“კეზერაშვილს ახოცავენ ხელს და გამოჰყავთ ერთადერთ დამნაშავედ, მან უნდა იფიქროს საპროცესო გარიგებაზე და გახსნას მთელი სქემა”

351
spot_img

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმს ეხმაურება და ამბობს, რომ დანაშაულს სავარაუდოდ, ხელისუფლებამდე მივყავართ და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ, კეზერაშვილი ერთადერთ დამნაშავედ გამოჰყავთ.

არასდროს მქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრებთან, BBC-სთან ბევრი შეკითხვა მაქვს – დავით კეზერაშვილი

ხუხაშვილის თქმით, კეზერაშვილმა უნდა იფიქროს დასავლურ საგამოძიებო სტრუქტურებთან საპროცესო გარიგებაზე და „გახსნას მთელი სქემა“.

„კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული. ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა. სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოჰყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.