“მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა” – დიმიტრი გვრიტიშვილი

295
spot_img

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა – მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

“არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი.

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით.

ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა.

საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე.

ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა.

ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.