Home Blog Page 2362

ბრიტანეთში ინფლაცია დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია კვლავ ორნიშნა ნიშნულზე რჩება და მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის დონემ 10.1% შეადგინა.

თებერვალში მაჩვენებელი 10.4%-ზე იყო და გასულ თვეში ინფლაციის 9.8%-მდე კლებას მოელოდნენ.

მარტში ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ფასები შემცირდა და სწორედ ამან განაპირობა ინფლაციის კლება, თუმცა კვეთრი, ორნიშნა იყო ზრდა საკვების, დასვენებისა და კულტურის კატეგორიებში – მაგალითად, პურისა და მარცვლეულის ფასები წლიურად 19.1%-ითაა გაზრდილი.

ინფლაცის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირება ინგლისის ეროვნულ ბანკს აიძულებს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს. ბანკში იმედოვნებდნენ, რომ ინფლაციური წნეხი შემცირდებოდა, თუმცა საბაზო ინფლაციის ინდექსი, რომელიც სურსათისა და ენერგიის მერყევ ფასებს გამორიცხავს, უცვლელად, 6.2%-ზე დარჩა, რაც განაკვეთების შესამცირებლად მეტად მაღალი მაჩვენებელია.

ამჟამად, ბრიტანეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ზეა. ეროვნული ბანკის მომდევნო სხდომაზე კი 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნია, რომ ბრიტანეთში ფასები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნელა იკლებს და ის დასავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ინფლაციის ორნიშნა დონე ფიქსირდება.

ქალაქ ჯვარში ქალს სარეცხის გაფენისას აივანი ჩამოენგრა

ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, აივნის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი აივანზე სარეცხს ფენდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული სხვადასხვა მოტეხილობით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია იმყოფებოდა. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და დახმარებით მთავრობას მიმართავენ.

“რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?”

კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

„ნუთუ სრულმასშტაბიანი ომი არ არის საკმარისად სისხლიანი, რომ მსოფლიო ლიდერებმა სწრაფად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები? კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე ბრალდებულმა სიტყვის თქმის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაითვალისწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილი დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5197 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ” – დიმიტრი მედვედევი

„გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურთ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.

საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში – ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში?“ – აღნიშნა მედვედევმა.

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია” – ლევან ხაბეიშვილი

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, სხდომათა დარბაზიდან “გარბიან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟია.

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, “გარბიან” სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და “ოცნება” კვორუმს აგდებს – სხდომას შლის. ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ “ბოიკოტს”, აპროტესტებენ პარლამენტს… თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო “კლანის” რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან. დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ ასცდება“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით არ აპირებდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციის გავლას.

სისხლის ტესტით ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე დაფიქსირდეს

რაც უფრო ადრე მოხდება ალცჰაიმერის დაავადების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ამის ადვილი და საიმედო მეთოდი. თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, ეს დაავადება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე შეიძლება დაფიქსირდეს სისხლის მარტივ ტესტში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ახალი მოდელი სწორია.

მკვლევრებმა სისხლში შაქრის მოლეკულა დაუკავშირეს ამილიოდ ბეტას და ტაუ-ცილების არანორმალურ დაგროვებას, რაც ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ეს ცილები თავის ტვინში გროვდება და ნეირონებს კლავენ.

ამ კონკრეტული მოლეკულის, შუაზე გაყოფილი N-აცეტილგლუკოზამინის შემჩნევის შედეგად, მეცნიერებს შეიძლება მიეცეთ ალცჰაიმერის მაღალი რისკის ამოცნობის კარგი გზა. ამ მოლეკულას გლიკანი ჰქვია, ცილების ზედაპირზეა მოთავსებული და გავლენას ახდენენ მათ მუშაობაზე.

„შაქრის მოლეკულებისგან აგებული სტრუქტურების, გლიკანების როლი შედარებით შეუსწავლელი სფეროა დემენციის კვლევებში. ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რომ სისხლში გლიკანების დონე დაავადების განვითარებისას ადრეულ ეტაპზევე იცვლება“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის ნევროლოგი რობინ ჟიუ ჟუ.

მკვლევრებმა შეისწავლეს 233 ადამიანის მონაცემები; ეს ადამიანები მონაწილეობდნენ დაბერებისა და მოვლის შვედეთის ეროვნულ კვლევაში. პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეთა ასაკის მიხედვით, დადგენილი ინტერვალებით.

როგორც მონაცემებმა აჩვენე, ინდივიდებს, რომლებსაც სისხლში გლიკანებისა და ტაუ-ცილების შესაბამისი დონე ჰქონდათ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰეიმერის ტიპის დემენციის განვითარების რისკი. ასეთი კავშირი მანამდეც იყო შემჩნეული ხერხემლის ცერებროსპინალურ სითხეში, მაგრამ სისხლის ტესტები გაცილებით ადვილად ჩასატარებელია.

თუკი ეს დასკვნები საბოლოოდ ალცჰაიმერის სკრინინგ-ტესტად იქცა, მკვლევრებს სხვა კრიტერიუმების დამატებაც სურთ, მაგალითად, APOE4 გენის ძებნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკთან.

„ასევე ვაჩვენეთ, რომ მარტივი სტატისტიკური მოდელი, რომელიც მხედველობაში იღებს სისხლში გლიკანების და ტაუ-ცილების დონეს, რისკის გენი APOE4 და მეხსიერების ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ ალცჰაიმერის დაავადების 80-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებისთვის, პირველი სიმპტომების, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვის განვითარებამდე თითქმის ათი წლით ადრე“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოქიმიკოსი სოფია შედინ ვაისი.

უცნობია, რატომ აჩვენებენ გლიკანის მოლეკულები ალცჰაიმერის ნიშნებს ტვინის დაზიანების დაწყებამდე, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლოს უფრო ღრმად.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერისგან განკურნების ან მისი ეფექტების უკუქცევის საშუალება ჯერ არ გვაქვს, არსებობს მისი სიმპტომების მართვის გზები; ასეთმა აღმოჩენებმა კი შეიძლება უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმის გაგებასთან, რატომ ჩნდება ალცჰაიმერი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

საბოლოოდ კი ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მარტივი ტესტების მცირე სერიით, ძლიერ ზუსტად მოხდეს ალცჰაიმერის რისკის პროგნოზირება. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მკვლევრები ამჟამად პირველადი ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობენ.

კვლევა Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ki.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

“როცა ორი დაპირისპირებული მხარე ხელიაუფლებისთვის იბრძვიან, ვის უნდა ელაპარაკო, ვის სცალია უცხოელებისთვის?”-სალუქვაძე

“ამ ქვეყანაში ბოლო სამ წელში ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა, 2019 და 2021 წლებში. სახელმწიფოს მართავს გარდამავალი სამხედრო საბჭო, უფრო გასაგებად – ხუნტა”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სუდანში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე.
“სუდანის შესახებ, ორი სიტყვით.
ამ ქვეყანაში ბოლო სამ წელში ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა, 2019 და 2021 წლებში. სახელმწიფოს მართავს გარდამავალი სამხედრო საბჭო, უფრო გასაგებად – ხუნტა.
კონფლიქტი მოჰყვა სწრაფი რეაგირების ძალების არმიის შემადგენლობაში შეყვანის მცდელობას.
ეს მიზეზი ყველგან ითქვა, მაგრამ არსის უკეთ გასაგებად, უნდა დაზუსტდეს შემდეგი: არმია ექვემდებარება სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელს, გენერალია, ხოლო სწრაფი რეაგირების ძალები – ვიცე-პრეზიდენტს, ასევე გენერალია. გვარებით არ გადაგღლით.
ის რომ ყველა ფორმირება შეიარაღებულ ძალებში უნდა გადავიდეს, თანხმობა ჰქონდათ. ლიდერები, ანუ ვიცე-პრეზიდენტი და სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელი, ვერ შეთანხმდნენ ამ ინტეგრაციის ვადებთან დაკავშირებით, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა.
რჩევა რომელიმე ქვეყანაში გამგზავრების წინ: უნდა გადახედოთ ინტერნეტს, ვიკიპედიას. როცა ქვეყანაში სამხედრო მმართველობაა, ხშირია გადატრიალებები და სხვა, ასეთ ქვეყანაში მგზავრობას, სამუშაოდ წასვლას უნდა მოერიდოთ, რადგან შეიარაღებული შეტაკებების განახლების შემთხვევაში, როცა ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურები მოშლილია, შენი სახელმწიფოს და მისი საელჩოების მხრიდან დახმარების გაწევის შესაძლებლობა შეზღუდულია, ან შეუძლებელია.
როცა ორი დაპირისპირებული მხარე ხელისუფლებისთვის იბრძვიან, ვის უნდა ელაპარაკო, ვის სცალია უცხოელებისთვის?
სუდანის შემთხვევაში სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და უნდა გააკეთოს. რაც დავწერე, სამომავლო რჩევაა,”- წერს ამირან სალუქვაძე.

20 აპრილს რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.

“ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სჭირდება, რომ თქვან, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება” – მამუკა მდინარაძე

ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება მაშინ, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევრო ინტეგრაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება ბუნებრივია არ შევცვალეთ! სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს თუ არა კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი ერთხელ ჩვენ არ მოგვეცა უსამართლოდ. ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმებისა და პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ამას სხვაგვარი პასუხი ობიექტურად ვერ გაეცემა. მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებენ და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით, ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და შევქმნათ კომისია. ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას ამ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევროინტეგრაცია“,- განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“ნაციონალური მოძრაობა” მოშლილია, არაფერი ეშველება” – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური პარტიის სისუსტეზე. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, კრიზისს განიცდის.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სულ მცირე, ორ ნაწილად არის გაყოფილი, არის ორი სხვადასხვა ფრთა. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა დაპირისპირება მერაბიშვილსა და კეზერაშვილის შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური პარტიის საერთო სისუსტეზე. ეს ძალიან კარგია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია. პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, პარტიის შიგნით კრიზისს განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს.

სინამდვილეში, „ნაცმოძრაობას“ არაფერი უშველის. მათი თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი, მთავარი დონორი არის კეზერაშვილი, ინტელექტუალური ლიდერი – ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარკვეული სარკაზმით ვამბობ. შესაბამისად, ამ ვითარებაში რაც არ უნდა არჩევნები ატარონ და რა ზომაც არ უნდა მიიღონ, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება. ეს არის კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.