„ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის, ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ – უცხოური პრესა

173
spot_img

„უკრაინის იმედები ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების გაფართოება-განმტკიცების თაობაზე არ გამართლდა. ორივე ქვეყანა უპირატესობას რუსეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას ანიჭებს და არა კიევის სურვილების შესრულებას“, – ნათქვამია დასავლეთ უკრაინულ გაზეთ „ვისოკიი ზამოკში“ (Високий замок – იბეჭდება ლვოვში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის. ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ (ავტორი – სერგეი ფურსა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთთან მიმართებით ვოლოდიმირ ზელენსკის მაგია არ მუშაობს. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი ჩვენი მეგობარი არ არის. პეკინი ვაშინგტონთანაა დაპირისპირებული და უპირატესობას ანიჭებს მოსკოვს, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეს და ძვირფას სანედლეულო პარტნიორს, რომლისგანაც შედარებით იაფად იღებს ნავთობსა და გაზს. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან ომობს, უფრო კონკრეტულად – ამერიკასთან, რომელიც ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ყველაზე მეტად გვეხმარება.

მეორე – იმიტომ, რომ ზელენსკი ჩინელ პოლიტიკოსებს არ ელაპარაკება. უკრაინის პრეზიდენტს უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხერხება, ხალხთან საუბარი. იგი ძალიან პოპულარულია დასავლეთში იმის წყალობით, რომ უკრაინელი ხალხის გმირული სახის ანარეკლს წარმოადგენს. იგი არის უკრაინელობის განსახიერება საშუალო სტატიკური გერმანელისა და კანადელისათვის. იგი თავისი მოქმედებით პასუხობს იმ კონტრელიტურობის მოთხოვნას, რომელიც დღეს ძალზე გავრცელებულია დასავლეთში ბოლო ათწლეულის მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე.

და სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის გამო პოლიტიკოსებს არჩევანის უფლება აღარ აქვთ. პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს. ჩინეთში კი პირიქითაა – იქ საზოგადოებას არ აქვს არჩევანი: როგორც ამხანაგი სი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება.

ამიტომაც, ამხანაგი სი კიევში რომც ჩამოსულიყო, ან დაერეკა და კავშირზე გამოსულიყო, ეს არაფერს არ შეცვლიდა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა გვაქვს ინდოეთთანაც, რომლის ხელისუფლების ავტოკრატიზაცია ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. ნარენდრა მოდი ავტორიტარ ხელმძღვანელად ყალიბდება, რომელიც ხურავს დამოუკიდებელ პრესას, იჭერს და ციხეში გზავნის თავის მოწინააღმდეგეებს, ხოლო ოლიგარქებს უმეგობრდება.

ამიტომაც ჩინეთი და ინდოეთი – როგორც სახელმწიფოები – ჩვენთვის მეგობრები არ არიან. ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან – ეს არის კონფლიქტი ფასეულობებისათვის. ჩვენ ვერ მივიღებთ მხარდაჭერას იმ მთავრობებისგან, რომლებსაც სულ სხვა ფასეულობებს სცემენ პატივს, ან საერთოდ არ გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ გადავიდნენ რუსეთის მხარეზე – იმიტომ მათ ევროპისა და აშშ-ის ბაზარი სჭირდებათ. მათ ასევე იციან, რომ დასავლეთი ამ ბაზრებზე არ შეუშვებს, ამიტომ ისინი შეეცდებიან რუსეთთან ისე ითანამშრომლონ, რომ მოგება მაქსიმალურად მიიღონ. დიქტატორებისათვის ფასეულობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები – საკუთარი, პირადი ინტერესები.

უკრაინაში ვიზიტი და კიევისადმი გამოვლენილი მხარდაჭერა დიქტატორების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის. მათ აწყობთ, რომ რუსეთის გვერდით იყონ – „გლობალური სამხრეთის“ სახით. მართალია, მათი ცხოვრებისა და ეკონომიკური განვითარების დონე დასავლეთს ჩამორჩება, მაგრამ არც ისეთი მცირეა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენდეს. მათ სურთ, რომ საერთაშორისო სივრცეში უფრო დიდი როლი შეასრულონ.

პარადოქსი იმაშია, რომ ბოლო 40-50 წლის განმავლობაში „გლობალური სამხრეთის“ ცხოვრების დონე სწორედ გლობალიზაციის წყალობით გაუმჯობესდა, რომელსაც აშშ ნერგავდა და უზრუნველყოფდა. თუმცა მათ უმრავლესობას ამერიკა მაინც არ უყვართ, ანუ მხარს არ უჭერენ იმათ, ვისაც აშშ მხარს უჭერს. ესე იგი, ჩვენ.

ამიტომაც ნუ ვიდარდებთ იმას, თუ ამხანაგი სი არ დარეკავს. არ ზარისაგან არავითარი სარგებლობა არ გვექნება. მხოლოდ ტყუილად დავკარგავთ დროს. ჩვენთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა ორლაბდო ბლუმის – [ბრიტანელი კინომსახიობის] ვიზიტს შეუძლია.

წყარო