“პრეზიდენტის ქმედებებზე კითხვები რჩება” – ანა დოლიძე

220
spot_img

პარტია „ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია კითხვის ნიშნებს აჩენს. ამის შესახებ დოლიძე საკუთარ „ფეისბუქზე” წერს.

„ვიხილეთ პრეზიდენტის განმარტება, კითხვები რჩება:

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თავად დაიწყო ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის წამოწევა, გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ მისი მოქალაქეობა შეეწყვიტა. ამ დროს დღის წესრიგში იყო ბანკის გადაწყვეტილება და ფარცხალაძის დაკავება. მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხით თავად პრეზიდენტის წამოწეულია, თან სასწრაფო ფორმით.

ამ კონტექსტში, რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაური, თან იმის ფონზე, რომ ინიშნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე „ოცნებელი” ბანკში.

გამოდის, რომ საბოლოოდ პრეზიდენტს სჯერა ჩვენი მართლმსაჯულების და იმედი აქვს, კანონის წინაშე ფარცხალაძე პასუხს აგებს. ანუ არც „კლანი“ გვყავს, არც მურუსიძე, არც „ოცნების“ მოსამართლეები და საერთოდ, რას ვერჩით ამ ხალხს? მაშინ პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს მანამდელ კრიტიკას რა ვუყოთ? სადაა სიმართლე?

პასუხი კითხვას-რატომ წარადგინა მან ორი შეუსაბამო წევრი, თანაც ,,ოცნებასთან” დაკავშირებული, კვლავაც სჭირდება.

და ბოლოს, ეს დისკუსია მას რომ არ წამოეწია არავინ მიაქცევდა ყურადღებას ამ თემას იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ფარცხალაძეს შეუძლია თავად გავიდეს მოქალაქეობიდან. ანუ, ეს არ იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ? ვურთავ მუხლს. (მოქალაქეობის შესახებ კანონი, მუხლი 20). შესაბამისად, მოქალაქეობა არაა აქ თემა, არამედ სუს-ის მხრიდან მისი დროული დაკავება, რა პასპორტიც არ უნდა ჰქონდეს”, – წერს ანა დოლიძე.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი მიიღო, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.