რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს, დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო. მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად უკრაინის ხელისუფლება დაასახელა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს რუსეთი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
მაგრამ… 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრა. დღეს უკვე ომის 27-ე დღეა. ვითარება კვლავაც დაძაბულია, იბომბება უკრაინის ქალაქები; იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ქვეყნიდან უკვე გასულია 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, მტრის მხარესაც დიდი დანაკარგები აქვს.
როგორ დაიწყო ომი და რა გამოსცადა საკუთარ თავზე უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა, – ალექსანდრე ქურთაულმა, ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:
– დონეცკის ოლქში – გორლოვკაში ვცხოვრობდი, როცა იქ რუსები შემოვიდნენ და სროლა დაიწყო.
ყველაფერი კი, 2013 წლის რევოლუციის შემდეგ, თებერვალში მოხდა. მახსოვს, როგორ შემოვიდნენ რუსი ფორმიანი ჯარისკაცები და პიკეტებაც დაიწყო. ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იდგნენ, რუსული დროშით. უბრალოდ იდგნენ, იარაღიც არ ჰქონდათ. ერთხელ ვკითხე კიდეც, – რამდენს უხდიდნენ – მიპასუხეს, რომ დღეში 4 დოლარს აძლევდნენ. რამდენიმე კვირაში კი, უკვე შეიარაღებული ხალხიც გამოჩნდა. ეს მაშინდელი ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო. მაშინ ძალოვნებმა ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რადგან კიევიდან ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ უნდა ამოეღოთ.
ერთ მშვენიერ/უბედურ დღეს კი, შემოვიდნენ რუსები და ის შეიარაღება, რაც ჰქონდათ, აიღეს. პოლიციის 60% იმათ მხარეს გადავიდა და დონეცკი ჩააბარეს. შემდეგ, რომ გამოფხიზლდა ხალხი და ხელისუფლება, უკვე ჯარიც აღარ ჰყავდათ.
ასევე, რეფერენდუმიც ჩაატარეს, რომელიც არავის დაუთვლია. ვითომ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთში უნდა შესულიყო. ახლა იქაური მოსახლეობის 90% მაინც წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ მოატყუეს.
დონეცკში, ლუგანსკსა და დონბასში ძირითადად შახტები მუშაობდა, ნახშირს მოიპოვებენ. ამჟამად ნახშირი მხოლოდ ლუგანსკში მოიპოვება, დანარჩენ ქარხნებში წყალია ჩამდგარი, დაჭრეს რკინა და ჯართში ჩააბარეს. ახლა მიხვდა ხალხი ამას და უკვე გვიანია. ეშინიათ, თუ ვინმე ხმას ამიღებს, მიჰყავთ, ხვრეტავენ და შახტებში ყრიან.
ინტელიგენცია ვინც იყო, ყველა წამოვიდა. მოსახლეობა მოატყუეს, ყველაფერი დაინგრა…
– თქვენ როდის წამოხვედით იქიდან და რა გზა გაიარეთ დღემდე?
– ჩემს სახლს დღეს მეზობელი უვლის. ქართული ბაღი და ვენახი მქონდა. სახლს არ შეეხნენ, მაგრამ საძირკველში 7 მეტრიანი რაკეტა ჩაერჭო, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა. მე შემომთავაზეს თანამდებობა, რადგან, გარკვეული დამსახურება მქონდა, მაგრამ 2014 წელის მარტში, ოჯახთან ერთად იქიდან წამოვედი. 3 წლის წინ, ქალაქ ელპინში ვიყიდე სახლი, გავარემონტეთ. თუმცა, უკვე ერთი კვირაა იქიდანაც წამოვედით. ელპინი 10 დღე ინტენსიურად იბომბებოდა თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, რომ წამოვედით, მაშინაც გვესროდნენ.
სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა წამოვსულიყავით. ჩავსვი მანქანაში ოჯახი და იმ იმედით, რომ გადავრჩებოდით, წამოვედით. რომ მოვდიოდით, ჩემს უკან მანქანა აფეთქდა და ყველა დაიღუპა. ხოცავენ ბავშვებს, ქალებს, არავის ინდობენ…
ახლა ჩეხეთში ვარ. ველოდებით, რომ სიტუაცია დაწყნარდეს და დავბრუნდეთ. ჩემი სახლი დანგრეულია და უნდა დავიწყო თავიდან აშენება. აქ არ მინდა დარჩენა.
როგორი სიტუაცია იყო თქვენს ქალაქში, როცა რუსეთმა ომი დაიწყო?
– პირველ დღეს რომ შემოვიდნენ ირპენი, ბუჩა რომ გამოიარეს, ხიდები უკვე აფეთქებული იყო. იმდენად უჭკუოები არიან რუსები, რომ დადგნენ იქ და ჩვენებმაც არ დააყოვნეს, – დაუშინეს და გაანადგურეს. ორი დღის შემდეგ წამოვიდა ასე 118 ბრონირებული ტექნიკა და ჩვენს ქალაქამდე შემოვიდნენ. ჩვენებმა ტექნიკის მეოთხედი ნაწილი ქუჩაში ააფეთქეს, დანარჩენი კი – ჩვენს ქალაქში. ზუსტად ნახევარ საათში ეს ტექნიკა აღარ იყო უკვე. ხალხმაც გააჩერა კოლონა და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაახლოებით 1 000 კაცი, იქვე ჩახოცეს და რამდენი ხანია ასე ყრიან გარდაცვლილები. ეს მოხდა 27 თებერვალს.
უკრაინა ეუბნება, – წაიღეთ ეს თქვენი მიცვალებულებიო, რაზეც, არავინ რეაგირებს. შეაგროვეს უკრაინელებმა, ვაგონ-მაცივრები და დაახლოებუთ 10 000 კაცი იმაში უყრიათ. ჯამში დაახლოებით 30 000 სამხედროა მოკლული, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან და წარმოიდგინეთ, ასე მინდორში ყრია ცხედრები…
ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ სულ შეკრიბოთ და გაამრავლოთ 10-ზე. აი, ამხელა მსხვერპლია. ფეხით ხომ მოდიან, ტანკში 3 კაცი ზის, ბრონირებულ ტექნიკაში 10-12, დიდ მანქანებშიც ჯარისკაცები სხედან. რუსი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი სპეცოპერაციაზე გამოუშვეს. სახლებს რომ ანგრევ, ხალხს რომ ესვრი პირდაპირ, რა სპეცოპერაციაა?! ძალიან დიდი მსხვერპლია მტრის ჯარში.
ჩვენთანაც დიდი მსხვერპლია, თუმცა, უკრაინა ამაზე არ საუბრობს. მარიუპოლი განადგურებულია. ნანგრევებში შიმდენი ხალხია დარჩენილი, რომ მათი გამოყვანაც შეუძლებელია, რადგან, არც გზაა და თან მუდმივად ისვრიან. ხარკოვშიც ასეა.
– რა მოლოდინები გაქვთ? როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი?
– უკრაინამ პრაქტიკულად უკვე მოუგო ომი რუსეთს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელში ჩაუბარდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გეგმა. პუტინი კი გაგიჟებულია. უკრაინა ახლა კიდევ ერთ შეტევას ელოდება და მაგით მორჩება ყველაფერი, თუ, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი არ გამოიყენეს.
ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ამ სიტუაციაში ძალიან სწორ პოზიციას იკავებს, რადგან 2008-ში დავინახეთ, თუ რისი თავი გვქონდა. ეს ყველაფერი რომ მორჩება, რუსები თვითონვე გავლენ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. რუსეთის დაშლის პროცესი უკვე დაიწყო. კურდღლებივით არიან რუსი სამხედროები, ამერიკული იარაღი – ჯაველინი ძალიან დაეხმარა უკრაინას. ერთადერთი, ცა დარჩა და ეს თუ დაკეტეს, – კარგი იქნება. შეიძლება ბევრი ტანკი აქვს რუსეთს, მაგრამ არ მუშაობს, ტექნიკა ძალიან ძველია. ახლა ცოტა ბელარუსია საშიში, ჯარის 60%-მა კი განაცხადა ომში ჩართვაზე უარი, მაგრამ, მაინც ჩართულები არიან, რადგან თვითმფრინავები იქიდან მოდის.
კიევის აღების შანსი არ არსებობს. დედაქალაქში 3 კი არა, 7 მილიონი ცხოვრობს. ახლა ჩაწერები აღარ კეთდება და შესაბამისად, ბევრია მოსახლეობაც, თან ძალიან მაგრადაა შეიარაღებული. ხალხი გამწარებულია, ქალია თუ ბავშვი, ყველა იბრძვის. ამ ომმა ერი გააერთიანა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით კი, საქართველოსაც ეშველება და მსოფლიოსაც!
– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მშვიდობას და გამარჯვებულ ქვეყანაში მალე დაბრუნება გისურვებთ!