Home Blog Page 2362

“საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” -არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვუერთდებით დღესასწაულს, რათა აღვნიშნოთ უკრაინელი ხალხის ძალა, გამძლეობა და თვითმყოფადობა. საქართველო სოლიდარულია უკრაინისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. З Днем Незалежності, Україно!“, – წერს თალაკვაძე “ტვიტერზე”.

საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს -სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველო ამ დღეს უკრაინის გვერდით დგას.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით ერთნახევარი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

https://www.facebook.com/watch/?v=862716165272581

“პუტინი ნელა მკლავს ციხის საკანში ქართველების ხელით- დასავლეთი კი ჯერ კიდევ აკვირდება, როგორც ჩვეულებრივ”-სააკაშვილი

2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის ქრონოლოგიას აღწერს და ნატო-ს ბუქარესტის სამიტს წარუმატებელს უწოდებს იმის გამო, რომ ლიდერებმა ვერ შეძლეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსის სწრაფვაზე პირდაპირი და არაორაზროვანი დადებითი პასუხის გაცემა.

„რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს 2008 წლის მოვლენებიდან? ბუქარესტის შეხვედრას წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მოეცა, არ იქნებოდა შემდგომი კრიზისები. ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ანუ მოახდენდა მთელი ქვეყნის ოკუპაციას და ფიზიკურად გამანადგურებდა მე და ჩემი მთავრობის წევრთა უმრავლესობას. ამის შემდეგ სერიოზული სანქციები რომ დაეწესებინათ პუტინისთვის ან, სულ მცირე, მისთვის არ შეეთავაზებინათ „გადატვირთვის“ პოლიტიკა, ყირიმი არ მოხდებოდა. ჩვენ არ ვიქნებოდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, გამოდის, რომ პუტინი გამძლეობით იმარჯვებს უფრო ძლიერ დასავლეთზე, არსებული უთანხმოებების მანიპულაციებით, მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გახრწნით.

„მე მთელი ცხოვრება მჯეროდა დასავლეთის დემოკრატიული იდეალების და რისთვის, რომ გავმხდარიყავი იმის მოწმე, როგორ გაუცრუა იმედები ამ იდეალებმა ჩემს ორივე ქვეყანას – უკრაინას და საქართველოს? საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვა“, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მე-15 წლისთავზე მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინმა მასზე ფიზიკური გამარჯვება მოიპოვა.

„მე ციხეში ვარ, როგორც ის დამპირდა; ჩემი წამების კადრებმა მსოფლიო ეკრანები მოიარა და ამ დრომდე რუსული ტელემაუწყებლობის ჰიტებს შორისაა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, პუტინი ნელა მკლავს ციხის საკანში ქართველების ხელით. დასავლეთი კი ჯერ კიდევ აკვირდება. როგორც ჩვეულებრივ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ” – შარლ მიშელი უკრაინელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს. “ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ და თქვენი მომავალი ჩვენთან ერთადაა. ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს”, – აცხადებს შარლ მიშელი.

უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

“უკრაინის ძალა მის ხალხში, გამბედაობასა და ძალაშია. თქვენ ყველა ევროპელისთვის სტიმულის მიმცემი ხართ და ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ უკრაინა თავისუფალი იყოს. ერთად, ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას”, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

“არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით”

არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით – საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის საქართველოდან დელეგაცია ღონისძიებაზე და მიიღეს თუ არა მიწვევა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ბრალდებების წაყენება უკრაინის მიმართ ან მათი მხრიდან არასწორი ბრალდებების მოსმენა არ შეესაბამება ქართულ – უკრაინულ ურთიერთობების ინტერესს და ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან თავს შეიკავებს.

„პირდაპირ ვამბობთ, რომ კონკრეტული პირების იქ ყოფნა-არყოფნის საკითხი სასურველია სხვა კონტექსტში გავაანალიზოთ. არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით ნებისმიერი ადამიანი, ვინც გულშემატკივარია და პრიორიტეტად აცხადებს ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ასეთი რეალობაა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, როგორც ირკვევა, პრეზიდენტები არიან მიწვეული, ასე დაიგეგმა, რამ განაპირობა, გამოიწვია კონკრეტული შემადგენლობის, კონკრეტული პირების მიწვევა -არ მიწვევა ალბათ, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რაც შეეხება შინაარსს, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ მთელი სულით და გულით ვულოცავთ მთელ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს და გაანეიტრალოს ყველა ის რისკი, რომელიც მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა, პრიორიტეტი და რჩება მნიშვნელოვან ამბად საქართველოსთვისაც. საქართველო როგორც ჩანს კვლავ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, როგორც ამას დაერქვა თავის დროზე,”- განაცხადა სარჯველაძემ.

არჩევნები უკრაინაში მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს, თუნდაც ეს ომის პირობებში იყოს -ამერიკელი სენატორი

ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, მომდევნო წელს უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს – რუსეთის შეჭრის მიუხედავად.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ცნობით, ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი მიმართვა ასეთია: გაოცებული ვარ იმით, რაც თქვენმა ხალხმა და ქვეყანამ გააკეთა. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ თქვენ შეიარაღება მიიღოთ და გაიმარჯვოთ ომში, რომელშიც დამარცხების უფლება არ გვაქვს. ამასთანავე, თქვენ ერთდროულად ორი საქმე უნდა შეასრულოთ – მომდევნო წელს უკრაინაში არჩევნები უნდა გაიმართოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რუსეთის შეჭრის დროსაც კი. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა შეიცვალა. წარსულში ეს ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო“, – აცხადებს ლინდსი გრემი.

მისივე თქმით, ახლა ამერიკელები ყურადღებით აკონტროლებენ შეიარაღებასა და სახსრებს, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან იღებს და მომდევნო ნაბიჯად დემოკრატიის ჩამოყალიბებაში არჩევნები უნდა იქცეს.

“მერია, საკრებულო, რას ერჩით თბილისს?” – მამუკა ხაზარაძე

ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი! – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოში „ლაგუნას ვერეს“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის შეტანას.

მისი შეფასებით, აღნიშნული ცათამბჯენები ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს გამოიწვევს.

„თბილისის მერია, საკრებულო, რას ერჩით თბილისს? “ოცნება”, რა დაგიშავათ ამ ქალაქმა? –

დღეს “ლაგუნა ვერეს” და ფიზკულტურის ინსტიტუტის საკითხი გავა “ოცნების საკრებულოზე” და ოფიციალურად მწვანე შუქს აუნთებენ გმირთა მოედნის ცათამბჯენებით განაშენიანებას, ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს!

ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი!“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძისგან საკრებულოს სხდომაზე მისვლას და „მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას“ მოითხოვს

თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მისვლას და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს.

“როგორც საზოგადოებისთვის ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, თბილისის მერიამ აგვისტოს თვეში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სადაო პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ურბანული ნაღმები. საუბარია თბილისში, ჯამში 2 მლნ. კვადრატული მეტრის განაშენიანებაზე, რა დროსაც “ქართულმა ოცნებამ” უხეშად გადაუხვია გენერალური გეგმიდან და აბსოლუტურად მოახდინა ქალაქის ინტერესების და უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობების უკან დგანან თავად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, რაც აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვებს შესაძლო პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე თავად თბილისის მერი გამოცხადდეს და როგორც ამ ქალაქის, მის უსაფრთხოებაზე და სწორ განვითარებაზე პასუხისმგებელმა პირმა წარადგინოს პროექტები და კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხოს”, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტების უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებულ პირები დგანან.

“როგორც იცით, კახა კალაძე რამდენიმე დღეა იმალება, არ ჩნდება და კომენტარს არ აკეთებს ამ მავნებლურ პროექტებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს პროექტები არ ემსახურება თბილისელების ინტერესებს, ასევე, კარგად იცის, თუ ვინ დგას ამ პროექტების უკან. ჩვენ მოვითხოვთ თავად თბილისის მერი, კახა კალაძე მობრძანდეს საკრებულოში და გასცეს თბილისელებს პასუხი. გაგვცეს კახი კალაძემ პასუხი, რომ ეს პროექტები კეთდება იმიტომ, რომ თბილისელებისთვის რაიმე კომფორტი იყოს, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ივანიშვილმა, ჩხარტიშვილმა იშოვოს დამატებითი მილიონები. კახა კალაძე არ შეგეშინდეს, არ დაიმალო, საზოგადოებაში არის მწვავე პროტესტი და არსებობს ძალიან ბევრი კითხვა”,- განაცხადა ნადირაძემ.

“მინდოდა, პრიგოჟინს დაენგრია მოსკოვი, კრემლი და ისე წასულიყო კობზონის კონცერტზე, მაგრამ არ გამოუვიდა”-პაატა მანჯგალაძე

მინდოდა, პრიგოჟინს დაენგრია მოსკოვი, დაენგრია კრემლი და ისე წასულიყო კობზონის კონცერტზე, მაგრამ არ გამოუვიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა, თავისი პირადი შეუთავსებლობის გამო, „რუსეთის ფედერაციის ე.წ. ომის გმირების სპეცოპერაცია-ლიკვიდაცია მოახდინა“.

„პრიგოჟინისნაირი კაციჭამია რუსეთში ბევრია, კარგი იქნება, თუ ერთმანეთს დაერევიან. რაც შეეხება ვერსიებს, ვინც პრიგოჟინთან ერთად იმყოფებოდა, იქიდან უმეტესობა რუსეთის ომის გმირი იყო, სახელმწიფო გმირები, რომლებიც ბახმუტის აღების გამო რამდენიმე თვის წინ პუტინმა დააჯილდოვა. ნახეთ, როგორ ექცევა კაციჭამია პუტინი ე.წ. გმირებს და როგორ ექცევიან გმირებს უკრაინაში და მიხვდებით, სად არის სიმართლე, სამართლიანობა. პუტინმა, თავისი პირადი შეუთავსებლობის გამო, ყველანაირი გადაწყვეტილებისა და სასამართლოს გარეშე, რუსეთის ფედერაციის ე.წ. ომის გმირების სპეცოპერაცია-ლიკვიდაცია მოახდინა. ეს მეტყველებს, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ეს არის ურდო. რაც შეეხება უკრაინას, იცით, როგორ ექცევიან გმირებს. ვისაც გიყვარდათ და აღფრთოვანებული იყავით პრიგოჟინით, ახლა შეადარეთ აზოვი და „ვაგნერი“ ერთმანეთს. ახლა მოიკითხეთ, პრიგოჟინი სად არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

სასამართლომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 ნოემბრამდე პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში კიდევ 3 თვით, 30 ნოემბრამდე დატოვა.

სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.

ევან გერშკოვიჩს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკული მხარე მას „უკანონოდ დაკავებულად“ მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი პატიმრების გაცვლის გზით მის სამშობლოში დაბრუნებას შეეცდება.

სარფში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განმარტავენ, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604 მამაკაცია და 2566 ქალი. მათივე ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4985 პაციენტს განუვითარდა, 2156 პაციენტი გარდაიცვალა.

„31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139, 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.