არჩევნები უკრაინაში მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს, თუნდაც ეს ომის პირობებში იყოს -ამერიკელი სენატორი

72
spot_img

ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, მომდევნო წელს უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს – რუსეთის შეჭრის მიუხედავად.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ცნობით, ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი მიმართვა ასეთია: გაოცებული ვარ იმით, რაც თქვენმა ხალხმა და ქვეყანამ გააკეთა. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ თქვენ შეიარაღება მიიღოთ და გაიმარჯვოთ ომში, რომელშიც დამარცხების უფლება არ გვაქვს. ამასთანავე, თქვენ ერთდროულად ორი საქმე უნდა შეასრულოთ – მომდევნო წელს უკრაინაში არჩევნები უნდა გაიმართოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რუსეთის შეჭრის დროსაც კი. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა შეიცვალა. წარსულში ეს ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო“, – აცხადებს ლინდსი გრემი.

მისივე თქმით, ახლა ამერიკელები ყურადღებით აკონტროლებენ შეიარაღებასა და სახსრებს, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან იღებს და მომდევნო ნაბიჯად დემოკრატიის ჩამოყალიბებაში არჩევნები უნდა იქცეს.