Home Blog Page 2289

“შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია” – შსს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და რვა პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

“ამათი ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები”-ზურაბ ჯაფარიძე

როგორ შეიძლება, ესენი ხელისუფლებიდან გავუშვათ – ერთი გზაა, რომ მიაღწიო რიგგარეშე არჩევნებს და გაყარო, მეორე გზაა, რაღაცნაირად მიდიხარ რეგულარულ არჩევნებამდე, რომელიც არის მომავალ წელს ოქტომბერში, შემდეგ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან გაყარო, გულწრფელები თუ ვიქნებით, ალბათ ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ ქუჩის გზა გარდაუვალია.

„არის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ მაგის გარეშეც შესაძლებელია, არჩევნებით მოგება. მე მაგ ხალხს და მაგ ჯგუფს არ მივეკუთვნები, მაგრამ სხვა გზა არ არის, ხომ? რიგგარეშე არჩევნები არ გამოდის. რამდენიმე თვე დავხარჯეთ ჩვენ, „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ჯერ ცალკე, შემდეგ „დროასთან“ ერთად, რომ მოგვეძებნა ის ხალხი, ვისაც იგივე განწყობა აქვს და ვინც მზადაა, გამოვიდეს ქუჩაში, პროტესტის გზით სცადოს, ამათ დაათმობინოს და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არ გამოვიდა, რადგან ამ იდეის გარშემო კონსოლიდაცია ვერ ხერხდება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ის ხალხი, რომლებიც დღეს, პარლამენტს რომ ვეძახით, ამ შენობაში სხედან, ჩემი აზრით, დღემდე აგრძელებენ პარლამენტარობანას თამაშს და გულწრფელი სურვილი აქვთ, ეს პარლამენტი მიიყვანონ ბოლომდე. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება ვერ ხდება. ამ საკითხს ვერასდროს ღიად მხარს ვერ დაუჭერენ ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის არც სამოქალაქო სექტორში არ არის ამ საკითხში ერთიანობა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება” – კალაძე

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დასრულდა აღნიშნულ მისამართზე განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი.

„გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით, 30-მდე ოჯახი ელოდება ახალი საცხოვრებლის მიღებას. ჯერ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოხდება, შემდეგ კი ახალი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება

მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. 2023 წელს, განვლილი 7 თვის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ენდოპროთეზირების ოპერაციები უფინანსდებათ: პენსიონერებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს და პირველი ჯგუფის შშმ პირებს. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების და მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზის მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სახარჯი მასალების ევროპული და ამერიკული სტანდარტები, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

“ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს” – ანი წითლიძე

ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, კითხვებზე პასუხი გასცეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს მოუწევს, პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში კითხვებს პასუხი გასცეს.

„იცით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული. ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა, მოვალეობაა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე განცხადებები გააკეთა. საზოგადოება და დაღუპულების ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. სტიქიური უბედურებებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა სტიქიური უბედურებების დროს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, საქმე  არის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო ჯერ პრევენციული სამუშაოები, რათა სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე რამდენად დაგვიანებული იყო სამაშველო სამუშაოები, რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ აუცილებელი არ იყო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა, რატომ შეწყვიტეს ღამე ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, კიდევ მსგავსი რამე თუ დამუქრება საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისი პრევენცია მოახდინოს. ეს არის კითხვები, რომლებსაც დავუსვამთ შინაგან საქმეთა მინისტრს. შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს, ინტერპელაციზე გვიპასუხოს ამ კითხვებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წაუყენა. 98-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გარდა ბრალი კიდევ 19 პირს წაუყენეს.

საბრალდებო დასკვნაში, რომელიც 41 პუნქტისგან შედგება, დეტალურადაა მოცემული, რაში ედება ბრალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. მათ შორისაა: ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა; საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის მოთხოვნა; საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა; დოკუმენტების გაყალბება; ყალბი განცხადებები, ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა და სხვა.

საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების, კომპიუტერის ხელყოფის, ქურდობისა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.

“კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა” – Reuters

გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.

“დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!”- თამარ ჩიბურდანიძე

“ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით,” – წერს  სოციალურ  ქსელში მ “ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე

ჩიბურდანიძის თქმით, “ნაცობა” არა მხოლოდ სირცხვილია, არამედ, სასჯელიც არის ამ ადამიანებისთვის.

“მოკლედ, ვკითხულობ ირაკლი კობახიძეზე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, სასჯელია!!!

ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით. ან საიდან უნდა იცოდეთ, ეკლესიაში თქვენ არ დადიხართ, ღმერთის თქვენ არ გწამთ და ცოდვის შიში საიდან უნდა გქონდეთ?
როგორც შოვი ჩაახრჩო აზვირთებულმა ტალახმა, ისე ახრჩობს საქართველოს სიძულვილის და სიბინძურის ტალახში ნაცმოძრაობა და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართული ოპოზიცია.
როგორ არ გეშინიათ? შვილები ხომ გყავთ? თქვენს შვილებს რას ერჩით? რატომ ჰკიდებთ ამხელა ცოდვას? ხომ იცით, რომ ამქვეყნად ყველა დროებით არის…
საბოლოოდ დავრწმუნდი, ნაცებმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. თუ ვინმეზე და რამეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს არის ნაცმოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თუმცა, რაღა შესწავლა უნდა, მათ ღალატზე და ბოროტებაზე ფაქტები მეტყველებს.
დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!” – წერს ჩიბურდანიძე.

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ცისკარა ტოხოსაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

გარდა ამისა, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.

„ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა.

სასამართლომ ც.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია სასპეკულაციო თემად უნდათ რომ გადააქციონ” – მიხეილ სარჯველაძე

სტიქიიდან მეცამეტე დღეს, რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის განხილვა კვლავ აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებს, მმართველი პარტია კი ოპონენტებს სპეკულაციებში სდებს ბრალს. სახელისუფლებო გუნდში განმამარტავენ, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.

„კონტექსტიდან გლეჯენ ცალკეულ წინადადებებს და ამ წინადადებებზე აბამენ კონსპირაციის თეორიებს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მორიგ მცდელობასთან, რომ იქ, სადაც უბრალოდ არ არსებობს მიზეზი ხელისუფლების ბრალდებისთვის, გააჩინონ რაღაც მიზეზი და ვერსია ააწყონ, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ტალახი ესროლონ ხელისუფლებას. ამაში არ არის პრობლემა რასაკვირველია, პრობლემა არის იმაში, რომ მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია უნდათ, რომ გადააქციონ სასპეკულაციო თემად“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

“აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში და აღნიშნული პრობლემა 25 აგვისტომდე უნდა მოწესრიგდეს. კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაავალა, თავად მოახდინონ ღია კაფე-ბარების დემონტაჟი, თუ 24 აგვისტომდე ისინი თავად არ მიმართავენ მერიას ფართობის შემცირების შესაბამისი პროექტით.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მდგომარეობა უცვლელი ვერ დარჩება.

„მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებზე, ბარებზე, სადაც, ფაქტობრივად, ფეხით გავლა შეუძლებელია. გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვზღუდავთ, პირიქით, იცით პანდემიის პირობებში და იმ რთულ წლებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს გაქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ ვიძლევით კონკრეტულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ. დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, თავისი კაფე-ბარების არეალი. ეს ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, არ გამოვა ასე, იმიტომ, რომ ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და თუნდაც შეფუთული. შესაბამისად, ჩვენი არქიტექტურის სამსახურიც მზად არის თანამშრომლობისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სადახლო საავტომობილოს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ყაზახეთის მოქალაქეების შ.ნ.-ს და ს.ს.-ს კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში, მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 189 040.96 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.