“BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია” – მიხეილ სარჯველაძე

56
spot_img

დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, მათი მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ! ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას, რათა კრიტიკის მიზეზი მოძებნონ და ამით თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც დავით კეზერაშვილზე მათ პოზიციას უკავშირდება – ცდილობენ პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ, ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ და კრიტიკული პოზიციები ხელისუფლების მიმართ გააჟღერონ. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე არიან პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, ვინც კეზერაშვილთან არიან აფილირებული – მათ რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.