ფილმ “იარე, ლიზას” გადაღებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

374
spot_img

ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“.
ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა.

უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი.

ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის – რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად.

ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის – გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი“,- აღნიშნულია განცხადებაში.