“პრეზიდენტის მთავრობასთან დაპირისპირების საკითხი იქნებოდა, რომ სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო”

47
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ღრმაა და პრეზიდენტს არ უნდა, რომ მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს.

მისი თქმით, დაპირიპირების ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო.

„რასაც ორივე მხრიდან ვისმენთ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც აისბერგის წვერი. როგორც ჩანს, სინამდვილეში დაპირისპირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფრო ღრმაა. პრეზიდენტს არ უნდა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა პრეზიდენტი სტრასბურგში კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო გვარამიასთან დაკავშირებით. არ შეიწყალა, რაზე უნდა ესაუბრა, არ იცოდა და შესაბამისად, გადაწყვიტა და საერთოდ არ წავიდა. ეს არის ჩემი ვერსია ამ მოვლენების ახსნის. სალომე ზურაბიშვილი თუ გაბედულ ნაბიჯებს არ გადადგამს, პატივისცემას ვერ მოიპოვებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.