“არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით”

127
spot_img

არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით – საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის საქართველოდან დელეგაცია ღონისძიებაზე და მიიღეს თუ არა მიწვევა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ბრალდებების წაყენება უკრაინის მიმართ ან მათი მხრიდან არასწორი ბრალდებების მოსმენა არ შეესაბამება ქართულ – უკრაინულ ურთიერთობების ინტერესს და ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან თავს შეიკავებს.

„პირდაპირ ვამბობთ, რომ კონკრეტული პირების იქ ყოფნა-არყოფნის საკითხი სასურველია სხვა კონტექსტში გავაანალიზოთ. არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით ნებისმიერი ადამიანი, ვინც გულშემატკივარია და პრიორიტეტად აცხადებს ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ასეთი რეალობაა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, როგორც ირკვევა, პრეზიდენტები არიან მიწვეული, ასე დაიგეგმა, რამ განაპირობა, გამოიწვია კონკრეტული შემადგენლობის, კონკრეტული პირების მიწვევა -არ მიწვევა ალბათ, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რაც შეეხება შინაარსს, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ მთელი სულით და გულით ვულოცავთ მთელ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს და გაანეიტრალოს ყველა ის რისკი, რომელიც მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა, პრიორიტეტი და რჩება მნიშვნელოვან ამბად საქართველოსთვისაც. საქართველო როგორც ჩანს კვლავ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, როგორც ამას დაერქვა თავის დროზე,”- განაცხადა სარჯველაძემ.