობა არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი, მათი ძალაუფლების წყარო, რასაც ვერ სჯობნიან ანაწევრებენ რომ აჯობონ!

სადაც წარმატებით ხორციელდება დანაწევრება და დაშლა, იქ ნებსით თუ უნებლიეთ ხდება „ქართული ოცნების“ ანტიქართული ინტერესის გატარება.

ზუსტად ამიტომ მხოლოდ ღირსებითა და სიმართლით უნდა ვიბრძოლოთ – სხვანაირად გამარჯვება არასოდეს დადგება! ძალა განსხვავებულთა ერთობაშია…“, – წერს ნიკა მელია. 

“ის, რაც დასაშვებია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რატომაა კატეგორიულად მიუღებელი საქართველოში?!”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და წერს,-„ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან, კანადის მთავრობა „აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“. მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა?“

ექსპერტი აღნიშნავს, თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად ვუყუროთ?

„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რადიკალების მიერ ახალი კივილ-წივილის საგანი, რომ გახდებოდა ისედაც ცხადი იყო. ამის მიზეზი კი ბევრია: არ უნდათ უცხო ქვეყნის აგენტის თუ ჯაშუშის სახელი მიეკრათ: არ უნდათ ისე შემოსავლები დაკარგონ, რასაც უცხოეთიდან იღებენ; არ უნდათ დაკარგონ ის „დიდი სახელი“, რაც აქამდე გააჩნიათ: არასამთავრობო ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი. რეალურად კი საქმე იმაშია, რომ ამ ხალხს სთხოვენ თქვან სიმართლე ვინ არიან, ვისგან და საიდან ფინანსდებიან, და რეალურად რაში ხარჯავენ ამ ფულს! მაგალითად, რომ ავიღოთ ერთი „ჩვეულებრივი“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, ეს სუბიექტი სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლების შეცვლის, ტექნიკური მთავრობისა და პოლიტიკური აქციების ლიდერად გვევლინებოდა-ვინ არის? NGO-სექტორს წარმოადგენს თუ ჩვეულებრივი რევოლუციონერია, მითუმეტეს აკერმანის ტრენინგიც აქვს გავლილი ამ მიმართულებით (ასეთები კიდევ რამდენი არიან?!) ასე, რომ ღიად უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და რა უნდათ ჩვენი ქვეყნისგან. ახლა ავიღოთ შემდეგი მაგალითი ის რაც, დასაშვებია აშშ, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, რატომაა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში?!

თურმე „როდესაც უცხო სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს გავლენა ახალი ზელანდიის ინტერესებზე, დაარღვიოს ან ძირი გამოუთხაროს მათ ფარული, მცდარი, კორუფციული ან მუქარის შემცველი საშუალებებით, ეს განიხილება უცხოურ ჩარევად“ – ეს ზელანდიაში ნორმალურად ითვლება, უფრო მეტიც კანონითაა გამაგრებული. ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან და საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში უცხოური გავლენის ბუნებისა და მასშტაბის შესახებ!” კანადის მთავრობა „აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“. მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა? ე.ი. თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად უყუროთ ? არა, არ გამოვა ასე ბატონებო. კანონიც იქნება მიღებული, და შესაბამის აღსრულებაც მოჰყვება-ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს უცხოელების დაკრულზე „პრორუსული“ იქნება ეს „პროდასავლური“ თუ „პროაზიური“ ცუნდრუკ-თამაში!“- წერს ნიკოლეიშვილი.

“სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ”

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე,“ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი „რუსულად“ შერაცხვა.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე. იმის ნაცვლად, რომ ინიციატივაზე, თუნდაც ოპონენტისთვის მიუღებელზე, მიმდინარეობდეს საგნობრივი დისკუსია, კვლავ მოქმედებს სლოგანური საზეპიროების ტირაჟირება. არცერთი კანონპროექტია დახვეწილი. ნებისმიერ ინიციატივაში არსებულ ხარვეზებზე საქმიანი სჯა-ბაასია დემოკრატიული პროცესი და არა უშინაარსო, არაფრისმომცემი ფსევდო-აქტივისტობა.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი “რუსულად” შერაცხვა. თუმცა, ნაცოპოზიცია “მაღალი საზოგადოება” რომ არაა, ბავშვისთვისაც ცნობილია. წარმოდგენილი ინიციატივის შინაარსს არ იცნობენ და ბუნებრივია, არც წამყვან ქვეყნებში არსებულ შესაბამის კანონმდებლობას. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხის გაცნობით და არა ტრაგიკომიკური ფეხების ბაკუნით, გირჩევთ გაეცნოთ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში მოქმედ შესაბამის წესებს უცხოურ გავლენაზე,“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“საქართველოც ისრაელის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსად უსაფრთხოებაზე ზრუნავს ამ კანონით”

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მსგავს კანონებს ერთი მეორის მიყოლებით იღებენ და ამას საკუთარი ქვეყნების დასაცავად აკეთებენ, ამ გზას ადგას საქართველოც.

„ერთი მეორის მიყოლებით, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ მყოფი: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია – საკუთარ ქვეყნებში იღებენ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონებს. რატომ? მსოფლიო შესაძლოა მესამე და უკანასკნელი გამანადგურებელი ომის პირასაა! ჰიბრიდული, საინფორმაციო, სადაზვერვო, პოლიტიკური, დიპლომატიური ომი მძვინვარებს მთელს პლანეტაზე და თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომელთა უსაფრთხოებაზე MI-6-ის დონის სპეცსამსახურები ზრუნავენ – არ სურთ „შავი ხვრელების“ უმართავი, უკონტროლო, დახურული უცხოური გავლენები დაუშვან საკუთარ ქვეყნებში – გამჭვირვალობა სურთ. თვით დიდი ბრიტანეთი დაადგა ამ გზას – ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტში“ მთავრობამ ცვლილებები დააინიციირა, „საგარეო გავლენის რეგისტრაციის სქემის“ (FIRS) შემოღების აუცილებლობის სახით. აღნიშნული ორსაფეხურიანი სქემის საერთო მიზანია, შეაჩეროს უცხოეთიდან ქვეყნის ხელისუფლებისათვის რაიმე სახის უცნობი, გასაიდუმლოებული შეთანხმებების, აქტივობებისა და შემსრულებლების გამოყენება.

ეს ყოველივე განპირობებულია უცხოური გავლენების მიმართ უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით. ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს უცხოეთის აღნიშნულ გავლენებს – ის კვლავ მიესალმება უცხოური მთავრობებისა და ორგანიზაციების მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში, ოღონდ ღია და გამჭვირვალე თამაშების წესების საფუძველზე. ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამჭვირვალობის წახალისებაში, და შეაკავებს იმ უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ თავიანთ მიზნებს ფარულად მიაღწიონ.

MI-6-ზე არანაკლებად ძლიერია ისრაელის „მოსსადი“, მაგრამ იქაც 2016 წლიდან მოქმედებს „არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის“ კანონი. ისრაელი პერმანენტულ ომშია გახვეული! მის გოგო-ბიჭებს, ღამის კლუბების მაგივრად ბავშვობიდან ავტომატებთან ჩახუტებულებს სძინავთ და მთავრობას არ სურს, რომელიმე მხრიდან მისთვის გაურკვეველი მიზნებისთვის ომში გახვეულ ქვეყანაში შემოედინებოდეს უკონტროლო ფული ქვეყნისთვის უცნობი პროგრამების სარეალიზაციოდ! რა არის ამაში მრავალუჯრედიანი ტვინისთვის გაუგებარი ან მიუღებელი?

მტკნარი სიცრუეა, რომ ამერიკული FARA-ს შემოღებას ანტინაცისტური პრევენციის ხასიათი ჰქონდა 1938 წელს. ამ კანონმა წინამორბედის როლი ითამაშა შემდგომი კანონის მისაღებად: „იმ პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელთა საქმიანობა აშშ-ს ტერიტორიაზე კონტროლდება უცხოეთიდან“ – და ამ კანონის მიღებისთანავე არა „კუ-კლუქს-კლანი“ ან რომელიმე ნაცისტურ-რასისტული დაჯგუფება დასაჯეს, არამედ „კომინტერნის“ ხაზით დაფინანსებული ორი პარტია აკრძალეს: კომუნისტური და ამერიკის მუშათა პარტია.

FARA-ს კანონმა გადაასწრო ფაშიზმის და კომუნიზმის დამარცხებას და შემდგომ წლებში არა თუ არ გაქრა ამერიკული სამართლებრივი ჰორიზონტიდან, არამედ არაერთგზის შესწორდა კიდეც და უკვე თანამედროვე ეპოქაში დგას ქვეყნის სადარაჯოზე, უცხოური ჯაშუშების გამოვლენის მიზნით, როგორც ეს განხორციელდა რუსეთის მოქალაქე-სტუდენტის, მარია ბუტინას მიმართ, რომელსაც სწორედ FARA-ს დარღვევის გამო 18-თვიანი ციხე მიუსაჯეს.

ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის არ ემუქრება ციხით, როგორც ამას, FARA-ს მსგავსად, ბრიტანული კანონპროექტიც აპირებს და 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმებთან ერთად. ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს: პუბლიცისტებს, პოლიტოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მხატვრებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს.

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ამერიკამ მილიარდები დახარჯა რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარებისათვის – ნუთუ ეს ფული კორუმპირებულ ჯიბეებში დაილექება?” – USA TODAY

ამერიკული გაზეთი USA TODAY („აშშ დღეს“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკამ მილიარდები დახარჯა რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარებისათვის, მაგრამ ნუთუ ეს ფული კორუმპირებულ ჯიბეებში დაილექება?“ (ავტორები – ტომ ვანდენ ბროკი და რეიჩელ ლუკერი)

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ამერიკამ რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის განმავლობაში კიევს თითქმის 113 მილიარდზე მეტი დოლარის ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია. ალბათ, ეს თანხა რაოდენობით მალე მიუახლოვდება 146 მილიარდს, რაც ამერიკამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დახარჯა ავღანეთში – სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით. 

ჯონ სოპკო, რომელიც ავღანეთის აღდგენის საკითხებში სპეციალური გენერალური ინსპექტორია, ინტერვიუში ამბობს: „როცა ამდენი ფული ასეთ მოკლე დროში იხარჯება, თანაც უმცირესი კონტროლით, მაშინ, ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელია მექრთამეობაც, თაღლითობაც, განიავებაც და ბოროტმოქმედებაც.

რა თქმა უნდა, პენტაგონი უარყოფს ასეთ ნარატივს და აცხადებს, რომ წინასწარ იქნა მიღებული ზომები, რათა უკრაინულმა მხარემ რეგულარულად ჩააბაროს ანგარიში ამერიკული იარაღით სარგებლობისა და ფულის ხარჯვის თაობაზე. 

რასაკვირველია, ამერიკულ საზოგადოებაში და კაპიტოლიუმის ბორცვზე (კონგრესში) უკრაინისადმი მხარდაჭერის დონე ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ თანდათანობით სუსტდება. 

როგორც სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, მოზრდილი ასაკის ამერიკელთა 48% მხარს უჭერს კიევისათვის ამერიკული იარაღის გადაცემას, 29% კი წინააღმდეგია, 22% არც მომხრეა და არც წინააღმდეგი. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელთა მხარდაჭერა შემცირდა 2022 წელთან შედარებით, როცა მათი რაოდენობა 60%-ს აღწევდა.

ჯონ სოპკოს აზრით (მას მხარს უჭერს კონგრესმენთა მნიშვნელოვანი რაოდენობაც), უკრაინელებისადმი მხარდაჭერა ამერიკელთა შორის შეიძლება კიდევ უფრო შესუსტდეს, თუ არ იქნება მაღალი გამჭვირვალობა და ანგარიშგება დახარჯულ მილიარდებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სამომავლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი კიევს სულ უფრო და უფრო მეტ რთულ და ძვირადღირებულ იარაღს უგზავნის, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და მძიმე ჯავშანტექნიკას – „აბრამსის“ ტიპის ტანკებს.

2022 წელს პენტაგონმა 62 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა კიევისათვის, რომელიც შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებს და მათ ხელფასებს მოხმარდა. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 46 მილიარდი დოლარი – კომუნალური მომსახურებისათვის, სასაზღვრო დაცვის სამსახურისათვის, განათლების დარგისათვის, საავადმყოფოებისთვის, ენერგოსექტორისათვის…. გარდა ამისა, აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო ფედერალურმა ორგანოებმა უკრაინას 5 მილიარდი დოლარი გადაურიცხეს და პროდუქცია გაუგზავნეს.

აშშ-ში შექმნილი „უკრაინის დახმარების საკონტროლო-საზედამხედველო ერთობლივი სტრატეგიული გეგმის“ მოხსენების თანახმად, ამერიკულ უწყებებში, მაგალითად, პენტაგონში,  მაინცდამაინც მაღალ დონეზე არ არის იარაღის მიწოდების კონტროლი, არეულია სერიული ნომრები იმ იარაღისა, რომელიც უკრაინას მიეწოდება, არ მოწმდება მათი გამოყენება ბრძოლის ველზე, ინერციაზეა მიშვებული მათი ექსპლუატაციის წესებით სარგებლობა და ა.შ.

უკრაინა მსოფლიოში დიდი ხანია ცნობილია თავისი კორუმპირებულობით. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უკრაინას დედამიწის 180 ქვეყანას შორის 116-ე ადგილი უკავია.

ჯონი სოპკოს თქმით, კორუფცია ნდობას უკარგავს მთავრობას საზოგადოების მხრიდან. ავღანეთში ადგილობრივი ელიტები ამერიკულ დახმარებას ითვისებდნენ, ასეთმა მოქმედებამ კი მათთვის ნეგატიური შედეგი გამოიღო: მოსახლეობაში გაძლიერდა ხელისუფლებისადმი და მთავრობის მიმართ უნდობლობა, შესაბამისად, თალიბებმა კი უბრძოლველად დაიკავეს ავღანეთის პროვინციები და თვით დედაქალაქი ქაბულიც კი.

ჯონი სოპკომ ამერიკელი პოლიტიკოსები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში სიტუაცია არ გამოსწორდება, პროცესები უკონტროლოდ იქნება მიშვებული და ხელისუფლება ნდობას დაკარგავს, იქაც იგივე მოხდება, როგორც ავღანეთში მოხდა.

 

„საქართველოში უცხოურ აგენტებზე საკუთარი კანონი მოიფიქრეს” – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC news russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში უცხოურ აგენტებზე საკუთარი კანონი მოიფიქრეს. ოპოზიცია და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ქვეყანა რუსეთის გზით მიდის“ (ავტორი – ნინა ახმეტელი). მასში კრიტიკულადაა განხილული პროსამთავრობო მოძრაობის „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების სტატუსს ეხება.

„საქართველოში შეიძლება უცხოური გავლენის აგენტები გაჩნდნენ. პროსამთავრობო მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიმუშავეს, ირწმუნებიან, რომ მათ მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტი ამერიკული კანონის შერბილებულ ვერსიას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ოპოზიცია, უფლებადამცველები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებენ, დეპუტატთა ნათქვამი სიცრუეა, ამ კანონით ხელისუფლებას დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა სურს. ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაც ჩაატარეს, ისინი თვლიან, რომ კანონპროექტის მიზანია მოხდეს დამოუკიდებელი მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზება და დისკრედიტირება მოხდეს. ჟურნალისტები შიშობენ, რომ საქართველოშიც რუსული სცენარი განვითარდება, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს და შემდეგ თანდათან ამკაცრებდნენ““, – წერს ავტორი სტატიის დასაწყისში.

პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება:

 

„უცხოური გავლენის აგენტები“

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს რეესტრის შექმნას „უცხოური გავლენის აგენტებისათვის“, როგორებიც იქნებიან ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლების 20% საზღვარგარეთიდან ფინანსდება. ეს არ შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არიან შექმნილია, აგრეთვე სპორტულ ორგანიზაციებს. „აგენტების“ სახელით დარეგისტრირებულმა ორგანიზაციამ ყოველწლიურად უნდა წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია და თუ რომელიმე თავს აარიდებს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კანონის მიღება ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების დონეს და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, კანონპროექტი შეიძლება შეიცვალოს პარლამენტში განხილვის დროს, მაგრამ მთლიანობაში ოპოზიციისა და უფლებადამცველების აზრით, ამგვარი [არადემოკრატიული] ინიციატივის აღქმა და განხილვა ჩრდილს მიაყენებს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

 

ხალხის ძალა თუ „ქართული ოცნების“ ხმა?

„ხალხის ძალა“ იმ დეპუტატთა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ იმავდროულად მთავრობას მაინც მხარს უჭერენ. ის ანალიტიკოსები და ის ოპოზიციონერები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, „ხალხის ძალას“ ანტიდასავლურ პროექტად და „ქართული ოცნების“ არაოფიციალურ ნაწილად თვლიან. მათ შორის არავითარი პრინციპული იდეური განსხვავება არ არის – სხვათა შორის, არც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით.

„ეს კანონპროექტი ისეთია, რომ მასში ვერავინ პრობლემას ვერ ნახავს, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერი. იგი ამბობს, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონს ეფუძნება, მაგრამ მის ასლს კი არ წარმოადგენს, არამედ მოდიფიცირებულ ვერსიას და მის შესახებ კონსულტაციები ჩატარდა. თუმცა, როგორც 16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა  ნედ პრაისმა განაცხადა, სიცრუეა იმის თქმა, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ „უცხოური აგენტების რეგისტრირების აქტის“ (FARA) დებულებებს ეფუძნება, ის სინამდვილეში უფრო რუსულ და უნგრულ კანონებს ჰგავს. ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართველი მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს შეზღუდავს.

 

„დასავლეთისგან დაშორებით, რუსეთთან ახლოს“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სულ უფრო ხშირად მმართველი პარტიისაგან განსხვავებული პოზიციები, განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს კანონპროექტის მიღებას: „იმ დროს, როცა მზადდება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისათვის პირობების შესრულების შეფასება, ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის მოქმედება ევროპასთან კი არ გვაახლოებს, არამედ რუსულ მანკიერ მოდელთან. პრეზიდენტს ასეთი კანონის მხარდაჭერა არ შეუძლია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კანონპროექტის დებულებებით უკმაყოფილონი არიან ოპოზიციური პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და სხვები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ერთობლივი კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნეს.

 

რუსეთი – უნგრეთი – საქართველო

როცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს და 12-პუნქტიანი პირობის შესრულება მოსთხოვეს, ერთ-ერთ პირობად გადაწყვეტილებების მიღების სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა დასახელდა ყველა დონეზე, მაგრამ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, პირიქით, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისათვის არის გამიზნული. ასეთი აზრი აქვს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომელმაც კვლევითი მასალა  გამოაქვეყნა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედ იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებიც „უცხოელ აგენტებს“ ეხება. მასში აღნიშნულია, რომ არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციისათვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კვლევაში განხილულია უნგრეთისა და რუსეთის მაგალითი. უნგრეთში მსგავსი კანონი („უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციათა გამჭვირვალობის შესახებ“) 2017 წელს მიიღეს, მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა კანონზე უარი ეთქვა. რუსეთში მოქმედი კანონის მიხედვით, თუ ვინმეს „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიენიჭება, საზოგადოებაში ამ დამღის მქონე პიროვნება თუ ორგანიზაცია „ჯაშუშთან“ ასოცირდება, ამის გამო ბევრი ორგანიზაცია დაიხურა ან იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ საზღვარგარეთულ დაფინანსებაზე. 

საქართველოს ხელისუფლებისა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ ქართული კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს, დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ქართულ მასმედიაში უკვე გაჩნდა ვიდეოკადრები, რომელთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ თავდაპირველად აშშ-ში მიიღეს, ხოლო რუსული ვერსია ამერიკულზე ბევრად რბილია. იქვე არის ირაკლი კობახიძის მსგავსი განცხადებაც. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ თავის ყოველ ინფორმაციას თან ურთავს  შეტყობინებას უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ – ისე, როგორც რუსეთში ხდება, სადაც ინფორმაციის გამოქვეყნებისას აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ მომზადებული და გავრცელებულია „უცხოელი აგენტის“ მიერ.

სხვათა შორის, რუსი კანონმდებლები თავიანთ კანონს ამკაცრებენ, „უცხოური აგენტების“ სია კი ფართოვდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბრიდან „უცხოელ აგენტად“ ჩაითვლება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც „უცხოური გავლენის“ ქვეშ მოხვდა (რასაც ხელისუფლება დაადგენს). ასეთ შემთხვევებში უცხოური დაფინანსების ფაქტორის არსებობა საჭირო არ არის. 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების თანახმად, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, რომლებიც 6 თვეში ერთხელ მოითხოვს განახლებას, ვინაიდან სურს, რომ სასანქციო სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღონ. უნგრეთი ასევე სანქციების გახანგრძლივების პერიოდის 6 თვიდან 12 თვემდე გაზრდის წინადადების წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ევროკავშირის ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. გამოცემის თანახმად, სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა უნგრეთთან კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ორბანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასანქციო სიიდან ის ოთხი ადამიანი ამოიღოს, რათა სხვა პირების წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ევროკავშირმა 1 400-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის არიან ოლიგარქები, რუსეთის პარლამენტის წევრები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ადმინისტრატორები. სანქციების გახანგრძლივების 6 თვიანი პერიოდის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. წინასწარი კომპრომისით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ელჩები სანქციების პერიოდის 12 თვის ნაცვლად 9 თვემდე გაზრდას განიხილავენ.

შვედეთის ყოველდღიურ გაზეთში „დაგენს ნიჰეტერში“ («Dagens Niheter» – „დღევანდელი ამბები“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს“ (ავტორი – ინგმარ ნევუსი), რომელშიც მიმოხილულია სიტუაცია „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს რუსეთთან მეგობრობის მიმართულებით. პარლამენტი, ალბათ, მალე მიიღებს კანონპროექტს, რომელიც მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოელ აგენტად“ რეგისტრირებას ავალდებულებს“, – ნათქვამია სტატიაში.

კანონპროექტი რუსეთის ანალოგიური კანონის მიხედვით არის მომზადებული, რომლის მიზანს დამოუკიდებელი აზრის გამოხატვაზე ზეწოლა წარმოადგენს. ქართული საზოგადოება მტკიცედ გამოდის რუსეთის პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას.

ამასთან, გასაკვირი არაა, რომ იმ დროს, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული 2008 წლის ომის შედეგად, საქართველოს მთავრობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. პოლიცია წინააღმდეგობას უწევს უკრაინის მხარდამჭერთა აქციებს.

„ქართული ოცნების“ – ქვეყნის მმართველი პარტიის რეალური ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ქართველი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელსაც, როგორც ითვლება, დღემდე მოსკოვთან კარგი კავშირები აქვს.

ამიტომაც ბევრი ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსკოვის მიმართ ლოიალური განწყობის ოლიგარქი მართავს. სავარაუდოდ, სწორედ მისი გადაწყვეტილებით არის საპყრობილეში მიხეილ სააკაშვილი, დასავლეთისადმი მეგობრულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად სასიკვდილოდაა განწირული.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციონერებს ბრალს სდებს, რომ მათ სურთ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ.

ფორმალურად საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს ატარებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თბილისი ევროკავშირის წევრად მიღების რიგში იმყოფება, თუმცა მას, კიევისა და კიშინიოვისაგან განსხვავებით, დამატებით პირობების შესრულება მოსთხოვეს.

მაგრამ საქართველო პირიქით მოქმედებს: ანტიდასავლური საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის მიხედვით, ის ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომელთა ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან ფინანსდება, „უცხოელი აგენტის“ სახელით უნდა დარეგისტრირდეს. კანონპროექტს მთავრობაც მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ სამართლებრივი აქტის მიღება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და რომ ანალოგიური კანონები მოქმედებენ დასავლეთშიც (აშშ-ში).

მაგრამ ოპოზიცია თვლის, რომ კანონპროექტი უფრო მეტად რუსული კანონის ასლს წარმოადგენს, რომელიც ძალაში 2012 წელს შევიდა. ამ კანონს ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არასასურველი ორგანიზაციების დახურვისა და გაუქმების მიზნით იყენებს.

ქართული კანონპროექტი აშკარად არის მიმართული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Transparency International-ის წინააღმდეგაც, რომელიც დიდი ხნის წინათ გახდა საქართველოს მთავრობის კრიტიკის ობიექტი.

Politico – ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, რომლებიც 6 თვეში ერთხელ მოითხოვს განახლებას, ვინაიდან სურს, რომ სასანქციო სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღონ.

უნგრეთი ასევე სანქციების გახანგრძლივების პერიოდის 6 თვიდან 12 თვემდე გაზრდის წინადადების წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ევროკავშირის ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს.

გამოცემის თანახმად, სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა უნგრეთთან კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ორბანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასანქციო სიიდან ის ოთხი ადამიანი ამოიღოს, რათა სხვა პირების წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ევროკავშირმა 1 400-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის არიან ოლიგარქები, რუსეთის პარლამენტის წევრები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ადმინისტრატორები.

სანქციების გახანგრძლივების 6 თვიანი პერიოდის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. წინასწარი კომპრომისით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ელჩები სანქციების პერიოდის 12 თვის ნაცვლად 9 თვემდე გაზრდას განიხილავენ.