“საქართველოც ისრაელის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსად უსაფრთხოებაზე ზრუნავს ამ კანონით”

123
spot_img

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მსგავს კანონებს ერთი მეორის მიყოლებით იღებენ და ამას საკუთარი ქვეყნების დასაცავად აკეთებენ, ამ გზას ადგას საქართველოც.

„ერთი მეორის მიყოლებით, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ მყოფი: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია – საკუთარ ქვეყნებში იღებენ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონებს. რატომ? მსოფლიო შესაძლოა მესამე და უკანასკნელი გამანადგურებელი ომის პირასაა! ჰიბრიდული, საინფორმაციო, სადაზვერვო, პოლიტიკური, დიპლომატიური ომი მძვინვარებს მთელს პლანეტაზე და თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომელთა უსაფრთხოებაზე MI-6-ის დონის სპეცსამსახურები ზრუნავენ – არ სურთ „შავი ხვრელების“ უმართავი, უკონტროლო, დახურული უცხოური გავლენები დაუშვან საკუთარ ქვეყნებში – გამჭვირვალობა სურთ. თვით დიდი ბრიტანეთი დაადგა ამ გზას – ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტში“ მთავრობამ ცვლილებები დააინიციირა, „საგარეო გავლენის რეგისტრაციის სქემის“ (FIRS) შემოღების აუცილებლობის სახით. აღნიშნული ორსაფეხურიანი სქემის საერთო მიზანია, შეაჩეროს უცხოეთიდან ქვეყნის ხელისუფლებისათვის რაიმე სახის უცნობი, გასაიდუმლოებული შეთანხმებების, აქტივობებისა და შემსრულებლების გამოყენება.

ეს ყოველივე განპირობებულია უცხოური გავლენების მიმართ უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით. ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს უცხოეთის აღნიშნულ გავლენებს – ის კვლავ მიესალმება უცხოური მთავრობებისა და ორგანიზაციების მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში, ოღონდ ღია და გამჭვირვალე თამაშების წესების საფუძველზე. ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამჭვირვალობის წახალისებაში, და შეაკავებს იმ უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ თავიანთ მიზნებს ფარულად მიაღწიონ.

MI-6-ზე არანაკლებად ძლიერია ისრაელის „მოსსადი“, მაგრამ იქაც 2016 წლიდან მოქმედებს „არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის“ კანონი. ისრაელი პერმანენტულ ომშია გახვეული! მის გოგო-ბიჭებს, ღამის კლუბების მაგივრად ბავშვობიდან ავტომატებთან ჩახუტებულებს სძინავთ და მთავრობას არ სურს, რომელიმე მხრიდან მისთვის გაურკვეველი მიზნებისთვის ომში გახვეულ ქვეყანაში შემოედინებოდეს უკონტროლო ფული ქვეყნისთვის უცნობი პროგრამების სარეალიზაციოდ! რა არის ამაში მრავალუჯრედიანი ტვინისთვის გაუგებარი ან მიუღებელი?

მტკნარი სიცრუეა, რომ ამერიკული FARA-ს შემოღებას ანტინაცისტური პრევენციის ხასიათი ჰქონდა 1938 წელს. ამ კანონმა წინამორბედის როლი ითამაშა შემდგომი კანონის მისაღებად: „იმ პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელთა საქმიანობა აშშ-ს ტერიტორიაზე კონტროლდება უცხოეთიდან“ – და ამ კანონის მიღებისთანავე არა „კუ-კლუქს-კლანი“ ან რომელიმე ნაცისტურ-რასისტული დაჯგუფება დასაჯეს, არამედ „კომინტერნის“ ხაზით დაფინანსებული ორი პარტია აკრძალეს: კომუნისტური და ამერიკის მუშათა პარტია.

FARA-ს კანონმა გადაასწრო ფაშიზმის და კომუნიზმის დამარცხებას და შემდგომ წლებში არა თუ არ გაქრა ამერიკული სამართლებრივი ჰორიზონტიდან, არამედ არაერთგზის შესწორდა კიდეც და უკვე თანამედროვე ეპოქაში დგას ქვეყნის სადარაჯოზე, უცხოური ჯაშუშების გამოვლენის მიზნით, როგორც ეს განხორციელდა რუსეთის მოქალაქე-სტუდენტის, მარია ბუტინას მიმართ, რომელსაც სწორედ FARA-ს დარღვევის გამო 18-თვიანი ციხე მიუსაჯეს.

ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის არ ემუქრება ციხით, როგორც ამას, FARA-ს მსგავსად, ბრიტანული კანონპროექტიც აპირებს და 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმებთან ერთად. ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს: პუბლიცისტებს, პოლიტოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მხატვრებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს.

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს“, – წერს დავით ქართველიშვილი.