Home Blog Page 2271

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0338 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ბანკი ქართუ” განცხადებას ავრცელებს

“ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.

ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს “ბანკი ქართუს” დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე,”- ნათქვამია განცხადებაში.

“ნათია თურნავა უნდა გადადგეს” – სალომე ზურაბიშვილი

“ნათია თურნავა უნდა გადადგეს”, –  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ვნანობ და ბოდიშს ვიხდი, რომ ნათია თურნავა არის ჩემი წარდგენილი, თურნავა უნდა გადადგეს და ბათილად გამოცხადდეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების შემდეგ თანამდებობა, სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა.

ცნობისთვის, ასევე, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

პაპუნა ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. რაც შეეხება არჩილ მესტვირიშვილს, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები” – თინა ბოკუჩავა

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს თურნავა-ფარცხალაძის „კლანის“ განმტკიცება ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნათია თურნავა სწორედ პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა, ხოლო მის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატურები პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს.

„თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის საბჭოს ორმა ვიცე პრეზიდენტმა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ნათია თურნავამ გუშინ ივანიშვილის დავალებით მიიღო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ღიად არღვევს ამერიკულ სანქციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემას, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც შეხება აქვს საბანკო სისტემასთან, მათ შორის, მათ, ვინც გზავნილებს იღებენ საზღვარგარეთიდან. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საფრთხეს ქმნის, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე დაკარგოს სტატუსი. ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი. ნათია თურნავა თანამდებობაზე დასამტკიცებლად დაინიშნა სწორედ მისი წარდგინებით. დღეს ორი დამატებითი წევრია წარმოდგენილი პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ახლა მთავარი ამოცანა, რომელიც ქვეყნის წინაშეა, არის ის, რომ გაუქმდეს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო. ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები – თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი, რომელიც „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები არიან, უნდა გაიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა და წარმოადგინოს ახალი კანდიდატები სებ-ის დასაკომპლექტებლად, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებენ და არა რუსი ჯაშუში ფარცხალაძისა და ივანიშვილის დასაცავად. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს წარმოდგენილი კანდიდატები, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს თურნავა-ფარცხალაძის „კლანის“ განმტკიცება ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში. ეს იქნება მისი მხრიდან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, არამედ ევროპული არჩევანის დასაცავად“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს „ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად“ აფასებენ და აღნიშნა, რომ „ივანიშვილი პროვოკაციას მათი მეშვეობით ყოველდღიურად უწყობს ქვეყანას“.

„პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არის „რუსული ოცნება“, რომელიც იცავს რუს ჯაშუშებს და ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ამას სჩადიან მხოლოდ ალქაჯები”- თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციონერ ქალებზე

„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები სოციალურ ქსელში შეაფასა და ქალ დეპუტატებს საქციელი დაუწუნა. „რაც დღეს იკადრეს პარლამენტის ოპოზიციონერმა ქალებმა, სჩადიან მხოლოდ ალქაჯები. საჯარო გინება ქალებისგან ქალის მიმართ ალბათ მხოლოდ მათსავით „დემოკრატიულ” ქვეყნებში ხდება. ქალის კალთას ამოფარებული კაცებიც ალბათ უცხოური წესია, – წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საეჭვოა ამ ადამიანებმა შეძლონ შვილების აღზრდა და ქალების უფლებების დაიცვა. „ვაი იმ მშობელს, ვის შვილებთანაც ამათ აქვთ ურთიერთობა. ესენი არიან ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ქალები? ესენი არიან დედები, რომლებმაც შვილებს ზრდილობა უნდა ასწავლონ? ნეტავ თუ არ რცხვენიათ ამათ მეუღლეებს?

აუჭედეთ აუდიტორიის კარები ამ ქალებს, რომ ახალგაზრდები არ მოწამლონ! სირცხვილია ესენი ქალების სტატუსით სარგებლობდნენ და პოლიტიკოსები ერქვათ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სამარცხვინო, ზღვარგადასულ ქმედებას მალე მოეღება ბოლო ქართველი ხალხისგან,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევისას მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.

მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა.

„ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარნტიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა განზრახულობის შესახებ განაცხადი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შესარჩევად.

ამ პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას და ა.შ. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

“ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს, მივმართავ ახალგაზრდებს, არ შეგაცდინონ” – ირაკლი ზარქუა

ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს, ამაში არ არის ტრაგედია. რამდენჯერაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველას ადეკვატურად გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ მოუწოდა ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„შესაბამისი სტრუქტურები ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ. დაველოდოთ დასკვნებს და ამის შემდეგ მოგვეცემა უფლება, შესაბამისი კომენტარი გავაკეთოთ. ეს ვუთხარით ოპოზიციას, მაგრამ ამ ხელმოცარულების ამოცანაა დაძაბულობის შექმნა. წარმოიდგინეთ, ადეიშვილისა და სააკაშვილის პარტიის წევრები მე მეძახიან რუსეთს. ვაშაძე თვითონ იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ფარცხალაძე თანამდებობის პირი ჰყავდათ გვერდით. ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს. შეიკრიბებიან, ამაში არ არის ტრაგედია. ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, რამდენჯერაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ყველას ადეკვატურად გაეცემა პასუხი. მივმართავ ახალგაზრდებს, შეცდომაში არ შეგიყვანონ. ჩვენ გვაქვს მაგალითი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ხელში დააჭერინეს, ასროლინეს და შემდეგ როგორ მიატოვეს ის ბიჭი, ახლა კაციშვილი არ დადის, არც გულშემატკივრობენ. ეს არის მათი ხელწერა და ამოცანა. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვაშაძეები, ლაკა, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ატარებენ მიტინგს. ამაზე მეტი ამორალურობა რა გინდათ. ჩემი ხაბე იქ მსხვერპლია. ეს იყო მათი ამოცანა, რაშიც სუს-მა ამხილა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ვიმედოვნებ, შევძლებთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მჭიდრო კავშირშია ყარაბაღში კონფლიქტის ყველა მხარესთან და იმედი აქვს, სიტუაცია დეესკალაციისკენ და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ წავა.

“ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ კონფლიქტის ყველა მხარესთან – ერევნის, სტეპანაკერტისა და ბაქოს ხელისუფლებებთან. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დეესკალაციის მიღწევას და ამ პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას”, -აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასა და ყარაბაღში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.

“დღეს დაიწყეს ადუღება” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

არაფერი ახალი არ იყო, რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ. დღეს დაიწყეს ადუღება – ფარცხალაძის თემა მკვდარი ოპოზიციისთვის გარკვეული გავლენებით არის გადმოგდებული თემა, რათა დღის წესრიგი შექმნილიყო და მკვდარი ოპოზიცია გაეცოცხლებინათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძე ძალიან დიდი და გავლენიანი ჯგუფის შეკვეთით და მეშვეობით დაასანქცირა.

„არაფერი ახალი არ იყო, რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ. დღეს დაიწყეს ადუღება, უკვე ამის მზადება, ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. არავინ დაიჯეროს, რომ ეს იყო სპონტანური. გაშლილი, ამაზრზენი პლაკატი, გარეთ ჩხუბში, რომ შეიტყუებენ დეპუტატებს, მეორე ნაწილი, ქალები, რომ გარბიან და ტრაფარეტებს და დროშებს შლიან. ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ეს ხომ გამზადებული იყო, ეს ხომ ამ დღისთვის იყო დაბეჭდილი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება და დაიწყო დუღილი, დუღილის მცდელობა საქართველოსთვის დამაზიანებელი და ამაზრზენი მესიჯით, რომ აქ რუსები არიან და რუსები მართავენ საქართველოს. ფარცხალაძის თემა გარკვეული გავლენებით არის გადმოგდებული, აბსოლუტურად მკვდარი ოპოზიციისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნილიყო და მკვდარი ოპოზიცია გაეცოცხლებინათ. რომ არა ეს თემა და დასანქცირება, ამ დღეებში რაზე უნდა ესაუბრათ? დასანქცირება, ვიღაცების შემოსვლა პლაკატებით, მერე ჩხუბის ატეხა, ეს ყველაფერი არის დაგეგმილი, მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან საშიში, რატომ? ნახეთ, როგორ აპარებენ მესიჯებს, ვაშაძემ როგორ შემოაპარა იარაღის მესიჯი, მან ახსენა ხომ, ესეც ხომ არ მოგვეჩვენა? იარაღი ახსენა? შემოაპარა თემა? დიახ, ნამდვილად დაასანქცირა ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი და გავლენიანი ჯგუფის შეკვეთით და მეშვეობით. ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც კი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ სქემაში უნებლიედ გამოიყენეს და გავლენიანმა ჯგუფებმა, გარკვეულწილად, ეს უზრუნველყვეს. იარაღის მესიჯის შემოპარებაც ვაშაძის მხრიდან შემთხვევითი არ არის. ახლა ტესტავენ ამ მესიჯებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩვენ გვებრძვიან, ეს არის რეალობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა” – თეა წულუკიანი

ჩვენ პარლამენტიც და მთავრობაც, ვართ იმისთვის, რომ ვერავითარი გადატრიალება, ვერავითარი ცეცხლი ვერ იქნება ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვართ ომის თაობის ადმაიანები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ორი რამის გამო – რადგან მას აქვს ღირებულებები და იმის გამო, რომ სახელმწიფომ და არა ხელისუფლებამ, ისწავლა ჭკუა, არ აყვა პროვოკაციებს, ეს ჭკუა ისწავლა სისხლის და ომების ფასად და არ გამართა აქაც ომი.

„თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. მე დღეს ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია, ასე მოუხდება ყველას. რატომ? იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც აქ დაიღვარა ამ შენობის წინ, ჩვენ, ცოტა უფრო დიდი გოგოებს გვაქვს პასუხისმგებლობა, მოვიქცეთ წესიერად. ამ წესიერად ქცევის  მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის. ესენი უკმაყოფილო არიან იმით, რომ არ არიან გაპარპაშებული, რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული, მეძახონ უკულტურო გაუნათლებელი არ მაქვს პრობლემა. მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ, ამაზე ნერვიულობენ, მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ რომ მლანძღავენ, ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს, მათ შორის ვერც სამინისტროს პიკეტი.

რამდენიმე მაგალითი მინდა, ვთქვა, რომელიც ეწერება დიდ კონტექსტში. დღეს საქართველო არის თავდასხმის საგანი. დღეს საქართველოს ებრძვიან. საქართველო, რომელიც 20 პროცენტიც დღეს არის ოკუპირებული, ვითომ ეს არ კმაროდა, სხვა ძალებიც ჩაერთნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ოკუპანტი სახელმწიფოს გარდა. მე არ მიყვრას თქმა იმისა, რაც არ მინახავს და რაც არ ვიცი, რა თქმა უნდა ბევრ რამეს ვერ ვამბობ, მაგრამ ამის დროც მოვა. საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ორი რამის გამო, რადგან მას აქვს ღირებულებები და იმის გამო, რომ სახელმწიფომ და არა ხელისუფლებამ ისწავალა ჭკუა, არ აყვა პროვოკაციებს და ეს ჭკუა ისწავალა სისხლის და ომების ფასად და არ გამართა აქაც ომი. ამის გამო ჩვენ ვისჯებით, რადგან გვაქვს ღირებულებები და იმიტომ რომ არ დავიწყეთ ომი. ნუ მოიტყუება ნურავინ, ნუ იტყვიან, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის ურჩევია ომის დაწყება. ჩვენ აქ ვართ იმისთვის პარლამენტიც და მთავრობაც, რომ ვერავითარი გადატრიალება, ვერავითარი ცეცხლი ვერ იქნება ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვართ ომის თაობის ადამიანები. ჩვენ ვიყავით მოზარდები, ან სტუდენტები, ახალგაზრდები, მე ვიყავი სკოლის მოსწავლე, როდესაც ქუჩაში ვერ გავდიოდით, როდესაც ქუჩაში თუ გახვიდოდი, დაგხვრეტდნენ.

ჩვენ გვებრძვიან, ეს არის რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, მათ შორის მომავალ წელსაც, რომლისთვისაც ბრძოლა და სიტუაციის არევის მცდელობები უკვე არის დაწყებული და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო მაგალითად, როდესაც კლდემამოსილი ქალების კოჰორტამ შემომარტყა ალყა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაგრძელოთ მუშაობა, ისე როგორც ვმუშაობდით აქამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.

„შიშისა და ბიზნესის ურთიერთქმედება: იარაღის ბუმი საქართველოში“ – Euronews

ევროპულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ევრონიუსმა“ (Euronews – მთავარი ოფისი ლიონში, საფრანგეთი) გერმანულ ენაზე ეთერში გაუშვა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „შიშისა და ბიზნესის ურთიერთქმედება: იარაღის ბუმი საქართველოში“.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტს:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში იარაღის მიმართ ინტერესი გაიზარდა. როგორც ცეცხლსასროლი იარაღის დისტრიბუტორები აცხადებენ, ეს ერთგვარად ემოციური ფონით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ კონფლიქტის საქართველოში განახლების შემთხვევაში თავდაცვისათვის იარაღი აუცილებლად დასჭირდებოდათ. რამდენიმე თვეში მძაფრი ემოცია განელდა და იარაღზე მოთხოვნამაც იკლო, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა.
იარაღის მაღაზიებში თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანს შეხვდებით. ხშირად ისეთი ადამიანები ინტერესდებიან, რომელთაც ადრე იარაღთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ სანამ ადამიანი იარაღის ყიდვას გადაწყვეტს, მას სრულად გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანიშნულება და უსაფრთხოების წესები. ასევე აუცილებელია ისიც, რომ იარაღით დაინტერესებული პირი დეტალურად გაეცნოს კანონში „იარაღის შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.

როგორც კანონში წერია, გრძელლულიანი ხრახნიანი სანადირო თოფები სავალდებულო ბალისტიკურ შემოწმებას ექვემდებარება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების მიზანი იარაღზე კონტროლის მეშვეობით დანაშაულის პრევენციაა. მსროლელებს კი ეს ცვლილება არ მოსწონთ და აცხადებენ, რომ გრძელლულიანი იარაღის შემოწმება იმ ფორმით, რა ფორმითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმართავს, ძვირადღირებული იარაღის დაზიანებას გამოიწვევს, ასევე შემმოწმებლის უსაფრთხოებასაც შეუქმნის პრობლემებს.

პრეციზიული სროლის ფედერაცია ასევე პრობლემას ხედავს სასროლეთთან დაკავშირებითაც. ამ დრომდე საქართველოში არცერთი ლიცენზირებული ღია სასროლეთი არ არსებობს. როგორც მსროლელები ამბობენ, კანონის მიხედვით, მიზანში სროლა დაშვებულია მხოლოდ სროლისთვის გამოყოფილ ადგილას, თუმცა სასროლეთების გარდა რომელი ადგილები გამოდგება საამისოდ, ამას კანონი არ აკონკრეტებს. ამის გამო წარმოიქმნება გაუგებრობა მსროლელებს შორის, მათთვის ბოლომდე ნათელი არ არის, კანონიერია თუ არა მიზანში სროლა და ვარჯიში მინდორში ან ტყეში, დაცულ და უსაფრთხო ადგილას მაშინ, როდესაც ასეთ ადგილებში ნადირობის მიზნით სროლა ნებადართულია.
ამ ეტაპზე პრეციზიული სროლის ფედერაცია ვარჯიშებსა და შეჯიბრებებს დასახლებული პუნქტებიდან შორს, ბუნებრივად დაცულ ადგილებში, უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებს. როგორც იარაღის მოყვარულები აღნიშნავენ, უსაფრთხოება უმთავრესია.

წყარო