„საქართველოში უცხოურ აგენტებზე საკუთარი კანონი მოიფიქრეს” – რას წერს უცხოური პრესა

104
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC news russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში უცხოურ აგენტებზე საკუთარი კანონი მოიფიქრეს. ოპოზიცია და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ქვეყანა რუსეთის გზით მიდის“ (ავტორი – ნინა ახმეტელი). მასში კრიტიკულადაა განხილული პროსამთავრობო მოძრაობის „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების სტატუსს ეხება.

„საქართველოში შეიძლება უცხოური გავლენის აგენტები გაჩნდნენ. პროსამთავრობო მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიმუშავეს, ირწმუნებიან, რომ მათ მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტი ამერიკული კანონის შერბილებულ ვერსიას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ოპოზიცია, უფლებადამცველები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებენ, დეპუტატთა ნათქვამი სიცრუეა, ამ კანონით ხელისუფლებას დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა სურს. ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაც ჩაატარეს, ისინი თვლიან, რომ კანონპროექტის მიზანია მოხდეს დამოუკიდებელი მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზება და დისკრედიტირება მოხდეს. ჟურნალისტები შიშობენ, რომ საქართველოშიც რუსული სცენარი განვითარდება, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს და შემდეგ თანდათან ამკაცრებდნენ““, – წერს ავტორი სტატიის დასაწყისში.

პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება:

 

„უცხოური გავლენის აგენტები“

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს რეესტრის შექმნას „უცხოური გავლენის აგენტებისათვის“, როგორებიც იქნებიან ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლების 20% საზღვარგარეთიდან ფინანსდება. ეს არ შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არიან შექმნილია, აგრეთვე სპორტულ ორგანიზაციებს. „აგენტების“ სახელით დარეგისტრირებულმა ორგანიზაციამ ყოველწლიურად უნდა წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია და თუ რომელიმე თავს აარიდებს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კანონის მიღება ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების დონეს და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, კანონპროექტი შეიძლება შეიცვალოს პარლამენტში განხილვის დროს, მაგრამ მთლიანობაში ოპოზიციისა და უფლებადამცველების აზრით, ამგვარი [არადემოკრატიული] ინიციატივის აღქმა და განხილვა ჩრდილს მიაყენებს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

 

ხალხის ძალა თუ „ქართული ოცნების“ ხმა?

„ხალხის ძალა“ იმ დეპუტატთა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ იმავდროულად მთავრობას მაინც მხარს უჭერენ. ის ანალიტიკოსები და ის ოპოზიციონერები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, „ხალხის ძალას“ ანტიდასავლურ პროექტად და „ქართული ოცნების“ არაოფიციალურ ნაწილად თვლიან. მათ შორის არავითარი პრინციპული იდეური განსხვავება არ არის – სხვათა შორის, არც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით.

„ეს კანონპროექტი ისეთია, რომ მასში ვერავინ პრობლემას ვერ ნახავს, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერი. იგი ამბობს, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონს ეფუძნება, მაგრამ მის ასლს კი არ წარმოადგენს, არამედ მოდიფიცირებულ ვერსიას და მის შესახებ კონსულტაციები ჩატარდა. თუმცა, როგორც 16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა  ნედ პრაისმა განაცხადა, სიცრუეა იმის თქმა, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ „უცხოური აგენტების რეგისტრირების აქტის“ (FARA) დებულებებს ეფუძნება, ის სინამდვილეში უფრო რუსულ და უნგრულ კანონებს ჰგავს. ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართველი მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს შეზღუდავს.

 

„დასავლეთისგან დაშორებით, რუსეთთან ახლოს“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სულ უფრო ხშირად მმართველი პარტიისაგან განსხვავებული პოზიციები, განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს კანონპროექტის მიღებას: „იმ დროს, როცა მზადდება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისათვის პირობების შესრულების შეფასება, ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის მოქმედება ევროპასთან კი არ გვაახლოებს, არამედ რუსულ მანკიერ მოდელთან. პრეზიდენტს ასეთი კანონის მხარდაჭერა არ შეუძლია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კანონპროექტის დებულებებით უკმაყოფილონი არიან ოპოზიციური პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და სხვები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ერთობლივი კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნეს.

 

რუსეთი – უნგრეთი – საქართველო

როცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს და 12-პუნქტიანი პირობის შესრულება მოსთხოვეს, ერთ-ერთ პირობად გადაწყვეტილებების მიღების სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა დასახელდა ყველა დონეზე, მაგრამ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, პირიქით, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისათვის არის გამიზნული. ასეთი აზრი აქვს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომელმაც კვლევითი მასალა  გამოაქვეყნა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედ იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებიც „უცხოელ აგენტებს“ ეხება. მასში აღნიშნულია, რომ არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციისათვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კვლევაში განხილულია უნგრეთისა და რუსეთის მაგალითი. უნგრეთში მსგავსი კანონი („უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციათა გამჭვირვალობის შესახებ“) 2017 წელს მიიღეს, მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა კანონზე უარი ეთქვა. რუსეთში მოქმედი კანონის მიხედვით, თუ ვინმეს „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიენიჭება, საზოგადოებაში ამ დამღის მქონე პიროვნება თუ ორგანიზაცია „ჯაშუშთან“ ასოცირდება, ამის გამო ბევრი ორგანიზაცია დაიხურა ან იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ საზღვარგარეთულ დაფინანსებაზე. 

საქართველოს ხელისუფლებისა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ ქართული კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს, დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ქართულ მასმედიაში უკვე გაჩნდა ვიდეოკადრები, რომელთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ თავდაპირველად აშშ-ში მიიღეს, ხოლო რუსული ვერსია ამერიკულზე ბევრად რბილია. იქვე არის ირაკლი კობახიძის მსგავსი განცხადებაც. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ თავის ყოველ ინფორმაციას თან ურთავს  შეტყობინებას უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ – ისე, როგორც რუსეთში ხდება, სადაც ინფორმაციის გამოქვეყნებისას აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ მომზადებული და გავრცელებულია „უცხოელი აგენტის“ მიერ.

სხვათა შორის, რუსი კანონმდებლები თავიანთ კანონს ამკაცრებენ, „უცხოური აგენტების“ სია კი ფართოვდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბრიდან „უცხოელ აგენტად“ ჩაითვლება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც „უცხოური გავლენის“ ქვეშ მოხვდა (რასაც ხელისუფლება დაადგენს). ასეთ შემთხვევებში უცხოური დაფინანსების ფაქტორის არსებობა საჭირო არ არის.