“წულუკიანი „რუსული ოცნებისთვის“ კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს” – ანა ნაცვლიშვილი

286
spot_img

რასაც მინისტრი ცდილობს მათთან მიმართებით, კულტურის დამორჩილების პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ – რასაც ვერ იმორჩილებს, ცდილობს უბრალოდ გააუქმოს, – ამის შესახებ ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი კონსერვატორიაში მიმდინარე პროცესებზე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „რუსული ოცნებისთვის“ [თეა წულუკიანი] კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს“.

„რაიმეს შექმნა, აღდგენა, გადარჩენა არ შეუძლია – გელათის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი, ტაძარი უარეს დღეშია, ვიდრე მისი გამინისტრებისას – ღვთისმშობლის “დაპატიმრებული” ფრესკა ყველასთვის უდიდესი ტკივილი და სირცხვილია, ეროვნული მუზეუმის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი და ა.შ. თავისი არაკომპეტენტურობა აწუხებს და ამის დეკომპენსირებას რეპრესიებით, ცინიზმით და ძლიერი ხელის იმიტაციით ცდილობს. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ის ადრე იუსტიციის მინისტრი იყო და ვერც ერთი რეფორმა ვერ გაატარა წარმატებით. მისი მინისტრობის დროს, სასამართლოს კლანი აღდგა და გაძლიერდა კიდეც.

თუ რამის უნარი ჰქონდა, კომპეტენცია, ძლიერი ხელი და ქვეყანაზე ფიქრი, მანდ უნდა გამოეჩინა, სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა შეექმნა. მას ამისთვის იდეალური ისტორიული მომენტი ჰქონდა. ეს ვერ შეძლო. დამარცხდა. მას შემდეგ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მაგარია! „რუსული ოცნებისთვის“ ის კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს“, – წერს ნაცვლიშვილი.