„საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს” – რას წერს უცხოური პრესა

219
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს – კრონპრინცი მუჰამედ იბნ სალმანი ვლადიმერ პუტინს ენერგეტიკულ ომში თავის ყველაზე დიდ იარაღს აძლევს“ (ავტორი – მელისა ლოუფორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლეთი უკან იხევს იმ დროს, როცა რუსეთი გაძლიერებულ საუდის არაბეთს უახლოვდება – იმ საუდის არაბეთს, რომელიც ჯო ბაიდენმა განიშორა. იყო დრო, როცა იგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ჰპირდებოდა, რომ საუდიტებს საერთაშორისო არენიდან გარიყავდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო სწრაფი ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და „მძინარე ჯოს“ თავისი დაპირების დარღვევა მოუწია – ჯიდაში გაემგზავრა, კრონპრინც მუჰამედ იბნ სალმანთან პირადად შესახვედრად. მაგრამ ჯო ბაიდენი, რომელსაც, ალბათ, ეგონა, რომ მასპინძელი ნავთობის მოპოვების გაზრდის წინადადებას დაეთანხმებოდა, მასზე ფასების შემცირების მიზნით, მწარედ მოტყუვდა – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC), რომელსაც საუდის არაბეთი მეთაურობს, აშშ-ის პრეზიდენტის მრისხანე მუქარების მიუხედავად, „შავი ოქროს“ ამოღება დღე-ღამეში ორ მილიონ ბარელამდე შეამცირა. ახლა კი იგივე „ოპეკი“ კიდევ უფრო ამცირებს ნავთობის მოპოვების მოცულობას.

და სანამ ჯო ბაიდენი შორიდან აკვირდება ამ ყველაფერს და თავის უსასოობას აცნობიერებს, ნათელია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ამ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინი იქნება: ნავთობის ამოღების შემცირებით „შავი ოქრო“ გაძვირდება, ანუ რუსეთი, რომელიც დღე-ღამეში 500 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებს და დიდ ნაწილს ექსპორტში გზავნის, მეტ ფულს მიიღებს.

„არაკეთილმოსურნეებმა“ დასავლეთს სამმაგი დარტყმა მიაყენეს: ა) ნავთობზე მაღალი ფასებით ინფლაცია გაგრძელდება, ბ) „ოპეკის“ გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ საუდის არაბეთი დასავლეთს ზურგს აქცევს და ჩინეთ-რუსეთისაკენ ბრუნდება; გ) ნავთობზე მაღალი ფასები და აქედან გამომდინარე, რუსეთის შემოსავლების სწრაფი ზრდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციების ეფექტს ასუსტებს.
ექსპერტების გამოთვლით, ერთი ბარელი ნავთობის ფასის ერთი დოლარით გაზრდით რუსეთის შემოსავლები წელიწადში 2,7 მილიარდი დოლარით მოიმატებს. ათი დოლარით გაზრდის შემთხვევაში კი კრემლი მხოლოდ ამ წელიწადის ბოლომდე 145 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.

„საუდის არაბეთი თითქოს აცხადებს: „რუსეთო, შენ ჩვენი მეგობარი ხარ!“. ერ-რიადი რუსეთ-ჩინეთის ალიანსისაკენ უყურება“, – ამბობს ბერნ შილდროპი, კომპანია SEB Financial Services-ის მთავარი ანალიტიკოსი. საუდის არაბეთისათვის ეს სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია – სამომავლოდ მის ნავთობზე მოთხოვნა სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთში უნდა გაიზარდოს.
ისტორიულად ამერიკას და საუდის არაბეთს საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვთ: ერ-რიადი ამერიკული იარაღის ყველაზე დიდ შემსყიდველს წარმოადგენს. ურთიერთობის პიკმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწია, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს კი შესუსტდა.

საუდის არაბეთის თვალში ჩინეთის რეპუტაცია მაღალია, რადგან პეკინმა ერ-რიადი თეირანთან შეარიგა – მათი ურთიერთობა თავის დროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე იემენის კონფლიქტმა გააფუჭა: თეირანი ამბოხებულ ჰუსიტებს ეხმარებოდა, ერ-რიადი კი იემენის მთავრობას.
იმ დროს, როცა ჩინეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი ერთმანეთთან ახლოვდებიან, ამერიკა სულ უფრო შორდება. ვრცელდება ხმები, რომ საუდის არაბეთმა შეიძლება ნავთობის გაყიდვა, ამერიკული დოლარის ნაცვლად, ჩინურ იუანებზე დაიწყოსო. თუ ეს მართლაც მოხდება, მაშინ ასეთი ცვლილება მსოფლიო ფინანსურ სივრცეში „ბირთვულ აფეთქებას“ დაემსგავსება. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ საუდის არაბეთი – აშშ-ის უწინდელი ერთგული პარტნიორი და მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში – ვაშინგტონს დაშორდება და სხვა ავტოკრატის (ვთქვათ, ჩინეთის) ორბიტაზე გადავა, მაშინ იუანებზე ნავთობის გაყიდვა შეუძლებლად აღარ მოგვეჩვენება.

წყარო