“ეს კოლიზია ზურაბიშვილს არ შეუქმნია, არამედ მთლიანად აშშ-ს ხაზინის “დამსახურებაა” – დავით ზარდიაშვილი

752
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

სალომე ზურაბიშვილის შიზოიდურმა უარმა, ხელი მოაწეროს ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის აქტს, კი არ განაპირობა, არამედ გაამწვავა კოლიზია, რაც შეიქმნა აშშ-ს ხაზინის მიერ დაწესებულ სანქციებსა და ჩვენი ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციას შორის, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში კრძალავს სასამართლოს გარეშე საქართველოს მოქალაქის საკუთარ ფინანსებზე წვდომისა და საბანკო ტრანზაქციების განხორციელების უფლებების შეზღუდვას. ეს კოლიზია ზურაბიშვილს არ შეუქმნია, არამედ მთლიანად აშშ-ს ხაზინის “დამსახურებაა”. ხოლო აშშ-ს ხაზინის ეს ნაბიჯი, ვინაიდან უფლებებს ზღუდავს სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილების გარეშე, ვერასგზით ჩაითვლება სამართლიანობად და აშკარად ძალმომრეობის გამოვლინებაა. ფარცხალაძეს არც საერთაშორისოდ, არც აშშ-ს და არც საქართველოს იურისდიქციაში ჯერჯერობით რაიმე ბრალი წარდგენილი არა აქვს. იგი სუფთა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და არა რაიმე სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად გამოცხადებულია რუსეთის ეფ-ეს-ბეს აგენტად, რომელიც, პოლიტიკური და არა სამართლებრივი შეფასებით, თურმე აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. ამრიგად, შექმნილი კოლიზია უკავშირდება კონფლიქტს პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და სამართლის უზენაესობის პრინციპს შორის, რასაც ეწირება უდანაშაულობის პრეზუმფციაცა და ადამიანის უფლებებიც. რასაკვირველია, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს ხაზინის ძალმოსილებასა და გლობალურ ძალაუფლებას, პრაქტიკულად აკონტროლოს მსოფლიო ფინანსური სისტემა და მის მიერ დაწესებული სანქციები რეალურად უზრუნველყოს, უნდა ვაღიაროთ: ამჟამად საერთაშორისოდ ბატონობს არა სამართალი და სამართლიანობა, არამედ აშკარა ძალმომრეობა, რაც ცინიკურად – სამართლიანობად ცხადდება. ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული ბანკი ამ ძალმომრეობას წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ესეც ცხადია: აშშ-ს ხაზინის სანქციებს ვერც ერთი ჩვენი ბანკი პრაქტიკულად წინ ვერ აღუდგება, თუკი საკუთარ თავს საერთაშორისო ფინანსური სისტემებისგან იზოლაციაში არ მოაქცევს, რაც საქართველოს ბანკებისათვის სასიკვდილო განაჩენის რისკის მატარებელია. საქართველოს მოქმედება ცოტა დონკიხოტობასაც ჰგავს და ბუნებრივია, სწორედაც რომ “განწირული სულისკვეთებაა”. თავი ამით უნდა ვინუგეშოთ: “…მაგრამ ცუდად ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება…” აი, ამასა ჰქვია “პოსტ-მოდერნული რომანტიზმი”. შეიძლება ბევრისთვის ღიმილისმომგვრელიცაა, მაგრამ: განა რა არის ამის ალტერნატივა?! და ესეც კარგად ჩანს: ამ “პოსტ-მოდერნული რომანტიზმის” ალტერნატივაა მძაფრი ფსიქო, უფრო სწორედ – მწვავე შიზო, რომლის დემონსტრირებასაც ჩვენი ვაი-პრეზიდენტი და პრო-დასავლური უი-ოპოზიცია ახდენს. დასკვნა ესაა: ცუდი დრო არის, ძალმომრეობა სამართლიანობის სახელით მსოფლიოში ბატონობს, აქაც ტოტალურად გვიტევს და თუ თუნდაც მიამიტური რომანტიზმით თავს ვერ დავიცავთ, სულაც – გაგვაგიჟებს. დიახ, ასეა და უარესს უნდა ველოდეთ.