უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების თანახმად, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, რომლებიც 6 თვეში ერთხელ მოითხოვს განახლებას, ვინაიდან სურს, რომ სასანქციო სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღონ. უნგრეთი ასევე სანქციების გახანგრძლივების პერიოდის 6 თვიდან 12 თვემდე გაზრდის წინადადების წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ევროკავშირის ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. გამოცემის თანახმად, სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა უნგრეთთან კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ორბანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასანქციო სიიდან ის ოთხი ადამიანი ამოიღოს, რათა სხვა პირების წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ევროკავშირმა 1 400-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის არიან ოლიგარქები, რუსეთის პარლამენტის წევრები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ადმინისტრატორები. სანქციების გახანგრძლივების 6 თვიანი პერიოდის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. წინასწარი კომპრომისით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ელჩები სანქციების პერიოდის 12 თვის ნაცვლად 9 თვემდე გაზრდას განიხილავენ.

97
spot_img

შვედეთის ყოველდღიურ გაზეთში „დაგენს ნიჰეტერში“ («Dagens Niheter» – „დღევანდელი ამბები“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს“ (ავტორი – ინგმარ ნევუსი), რომელშიც მიმოხილულია სიტუაცია „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს რუსეთთან მეგობრობის მიმართულებით. პარლამენტი, ალბათ, მალე მიიღებს კანონპროექტს, რომელიც მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოელ აგენტად“ რეგისტრირებას ავალდებულებს“, – ნათქვამია სტატიაში.

კანონპროექტი რუსეთის ანალოგიური კანონის მიხედვით არის მომზადებული, რომლის მიზანს დამოუკიდებელი აზრის გამოხატვაზე ზეწოლა წარმოადგენს. ქართული საზოგადოება მტკიცედ გამოდის რუსეთის პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას.

ამასთან, გასაკვირი არაა, რომ იმ დროს, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული 2008 წლის ომის შედეგად, საქართველოს მთავრობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. პოლიცია წინააღმდეგობას უწევს უკრაინის მხარდამჭერთა აქციებს.

„ქართული ოცნების“ – ქვეყნის მმართველი პარტიის რეალური ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ქართველი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელსაც, როგორც ითვლება, დღემდე მოსკოვთან კარგი კავშირები აქვს.

ამიტომაც ბევრი ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსკოვის მიმართ ლოიალური განწყობის ოლიგარქი მართავს. სავარაუდოდ, სწორედ მისი გადაწყვეტილებით არის საპყრობილეში მიხეილ სააკაშვილი, დასავლეთისადმი მეგობრულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად სასიკვდილოდაა განწირული.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციონერებს ბრალს სდებს, რომ მათ სურთ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ.

ფორმალურად საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს ატარებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თბილისი ევროკავშირის წევრად მიღების რიგში იმყოფება, თუმცა მას, კიევისა და კიშინიოვისაგან განსხვავებით, დამატებით პირობების შესრულება მოსთხოვეს.

მაგრამ საქართველო პირიქით მოქმედებს: ანტიდასავლური საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის მიხედვით, ის ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომელთა ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან ფინანსდება, „უცხოელი აგენტის“ სახელით უნდა დარეგისტრირდეს. კანონპროექტს მთავრობაც მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ სამართლებრივი აქტის მიღება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და რომ ანალოგიური კანონები მოქმედებენ დასავლეთშიც (აშშ-ში).

მაგრამ ოპოზიცია თვლის, რომ კანონპროექტი უფრო მეტად რუსული კანონის ასლს წარმოადგენს, რომელიც ძალაში 2012 წელს შევიდა. ამ კანონს ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არასასურველი ორგანიზაციების დახურვისა და გაუქმების მიზნით იყენებს.

ქართული კანონპროექტი აშკარად არის მიმართული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Transparency International-ის წინააღმდეგაც, რომელიც დიდი ხნის წინათ გახდა საქართველოს მთავრობის კრიტიკის ობიექტი.