Home Blog Page 2292

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს”-ირაკლი შენგელია

გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“, – ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი შენგელია აღნიშნავს, აშშ-ის გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითიც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად, ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს ირაკლი შენგელია.

“ხანდახან ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ” – ლევან მურუსიძე

პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები, როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს.

ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ მომხდარიყო არაჯანსაღი სიტუაცია. ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მხიარულება ისმის მათი, რომ სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, ისე მიდის სიტუაცია, მგონი, ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ, სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მგონი, ეს ალბათ, მეეჭვებამ, რო მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს იმ არასამთავროებებმა, პარტიებმა, რომ ამოწეურათ იმედი, მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას, მიტაცებას, ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოო ჯამში“, – განაცხადა მურუსიძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5420 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება” – The Independent

„პოლონეთი დღეს უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთთან ომში, მაგრამ ტრადიციულად ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პოლონეთ-უკრაინის მეგობრობის მიღმა მწარე და სისხლიანი ისტორია იმალება“ (ავტორი – ვანესა გარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვარშავა კიევის ყველაზე მტკიცე მოკავშირედ იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი ისტორიული წყენა არსებობს. მათი გახსენება დღემდე ტკივილს იწვევს.

ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და მის ერთგულ მოკავშირეს შორის რომ დაძაბულობა ნამდვილად არსებობს, ეს ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის დროსაც დადასტურდა, რომელსაც მასპინძელი კოლეგა ანჯეი დუდა დიდი პატივით შეხვდა.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანჯეი დუდამ მეზობელი ქვეყნის ლიდერს აღუთქვა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინისადმი დახმარებას რუსეთთან დაპირისპირების დროს, მაგრამ იქვე აღიარა, რომ მათი ურთიერთობა რთული იყო.

„მრავალი ადამიანი დღემდე განიცდის ტკივილს და ტანჯვას წარსულში მომხდარი მოვლენების გამო“, – თქვა ანჯეი დუდამ, რომელმაც აშკარად მიანიშნა დაახლოებით 100 ათასი პოლონელის სიკვდილზე, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების ხელით დაიღუპნენ 1940-იან წლებში. პოლონეთი ამ ტრაგიკულ მოვლენას გენოციდად თვლის.

პოლონეთ-უკრაინის საკმაოდ რთული ურთიერთობების ფესვებს შორეულ წარსულში გადავყავართ. ევროპის იმ ნაწილში, სადაც მთელი ხალხები და ქვეყნები რუკიდან ქრებოდნენ რამდენიმე ათეული თაობების ხსოვნის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდნენ დანგრეული იმპერიების ადგილზე – ფერფლისაგან აღმდგარი სახით, ზოგჯერ კი მეზობლების მიწების ხარჯზეც, პოლონელებს და უკრაინელებს ეგზისტენციალური მეტოქეობის საერთო ისტორია აქვთ.

მაგალითად, უკრაინას გულში დიდი წყენა აქვს ჩადებული იმ დროიდან, როცა ქვეყანა პოლონეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. უკრაინელები ის პერიოდს, რბილად რომ ვთქვათ, თავიანთი ისტორიის „არც თუ სასიამოვნო გასახსენებლად“ თვლიან.

პოლონელი და უკრაინელი ჩინოვნიკები გაურბიან ძველი წყენების ღიად გახსენებას. ისინი დღეს ყურადღებას უფრო ამახვილებენ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და შიშობენ, რომ თუ ვარშავასა და კიევს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ამით რუსეთი ისარგებლებს. ბოლოსდაბოლოს, დღეს მთავარია კრემლთან დაპირისპირებაში გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლონეთის მომავალ ბედს მრავალი ათეული წლის განმავლობაში განსაზღვრავს.

„მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იარსებებს არავითარი საზღვრები – პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისტორიულიც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასთან შეხვედრის წინ, – მაგრამ ამისათვის საჭიროა ჯერ რუსეთზე გავიმარჯვოთ და ერთად, გვერდი-გვერდ ვიაროთ“.

შეეხნენ რა წარსულის თემას სამხედრო დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის მოლაპარაკების კონტექსტში, ორივე ლიდერმა, როგორც ჩანს, აღიარა, რომ მწვავე საკითხებზე მუდმივი დუმილი არ შეიძლება, თუნდაც რუსეთთან გაჭიანურებული ომის დროს.

პოლონეთის ნაციონალისტური ხელისუფლება, ქვეყნის უფროსი თაობის მოსახლეობის მხარდაჭერით, ანჯეი დუდაზე ზეწოლას ახდენს და ითხოვს, რომ უკრაინელების მიერ პოლონელებისათვის მიყენებული ტანჯვა დავიწყებული არ იყოს. ამ მხრივ წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიისათვის („სამართალი და სამართლიანობა“) ერთგვარი გამოცდა იქნება და საბოლოო ჯამში მის განმსაზღვრელიც, მოიგებს თუ არა ის არჩევნებს მესამე ვადით.

და მაინც ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში მასპინძლები წითელი ხალიჩითა და ხაზგასმულად ფართო ცერემონიით შეხვდნენ. ანჯეი დუდამ სტუმარს პოლონეთის უძველესი და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „თეთრი არწივის ორდენი“ გადასცა: „თქვენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ის გამოჩენილ ადამიანი ხართ, ვისაც ეს ჯილდო მიენიჭა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება, რომლებიც წარსულში დაიღუპნენ. ჩვენს შორის აკრძალული თემები არ არსებობს“.

ალბათ, ყველაზე მწვავე სადაო საკითხი პოლონეთსა და უკრაინას შორის ისაა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს უკრაინის ეროვნული გმირის – სტეპან ბანდერას მიმართ, რომელიც უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ულტრამემარჯვენე ლიდერი იყო და რომელიც გერმანელ ნაცისტებთანაც თანამშრომლობდა.

ბანდერელთა მცდელობებმა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის პოლონეთისაგან და საბჭოთა უკრაინისგან ჩამოშორების მიზნით სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ისინი ულმობლად უსწორდებოდნენ პოლონელებს, ებრაელებს და საბჭოთა ადამიანებს.

ეს თემა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, ანუ იმ დროის განმავლობაში, როცა უკრაინა საბჭოთა რესპუბლიკა იყო, პოლონეთს კი მოსკოვი აკონტროლებდა.

ისტორიკოსების მტკიცებით, 100 ათასზე მეტი პოლონელი, ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, თავიანთი უკრაინელი მეზობლების ხელით დაიღუპნენ იმ რაიონებში, რომლებიც მაშინ – 1930-იანი წლების ბოლოს და 40-იანების დასაწყისში – პოლონეთის სახელმწიფო ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა, ახლა კი ძირითადად უკრაინის შემადგენლობაშია.

ძალადობის პიკი 1943 წლის 11 ივლისს მოხდა, როცა პოლონეთი და უკრაინა გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი, სახელწოდებით „სისხლიანი კვირა“: ბანდერელთა რაზმები კოორდინირებულად ვოლინის ოლქის იმ ასი სოფლის პოლონურ მოსახლეობას დაერივნენ, რომლებიც საკვირაოდ ეკლესიებში ლოცულობდნენ და ამოჟლიტეს.

პოლონელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობის განმტკიცება მხოლოდ სიმართლის სრული აღიარებით იქნება შესაძლებელი.

პოლონელებმა ძალიან ღრმა უკმაყოფილება გამოხატეს მიმდინარე წლის იანვარში, როცა უკრაინის პარლამენტმა სტეპან ბანდერას დაბადების 114-ე წლისთავი დიდი პატივისცემით აღნიშნა და ტვიტერში უკრაინის არმიის დღევანდელი სარდლის ფოტოსურათი განათავსა უკრაინელი ნაციონალისტის გამოსახულების ფონზე. მოგვიანებით ეს პლაკატი ტვიტერიდან წაიშალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ვარშავას ძალიან ეწყინა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა „უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი სტეპან ბანდერას ნებისმიერი განდიდებისა და მის სახელის ხსენების მიმართაც კი“.

წყარო

„ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის, ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ – უცხოური პრესა

„უკრაინის იმედები ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების გაფართოება-განმტკიცების თაობაზე არ გამართლდა. ორივე ქვეყანა უპირატესობას რუსეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას ანიჭებს და არა კიევის სურვილების შესრულებას“, – ნათქვამია დასავლეთ უკრაინულ გაზეთ „ვისოკიი ზამოკში“ (Високий замок – იბეჭდება ლვოვში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის. ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ (ავტორი – სერგეი ფურსა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთთან მიმართებით ვოლოდიმირ ზელენსკის მაგია არ მუშაობს. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი ჩვენი მეგობარი არ არის. პეკინი ვაშინგტონთანაა დაპირისპირებული და უპირატესობას ანიჭებს მოსკოვს, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეს და ძვირფას სანედლეულო პარტნიორს, რომლისგანაც შედარებით იაფად იღებს ნავთობსა და გაზს. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან ომობს, უფრო კონკრეტულად – ამერიკასთან, რომელიც ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ყველაზე მეტად გვეხმარება.

მეორე – იმიტომ, რომ ზელენსკი ჩინელ პოლიტიკოსებს არ ელაპარაკება. უკრაინის პრეზიდენტს უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხერხება, ხალხთან საუბარი. იგი ძალიან პოპულარულია დასავლეთში იმის წყალობით, რომ უკრაინელი ხალხის გმირული სახის ანარეკლს წარმოადგენს. იგი არის უკრაინელობის განსახიერება საშუალო სტატიკური გერმანელისა და კანადელისათვის. იგი თავისი მოქმედებით პასუხობს იმ კონტრელიტურობის მოთხოვნას, რომელიც დღეს ძალზე გავრცელებულია დასავლეთში ბოლო ათწლეულის მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე.

და სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის გამო პოლიტიკოსებს არჩევანის უფლება აღარ აქვთ. პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს. ჩინეთში კი პირიქითაა – იქ საზოგადოებას არ აქვს არჩევანი: როგორც ამხანაგი სი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება.

ამიტომაც, ამხანაგი სი კიევში რომც ჩამოსულიყო, ან დაერეკა და კავშირზე გამოსულიყო, ეს არაფერს არ შეცვლიდა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა გვაქვს ინდოეთთანაც, რომლის ხელისუფლების ავტოკრატიზაცია ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. ნარენდრა მოდი ავტორიტარ ხელმძღვანელად ყალიბდება, რომელიც ხურავს დამოუკიდებელ პრესას, იჭერს და ციხეში გზავნის თავის მოწინააღმდეგეებს, ხოლო ოლიგარქებს უმეგობრდება.

ამიტომაც ჩინეთი და ინდოეთი – როგორც სახელმწიფოები – ჩვენთვის მეგობრები არ არიან. ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან – ეს არის კონფლიქტი ფასეულობებისათვის. ჩვენ ვერ მივიღებთ მხარდაჭერას იმ მთავრობებისგან, რომლებსაც სულ სხვა ფასეულობებს სცემენ პატივს, ან საერთოდ არ გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ გადავიდნენ რუსეთის მხარეზე – იმიტომ მათ ევროპისა და აშშ-ის ბაზარი სჭირდებათ. მათ ასევე იციან, რომ დასავლეთი ამ ბაზრებზე არ შეუშვებს, ამიტომ ისინი შეეცდებიან რუსეთთან ისე ითანამშრომლონ, რომ მოგება მაქსიმალურად მიიღონ. დიქტატორებისათვის ფასეულობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები – საკუთარი, პირადი ინტერესები.

უკრაინაში ვიზიტი და კიევისადმი გამოვლენილი მხარდაჭერა დიქტატორების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის. მათ აწყობთ, რომ რუსეთის გვერდით იყონ – „გლობალური სამხრეთის“ სახით. მართალია, მათი ცხოვრებისა და ეკონომიკური განვითარების დონე დასავლეთს ჩამორჩება, მაგრამ არც ისეთი მცირეა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენდეს. მათ სურთ, რომ საერთაშორისო სივრცეში უფრო დიდი როლი შეასრულონ.

პარადოქსი იმაშია, რომ ბოლო 40-50 წლის განმავლობაში „გლობალური სამხრეთის“ ცხოვრების დონე სწორედ გლობალიზაციის წყალობით გაუმჯობესდა, რომელსაც აშშ ნერგავდა და უზრუნველყოფდა. თუმცა მათ უმრავლესობას ამერიკა მაინც არ უყვართ, ანუ მხარს არ უჭერენ იმათ, ვისაც აშშ მხარს უჭერს. ესე იგი, ჩვენ.

ამიტომაც ნუ ვიდარდებთ იმას, თუ ამხანაგი სი არ დარეკავს. არ ზარისაგან არავითარი სარგებლობა არ გვექნება. მხოლოდ ტყუილად დავკარგავთ დროს. ჩვენთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა ორლაბდო ბლუმის – [ბრიტანელი კინომსახიობის] ვიზიტს შეუძლია.

წყარო

“მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა” – დიმიტრი გვრიტიშვილი

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა – მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

“არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი.

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით.

ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა.

საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე.

ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა.

ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.

“უმჯობესია, საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ” – “ხალხის ძალა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოთხი მოსამართლის სანქცირება ცინიზმის მწვერვალია, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ .

„2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცეული იყო პოლიტიკური რეპრესიების, ელიტური კორუფციის, ბიზნესის რეკეტის, დამოუკიდებელი მედიის მიტაცების, ადამიანების დაშინების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად. უამრავი ადამიანისთვის უსამართლო განაჩენი ნაადრევი სიკვდილით, ჯანმრთელობის მძიმე შერყევით ან ოჯახის გაღატაკებით დასრულდა. ამ სისტემის შემოქმედი სააკაშვილი დღეს ამერიკელების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფი პატიმარია, რომელიც კერძო საავადმყოფოს ლუქსპალატაში ყოფნას ვერ იტანს და რომელზეც გვეუბნებიან, რომ წონაში ხელოვნურად კლების გამო უნდა გავათავისუფლოთ.

კორუმპირებული სასამართლო სისტემის მეორე შემოქმედი, ზურაბ ადეიშვილი ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის სრული გარანტიით სარგებლობს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ. მეტიც, საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ისტერიულად უპირისპირდებიან.

იგივე ეხება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამერიკელებმა 2012 წლიდან მოყოლებული ვერაფრით მოინელეს. არსებობს რამდენიმე ამერიკელი სენატორის რამდენიმე წლის წინანდელი წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ, როგორ ჩაუგდეს ხელში ამერიკელებმა, კერძოდ, USAID-მა, სოროსის ფონდმა და ისტ-უესტ მენეჯმენტმა ალბანეთის სოციალისტურ პარტიას ალბანეთის სასამართლო სისტემა. მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება.

დღევანდელი საქართველოც ამის საუკეთესო მაგალითია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელები სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ. ამერიკელები არ ერიდებიან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე სასამართლო საქმეებზე, რისი ყველაზე ცხადი მაგალითიც „რუსთავი 2“-ის შემთხვევა იყო. ისინი პირდაპირ იბარებენ მოსამართლეს და სთხოვენ ანგარიშს მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე, შემდეგ კი, მას ამერიკაში ვიზიტს უუქმებენ.

ამერიკელები სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უთანხმებენ არცერთ შეხვედრას, ვიზიტს, ტრენინგს თუ სხვა ღონისძიებას, რასაც სასამართლო ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებისთვის იყენებენ. ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს რბილად პასუხობდა, რამაც ამერიკელების მიერ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის კულმინაციამდე – მოსამართლეების სანქცირებამდე მიგვიყვანა.

ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია. როდესაც ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა სულაც 25 პროცენტზეა ჩამოსული, უმჯობესია ამერიკელებმა საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ და სხვის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში ბეწვი არ ეძებონ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ამერიკელების მიერ დალაგებული სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ ბნელ წარსულს არასოდეს უნდა დავუბრუნდეთ. ამისათვის კი, აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოავლინოს მეტი პრინციპულობა და როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანტიდემოკრატიული შეტევებისგან მეტი სიმკაცრით დაიცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Koba Kobaladze Meets Aleksandre Tevdoradze

On April 6, 2023, Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, met with Aleksandre Tevdoradze, Director of the United Water Supply Company of Georgia. The meeting was held at the Head Office of the Company.

The meeting was aimed to support the United Water Supply Company to develop the infrastructure of “Veteran Farmers’ Association” founded in the Region of Guria.

The parties emphasized the joint efforts of state institutions and society to overcome the social and economic challenges faced by veterans living in the region.

Aleksandre Tevdoradze reiterated his support to Koba Kobaladze and “Guria Veteran Farmers Association” and noted that effective steps will be taken by the company in order to facilitate the result-oriented cooperation.

Koba Kobaladze thanked Aleksandre Tevdoradze and the United Water Supply Company of Georgia for their goodwill and cooperation.

The meeting was also attended by Nino Narozashvili, Deputy Director of the United Water Supply Company of Georgia.

„საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს” – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს – კრონპრინცი მუჰამედ იბნ სალმანი ვლადიმერ პუტინს ენერგეტიკულ ომში თავის ყველაზე დიდ იარაღს აძლევს“ (ავტორი – მელისა ლოუფორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლეთი უკან იხევს იმ დროს, როცა რუსეთი გაძლიერებულ საუდის არაბეთს უახლოვდება – იმ საუდის არაბეთს, რომელიც ჯო ბაიდენმა განიშორა. იყო დრო, როცა იგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ჰპირდებოდა, რომ საუდიტებს საერთაშორისო არენიდან გარიყავდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო სწრაფი ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და „მძინარე ჯოს“ თავისი დაპირების დარღვევა მოუწია – ჯიდაში გაემგზავრა, კრონპრინც მუჰამედ იბნ სალმანთან პირადად შესახვედრად. მაგრამ ჯო ბაიდენი, რომელსაც, ალბათ, ეგონა, რომ მასპინძელი ნავთობის მოპოვების გაზრდის წინადადებას დაეთანხმებოდა, მასზე ფასების შემცირების მიზნით, მწარედ მოტყუვდა – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC), რომელსაც საუდის არაბეთი მეთაურობს, აშშ-ის პრეზიდენტის მრისხანე მუქარების მიუხედავად, „შავი ოქროს“ ამოღება დღე-ღამეში ორ მილიონ ბარელამდე შეამცირა. ახლა კი იგივე „ოპეკი“ კიდევ უფრო ამცირებს ნავთობის მოპოვების მოცულობას.

და სანამ ჯო ბაიდენი შორიდან აკვირდება ამ ყველაფერს და თავის უსასოობას აცნობიერებს, ნათელია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ამ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინი იქნება: ნავთობის ამოღების შემცირებით „შავი ოქრო“ გაძვირდება, ანუ რუსეთი, რომელიც დღე-ღამეში 500 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებს და დიდ ნაწილს ექსპორტში გზავნის, მეტ ფულს მიიღებს.

„არაკეთილმოსურნეებმა“ დასავლეთს სამმაგი დარტყმა მიაყენეს: ა) ნავთობზე მაღალი ფასებით ინფლაცია გაგრძელდება, ბ) „ოპეკის“ გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ საუდის არაბეთი დასავლეთს ზურგს აქცევს და ჩინეთ-რუსეთისაკენ ბრუნდება; გ) ნავთობზე მაღალი ფასები და აქედან გამომდინარე, რუსეთის შემოსავლების სწრაფი ზრდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციების ეფექტს ასუსტებს.
ექსპერტების გამოთვლით, ერთი ბარელი ნავთობის ფასის ერთი დოლარით გაზრდით რუსეთის შემოსავლები წელიწადში 2,7 მილიარდი დოლარით მოიმატებს. ათი დოლარით გაზრდის შემთხვევაში კი კრემლი მხოლოდ ამ წელიწადის ბოლომდე 145 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.

„საუდის არაბეთი თითქოს აცხადებს: „რუსეთო, შენ ჩვენი მეგობარი ხარ!“. ერ-რიადი რუსეთ-ჩინეთის ალიანსისაკენ უყურება“, – ამბობს ბერნ შილდროპი, კომპანია SEB Financial Services-ის მთავარი ანალიტიკოსი. საუდის არაბეთისათვის ეს სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია – სამომავლოდ მის ნავთობზე მოთხოვნა სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთში უნდა გაიზარდოს.
ისტორიულად ამერიკას და საუდის არაბეთს საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვთ: ერ-რიადი ამერიკული იარაღის ყველაზე დიდ შემსყიდველს წარმოადგენს. ურთიერთობის პიკმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწია, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს კი შესუსტდა.

საუდის არაბეთის თვალში ჩინეთის რეპუტაცია მაღალია, რადგან პეკინმა ერ-რიადი თეირანთან შეარიგა – მათი ურთიერთობა თავის დროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე იემენის კონფლიქტმა გააფუჭა: თეირანი ამბოხებულ ჰუსიტებს ეხმარებოდა, ერ-რიადი კი იემენის მთავრობას.
იმ დროს, როცა ჩინეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი ერთმანეთთან ახლოვდებიან, ამერიკა სულ უფრო შორდება. ვრცელდება ხმები, რომ საუდის არაბეთმა შეიძლება ნავთობის გაყიდვა, ამერიკული დოლარის ნაცვლად, ჩინურ იუანებზე დაიწყოსო. თუ ეს მართლაც მოხდება, მაშინ ასეთი ცვლილება მსოფლიო ფინანსურ სივრცეში „ბირთვულ აფეთქებას“ დაემსგავსება. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ საუდის არაბეთი – აშშ-ის უწინდელი ერთგული პარტნიორი და მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში – ვაშინგტონს დაშორდება და სხვა ავტოკრატის (ვთქვათ, ჩინეთის) ორბიტაზე გადავა, მაშინ იუანებზე ნავთობის გაყიდვა შეუძლებლად აღარ მოგვეჩვენება.

წყარო

“ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს”

ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

საუბარია იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია.

„ნატო აფართოებს თავის საზღვრებს რუსეთთან და არა – რუსეთი, რომელიც თითქოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნატო-ს საზღვრებთან განთავსებას ცდილობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ, პუტინის თქმით, საწყობების მშენებლობა ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იქნება რუსეთის ბირთვული არსენალის პირველი განლაგება მის საზღვრებს გარეთ.

“რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა” – ლევან მურუსიძე

კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მურუსიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე კორუფციაში არაა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება მოხდა, რომელიც თითიდან გამოწოვილია. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, რაც წლების განმავლობაში გრძელდება – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. დასაწყისში ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს. მაგრამ შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ იქნა სასამართლოს მიტაცება და ხელში ჩაგდება (სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა), ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

“დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან”- ნინო ქადაგიძე

დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან, იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები აგეცემა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

ნინო ქადაგიძემ კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მიერ გუშინ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა, ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან.

ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა, ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვიწოდო სიმშვიდისკენ. ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. დიდ იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული, გაეცემა პასუხები და ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი საზოგადოებაში გამოსვლა, ოფიციალური განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც მომეცემა შესაძლებლობა, რომ მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.