Home Blog Page 2258

“BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია” – მიხეილ სარჯველაძე

დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, მათი მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ! ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას, რათა კრიტიკის მიზეზი მოძებნონ და ამით თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც დავით კეზერაშვილზე მათ პოზიციას უკავშირდება – ცდილობენ პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ, ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ და კრიტიკული პოზიციები ხელისუფლების მიმართ გააჟღერონ. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე არიან პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, ვინც კეზერაშვილთან არიან აფილირებული – მათ რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

“როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება”

დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა ფინანსურად „არარსებული ქვეყანაა“ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.

დიმიტრი მედვედევის თქმით, ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს.

„ეს განცხადება პატივისცემას იმსახურებს. თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, – აღნიშნა მედვედევმა.

“კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა – აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა” -ივანე ჩხაიძე

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ – აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ გაკეთებული გვქონდა მძიმე მეტალების შესახებ კვლევა მაისში. მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაღაცა ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, თუ ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა გადამოწმება. ამას მოითხოვს პროტოკოლი, რომ მოხდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგების მონიტორინგი და შესაბამისად, ჩვენს მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და ჩვენ მივიღეთ იქიდან შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად კვლავ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება და კლინიკის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.

„პერიოდულად, დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია აღენიშნება, მაგრამ ძირითადად, მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კილოკალორიის ფარგლებში და სხვა განსაკუთრებული არაფერია”, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს, როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს კლინიკისთვის რაიმე დამატებითი კვლევა არ მოუთხოვია.

“რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან”

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტი. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7 საათიდან დაიწყო.

ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.

რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.

ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

“არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას” – ჯოზეფ ბორელი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია და ქმედებები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც პეკინსა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უდიდესი გამოწვევაა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის.

„არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ ჩინეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა, ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი ასევე საუბრობს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გამართავს და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უკრაინას.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ, რომელსაც ჩინეთი გადადგამს. ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე. მისი თქმით, ევროპა იცავს უკრაინას და ემზადება ერთ დღეს მის „ოჯახში მისაღებად“, თუმცა ახლა უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ ევროპა აგრძელებს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

განცხადების ბოლოს, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როგორ დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობა, მიუხედავად განსხვავებულობისა, რადგან, მისი თქმით, ეს ორივე მხარისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

“მე ვარ “ფორმულაზე” დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი” – ჩერგოლეიშვილი

რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ – და ეს ფაქტია, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მეპატრონის, დავით კეზერაშვილის მხილებას დაიწყებდა, მანამდე აღნიშნულ ტელევიზიაში დაბლოკილი არ იყო.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ – და ეს ფაქტია
აი ნახეთ:

მაქვს მაღალი რეიტინგი – ბევრი მიყურებს – ეს უბრალოდ ფაქტია.

რასაც ვამბობ, მერე ისე ხდება – ანუ კარგი კომენტატორი ვარ – ესეც უბრალოდ ფაქტია.

ამის მიუხედავად, დაბლოკილი ვარ.

და სანამ უშუალოდ ფორმულას პატრონის მხილებას დავიწყებდი – არ ვიყავი დაბლოკილი. ესეც უბრალოდ მშრალი ფაქტია.

ასე რომ იტლიკინეთ და იყავით.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს უნადგურებენ ურდოს” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“პოლონეთმა მიიღო გერმანიისგან თანხმობა, რომ დამატებით 5 მიგ-29 გადასცეს უკრაინას;

ევროპული კავშირის საბჭომ დაამტკიცა (როგორც იქნა) 31 მაისამდე უკრაინისთვის 200-300 ათასი 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვის გადაცემა;

იაპონია და შვეიცარია გამოყოფენ 5 მილიარდ დოლარს უკრაინის აღდგენისთვის;

პუტლერის რუსებს ალბათ მაგრად სძულთ ჰააგა; ჯერ სად არიან; აგერ ახალი დადგენილება გამოსცა ჰააგის სასამართლომ, რომლის თანახმად ყირიმის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მიტაცების გამო გაზპრომმა 5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს უკრაინულ “ნაფტოგაზს”;

პუტლერის ჯაგლაგა ლავრაშას და მის ამალას არ აძლევენ ამერიკულ ვიზებს, ხოლო სპეც.თვითმფრინავს ნებართვას, რომ ჩამსევრდნენ ნიუ იორკში და უხელმძღვანელონ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას; მოთქვამს ურდოსტანი, ეს რა მოპყრობააო; მართალია – რა ვიზა, რა ვიზა, თავები უნდა ახათქუნებინო ჰააგის საპატიმროში;

ნორვეგიიდან კიდევ 15 რუს შპიონს აჩუ აქნევინეს; გასაყრელი კიდევ ბევრია;

დადასტურებული ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების სანქცია პირადად პუტლერმა გასცა;

ამასობაში ამერიკაში დააკავეს აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერი, 21 წლის ჯეკ თეიშეირა, რომელმაც გაავრცელა ქსელში საიდუმლო დოკუმენტები;

უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა კირილო ბუდანოვმა, ვერაფერზე ვერ იქონიებს გავლენას მაგ დოკუმენტების გაჟონვაო, ვერც ორმხრივ ურთიერთობებზე და ვერც კონკრეტულ ოპერაციებზეო;

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანელინ ბერბოკი ჩინეთში ჩადის; მაკრონის ვიზიტის მერე გზავნილების დაკორექტირება უწევთ გერმანელებს, ტაივანისგან ევროკავშირის დისტანცირება არც მომხდარა და არც მოხდებაო;

უშუალოდ ფრონტიდანაც შედარებით პოზიტიური ამბებია, მაგრამ მელიტოპოლის ბავოვნებმა ანუ აფეთქებებმა უკვე ყოველდღიური ხასიათი მიიღო; გუშინ კარგად დაუბაბანეს ჩვენებმა იქ სადაც ტექნიკის კონცენტრაცია იყო; სადაც ინფრასტრუქტურა აქვთ და სადაც თვითონ ქუჩდებიან; მაგარი პანიკაა მელიტოპოლში და ბერდიანსკში; წკიპზე არიან, რომ მოწყვეტით დაითესონ; ცოტა დარჩათ;

ყირიმსაც გემრიელად წვდებიან უკვე; იქ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს უნადგურებენ ურდოს, თან საკუთარ შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებსაც ტესტავენ ჩვენები;

ძალიან კომიკურია ყირიმის სანაპიროები; აშკარად არასაზღვაო სეზონისთვის ემზადებიან;
ურდოს გაულიატერ ტერარისტ სეპარატისტ გირკინი აქებს და ადიდებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ურდოსებს ეუბნება, თქვენ არ იცით რა უბედურება გველის, რა ძალით შემოგვიტევენო;

ბახმუტში ჩვენებმა ზომები მიიღეს და ვითარება შედარებით დაასტაბილურეს, ანუ რკინიგზის სადგური და ელევატორის მიდამოები ჩვენების კონტროლის ქვეშაა; რკინიგზის ხაზის გასწვრივ მიდის ბრძოლები; რასაც საჭიროდ თვლიან, ჩვენები აფეთქებენ; მოთქვამენ ურდოსები, თავს ვერ შეაფარებს კაცი ვერაფერსო; ყველა შენობას აფეთქებენ ეს “ვანდალებიო”.

ისევ ჰქონდათ გუშინ ხრომოვოს და ბოგდანოვკას მიმართულებიდან შემოტევის და თავდაცვის ზღუდეს გარღვევის მცდელობა, მაგრამ ისევ მაგრად მოხვდათ ჟანგიან ყბებში; სამხრეთ ნაწილშიც თვითმფრინავის მონუმენტის არეალში სერიოზული ბრძოელბი მიდიოდა; მოკლედ, მოთქვამენ პრიგოჟინი და მისი პროპაგანძიორები, კი მივწევთ წინ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბახმუტიდან გასვლის არავითარი ნიშნები არ ჩანს და გიჟებივით ომობენ თითოეული სახლის და ქუჩისთვისო;

მარიინკაში უეჭველი ჩავალ – 14 თვეა ურდო უტევს ამ პატარა დასახლებას და ვერაფერი; ავდეევკაზეც იგივე; არის შტურმები დღე და ღამე, მერე მოადებენ ჩვენები, აუფეთქებენ მძიმე ტექნიკას, მიაკობზონებენ ცოცხალ ძალას და გაიქცევიან;

კუპიანსკი-სვატოვო-კრემინნას მიმართულებებზე პოზიციურობა შენარჩუნდა; ზაპოროჟეს ამბავი კი მოგიყევით და ხერრსონის ოლქში არტდუელები გრძელდებოდა;

მოკლედ, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ ბახმუტს, ყველგან ურდო ძირითადად წვალობს, რომ ჩვენების შეტევისთვის შეძლებისდგაგვარად კარგი პოზიციები დაიკავოს;

წვიმები, წვიმები, შეწყდებოდეს ჩქარა!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გადადგმული ღონისძიებები პარტნიორებში არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს”

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმაურება. როგორც ლაშა ხუციშვილი წერს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გადადგმული ღონისძიებები ჩვენს პარტნიორებში არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და ყველა შეხვედრაზე დადებით შეფასებას იმსახურებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ყველა ჩვენს პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არც ერთი შეხვედრა დახურული არ არის და ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.

საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-სთან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით.

რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.

როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, არასდროს არ ყოფილა აქამდე. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.

ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირს. თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი “შეირჩა” სიყალბის გასავრცელებლად! ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მასშტაბით!“, – წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

“პრეზიდენტის მთავრობასთან დაპირისპირების საკითხი იქნებოდა, რომ სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ღრმაა და პრეზიდენტს არ უნდა, რომ მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს.

მისი თქმით, დაპირიპირების ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო.

„რასაც ორივე მხრიდან ვისმენთ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც აისბერგის წვერი. როგორც ჩანს, სინამდვილეში დაპირისპირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფრო ღრმაა. პრეზიდენტს არ უნდა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა პრეზიდენტი სტრასბურგში კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო გვარამიასთან დაკავშირებით. არ შეიწყალა, რაზე უნდა ესაუბრა, არ იცოდა და შესაბამისად, გადაწყვიტა და საერთოდ არ წავიდა. ეს არის ჩემი ვერსია ამ მოვლენების ახსნის. სალომე ზურაბიშვილი თუ გაბედულ ნაბიჯებს არ გადადგამს, პატივისცემას ვერ მოიპოვებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

“იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში”

იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია, მათ შორის, ჩვენთანაც. იცით და ვადასტურებ, რომ ეს იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები მასთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში. თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები. თუმცა, ჩვენ ამ იდეას თავიდანვე მივესალმეთ. ზოგადად, ჩვენს გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია მას შემდეგ, რაც დავტოვეთ ხელისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, შეხვედრები იყო, რომელსაც ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა, როგორც იცით. დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თუმცა, იმედია ეს იდეა განხორციელდება, რადგან მრავალპარტიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვისურვებდი, ჩართული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ღონისძიებაში, მიუხედავად ყველაფრისა. მე არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უნდა დაველოდოთ, რომ გაირკვეს ეს ყველაფერი, მანამდე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ მთავრობას შეუშლია ხელი მისთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში მისი გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

“ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს.

როგორც კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ენას, რომელიც იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

„ქართული ენა- ენა, რომელიც გამოიხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა- ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს“, – წერს კახა კალაძე.

“კეზერაშვილს ახოცავენ ხელს და გამოჰყავთ ერთადერთ დამნაშავედ, მან უნდა იფიქროს საპროცესო გარიგებაზე და გახსნას მთელი სქემა”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმს ეხმაურება და ამბობს, რომ დანაშაულს სავარაუდოდ, ხელისუფლებამდე მივყავართ და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ, კეზერაშვილი ერთადერთ დამნაშავედ გამოჰყავთ.

არასდროს მქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრებთან, BBC-სთან ბევრი შეკითხვა მაქვს – დავით კეზერაშვილი

ხუხაშვილის თქმით, კეზერაშვილმა უნდა იფიქროს დასავლურ საგამოძიებო სტრუქტურებთან საპროცესო გარიგებაზე და „გახსნას მთელი სქემა“.

„კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული. ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა. სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოჰყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.