“პუტინი ნელა მკლავს ციხის საკანში ქართველების ხელით- დასავლეთი კი ჯერ კიდევ აკვირდება, როგორც ჩვეულებრივ”-სააკაშვილი

132
spot_img

2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის ქრონოლოგიას აღწერს და ნატო-ს ბუქარესტის სამიტს წარუმატებელს უწოდებს იმის გამო, რომ ლიდერებმა ვერ შეძლეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსის სწრაფვაზე პირდაპირი და არაორაზროვანი დადებითი პასუხის გაცემა.

„რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს 2008 წლის მოვლენებიდან? ბუქარესტის შეხვედრას წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მოეცა, არ იქნებოდა შემდგომი კრიზისები. ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ანუ მოახდენდა მთელი ქვეყნის ოკუპაციას და ფიზიკურად გამანადგურებდა მე და ჩემი მთავრობის წევრთა უმრავლესობას. ამის შემდეგ სერიოზული სანქციები რომ დაეწესებინათ პუტინისთვის ან, სულ მცირე, მისთვის არ შეეთავაზებინათ „გადატვირთვის“ პოლიტიკა, ყირიმი არ მოხდებოდა. ჩვენ არ ვიქნებოდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, გამოდის, რომ პუტინი გამძლეობით იმარჯვებს უფრო ძლიერ დასავლეთზე, არსებული უთანხმოებების მანიპულაციებით, მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გახრწნით.

„მე მთელი ცხოვრება მჯეროდა დასავლეთის დემოკრატიული იდეალების და რისთვის, რომ გავმხდარიყავი იმის მოწმე, როგორ გაუცრუა იმედები ამ იდეალებმა ჩემს ორივე ქვეყანას – უკრაინას და საქართველოს? საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვა“, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მე-15 წლისთავზე მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინმა მასზე ფიზიკური გამარჯვება მოიპოვა.

„მე ციხეში ვარ, როგორც ის დამპირდა; ჩემი წამების კადრებმა მსოფლიო ეკრანები მოიარა და ამ დრომდე რუსული ტელემაუწყებლობის ჰიტებს შორისაა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, პუტინი ნელა მკლავს ციხის საკანში ქართველების ხელით. დასავლეთი კი ჯერ კიდევ აკვირდება. როგორც ჩვეულებრივ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.