“ამერიკამ მილიარდები დახარჯა რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარებისათვის – ნუთუ ეს ფული კორუმპირებულ ჯიბეებში დაილექება?” – USA TODAY

119
spot_img

ამერიკული გაზეთი USA TODAY („აშშ დღეს“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკამ მილიარდები დახარჯა რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარებისათვის, მაგრამ ნუთუ ეს ფული კორუმპირებულ ჯიბეებში დაილექება?“ (ავტორები – ტომ ვანდენ ბროკი და რეიჩელ ლუკერი)

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ამერიკამ რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის განმავლობაში კიევს თითქმის 113 მილიარდზე მეტი დოლარის ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია. ალბათ, ეს თანხა რაოდენობით მალე მიუახლოვდება 146 მილიარდს, რაც ამერიკამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დახარჯა ავღანეთში – სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით. 

ჯონ სოპკო, რომელიც ავღანეთის აღდგენის საკითხებში სპეციალური გენერალური ინსპექტორია, ინტერვიუში ამბობს: „როცა ამდენი ფული ასეთ მოკლე დროში იხარჯება, თანაც უმცირესი კონტროლით, მაშინ, ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელია მექრთამეობაც, თაღლითობაც, განიავებაც და ბოროტმოქმედებაც.

რა თქმა უნდა, პენტაგონი უარყოფს ასეთ ნარატივს და აცხადებს, რომ წინასწარ იქნა მიღებული ზომები, რათა უკრაინულმა მხარემ რეგულარულად ჩააბაროს ანგარიში ამერიკული იარაღით სარგებლობისა და ფულის ხარჯვის თაობაზე. 

რასაკვირველია, ამერიკულ საზოგადოებაში და კაპიტოლიუმის ბორცვზე (კონგრესში) უკრაინისადმი მხარდაჭერის დონე ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ თანდათანობით სუსტდება. 

როგორც სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, მოზრდილი ასაკის ამერიკელთა 48% მხარს უჭერს კიევისათვის ამერიკული იარაღის გადაცემას, 29% კი წინააღმდეგია, 22% არც მომხრეა და არც წინააღმდეგი. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელთა მხარდაჭერა შემცირდა 2022 წელთან შედარებით, როცა მათი რაოდენობა 60%-ს აღწევდა.

ჯონ სოპკოს აზრით (მას მხარს უჭერს კონგრესმენთა მნიშვნელოვანი რაოდენობაც), უკრაინელებისადმი მხარდაჭერა ამერიკელთა შორის შეიძლება კიდევ უფრო შესუსტდეს, თუ არ იქნება მაღალი გამჭვირვალობა და ანგარიშგება დახარჯულ მილიარდებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სამომავლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი კიევს სულ უფრო და უფრო მეტ რთულ და ძვირადღირებულ იარაღს უგზავნის, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და მძიმე ჯავშანტექნიკას – „აბრამსის“ ტიპის ტანკებს.

2022 წელს პენტაგონმა 62 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა კიევისათვის, რომელიც შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებს და მათ ხელფასებს მოხმარდა. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 46 მილიარდი დოლარი – კომუნალური მომსახურებისათვის, სასაზღვრო დაცვის სამსახურისათვის, განათლების დარგისათვის, საავადმყოფოებისთვის, ენერგოსექტორისათვის…. გარდა ამისა, აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო ფედერალურმა ორგანოებმა უკრაინას 5 მილიარდი დოლარი გადაურიცხეს და პროდუქცია გაუგზავნეს.

აშშ-ში შექმნილი „უკრაინის დახმარების საკონტროლო-საზედამხედველო ერთობლივი სტრატეგიული გეგმის“ მოხსენების თანახმად, ამერიკულ უწყებებში, მაგალითად, პენტაგონში,  მაინცდამაინც მაღალ დონეზე არ არის იარაღის მიწოდების კონტროლი, არეულია სერიული ნომრები იმ იარაღისა, რომელიც უკრაინას მიეწოდება, არ მოწმდება მათი გამოყენება ბრძოლის ველზე, ინერციაზეა მიშვებული მათი ექსპლუატაციის წესებით სარგებლობა და ა.შ.

უკრაინა მსოფლიოში დიდი ხანია ცნობილია თავისი კორუმპირებულობით. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უკრაინას დედამიწის 180 ქვეყანას შორის 116-ე ადგილი უკავია.

ჯონი სოპკოს თქმით, კორუფცია ნდობას უკარგავს მთავრობას საზოგადოების მხრიდან. ავღანეთში ადგილობრივი ელიტები ამერიკულ დახმარებას ითვისებდნენ, ასეთმა მოქმედებამ კი მათთვის ნეგატიური შედეგი გამოიღო: მოსახლეობაში გაძლიერდა ხელისუფლებისადმი და მთავრობის მიმართ უნდობლობა, შესაბამისად, თალიბებმა კი უბრძოლველად დაიკავეს ავღანეთის პროვინციები და თვით დედაქალაქი ქაბულიც კი.

ჯონი სოპკომ ამერიკელი პოლიტიკოსები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში სიტუაცია არ გამოსწორდება, პროცესები უკონტროლოდ იქნება მიშვებული და ხელისუფლება ნდობას დაკარგავს, იქაც იგივე მოხდება, როგორც ავღანეთში მოხდა.