” სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება”

207
spot_img

პარტია „ლელოს“ განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ თანხვედრაში და ჰარმონიაშია.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა უნდა წარმოადგენდეს.

„ჩვენ უკვე გვსმენია კრემლის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ გამოთქვა. დღეს ლავროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ და ფრენების აღდგენის საკითხზე.

მაშინ, როდესაც რუსეთის დამნაშავე რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო საზოგადოების იზოლაციის საგანია, საქართველოს რუსული ხელისუფლება ურთიერთობებს აღრმავებს სწორედ კრემლთან და პარალელურად ურთიერთობებს ანადგურებს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან.

საერთაშორისო კონტექსტიც რომ დავივიწყოთ, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევა, მცოცავი ანექსია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა და ე. წ. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზებაზე რაიმე საუბარი ცინიზმის მწვერვალია.

დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს და „ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა“.

“როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”, – აღნიშნა ლავროვმა.