Home Blog Page 2257

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

BFMTV-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ სადავო საპენსიო რეფორმა დამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა.

რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.

მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.

 

” მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე”- ზელენსკი

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელს გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია, გადაწყვეტილებას საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი. ადამიანი თუ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე დამოკიდებულია მისი სიცოცხლე, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა წარადგინეს, რათა უზრუნველყონ ის შესაბამისი მკურნალობით. და როგორც ჩანს, ეს არის მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

“პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს”- ვოლსკი

პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს, რომლებიც აქვთ ლევან ხაბეიშვილს და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოპერატიულად მისცა მას თანხმობა და ამას მოწმობს დოკუმენტები.

„ყველამ ვიხილეთ დასტური იმისა, რომ მთავრობას არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო სტრასბურგში გამგზავრება. არსებობს დოკუმენტაცია და გამოქვეყნებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საკითხი, რომელიც მე პირადად მგონია, რომ საგანგებოდ არის მნიშვნელოვანი, ეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას თავის ქვეყნის მიმართ. იგი სულ ახლახან იყო პარლამენტში და აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით. იგი ვალდებულია, ნებისმიერ თემასთან მიმართებით გაიაროს წინასწარი კონსულტაციები მთავრობასთან, ჩამოაყალიბოს პოზიცია და თუკი რაიმე ფორუმზე მისი დასწრება არის აუცილებელი, სავალდებულო, საჭირო, რასაკვირველია, მთავრობაც არ უნდა იყოს წინააღმდეგი და ამ შემთხვევაში, მთავრობამ დაშვება გააკეთა, მაგრამ მე ვფიქრობ, არ გაითვალისწინა ის პოზიცია, რომელიც მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ შეიძლება გაჟღერებული ყოფილიყო სტრასბურგის ტრიბუნიდან, რომელიც აბსოლუტურად სიცრუეზეა აგებული და ეხება საქართველოს საგარეო კურსს, რომ თითქოსდა ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესს არათუ დღეს გადაუხვია, არამედ არასდროს ჰქონია გათვალისწინებული და მუდმივად არღვევდა კონსტიტუციის იმ მოთხოვნას, რომელიც თვითონ “ქართული ოცნების” ინიციატივით იქნა შეტანილი მასში. ეს რეალობა არსებობს და ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი პრეტენზია განხილული უნდა იყოს ტექნიკური მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობა არანაირად არ არის დამნაშავე და უნდა იყოს განხილული შინაარსობრივადაც. სტრასბურგის ტრიბუნა პრეზიდენტისთვის, რომელიც არ ათანხმებს პოზიციას ხელისუფლებასთან, არ აქვს მიზნად დასახული, რომ ქვეყანაში შეიქმნას სწორი ბალანსი პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ თვითონ მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არათუ მხოლოდ დამაბალანსებელი, არამედ ადამიანი, რომელიც დეპოლარიზაციას დაუპირისპირდება და არა პოლარიზაციისთვის შექმნის წინაპირობებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსჯელობა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე არ უნდა იყოს და ამასაც საგანგებოდ უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორც საზოგადოებაში ასევე საინფორმაციო სივრცეში.
ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითონ გააკეთებს განცხადებას, ახალ მიზეზს მოიგონებს იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ ეცადოს დისკრედიტაცია მოახდინოს ხელისუფლების, რასაც ბოლო პერიოდში ინტენსიურად აკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ამასთან ერთად, ჩვენ ყველამ, როგორ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიდგეთ, ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება. პირველი – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არც ადრე და, მით უმეტეს, არც ახლა არ შეუცვლია, მეორე – პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, უსაფუძვლო ინფორმაციას, რის მომსწრენიც პარლამენტში გავხდით და მესამე – როცა პრეზიდენტი მიემგზავრება საერთაშორისო ფორუმზე, ამ ფორუმზე მისი წარმომადგენლობა არის სიმბოლური, მაგრამ ამ სიმბოლიზმს თან უნდა ახლდეს პოზიტივი, იგი უნდა იღწვოდეს თავის ქვეყნისთვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ ხორციელდება”- ავიაციის სააგენტო

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა, ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA)  განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებითვე, რუსულ მხარეს მათთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე არ მოუმართავს.

„შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საბოლოოდ კი ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.

„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტაბლოზე ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება.  ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად“, – განუცხადა RBC-ს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.

მანამდე ვნუკოვოს ვებგვერდზე, განრიგში გამოჩნდა პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, გრაფაში „პერიოდი“ აღნიშნული იყო 2023 წლის 18 აპრილი – 2023 წლის 28 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

” არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან”- თინა ხიდაშელი

“ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე, თითქოს, არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე, უცებ, მილიონერად რომ გავიდა პოლიტ-არენიდან” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი,  თინა ხიდაშელი  ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

“ორი დღე არ დაიტოვებით ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან

მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ თავად ყვება ყველაფერს! სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ რომ გაიგოთ

აი აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ რომ BBC დაჭირდა იმას რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები როგორ ხდება ასეთი ამბები შესძლებელი” – წერს ხიდაშელი.

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

კეზერაშვილი თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე სასაუბროდ ლონდონში ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს შეხვდა

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია დავით კეზერაშვილის შეხვედრა ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან, თინა ბურჯალიანთან.

შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგა ლონდონში, აზიურ რესტორან „ნოვიკოვში“ (Novikov), სადაც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„ფოტო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც BBC თაღლითური სქემის შესახებ თავის ფილმს ამზადებდა. სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სწორედ ბურჯალიანი აგვარებდა თაღლითური სქემის იურიდიულ ნიუანსებს“, – აღნიშნულია „იმედის“ ინფორმაციაში.

“ფორმულას რეპუტაცია არ არის კეზერაშვილის რეპუტაცია” – ლაშა ბუღაძე

„ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს”, – ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

„ფორმულა“ არის ქართული საზოგადოების მოკავშირე საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლების და პოლიტიკური ევროპეიზაციის გზაზე. „ფორმულაში“ მუშაობენ პროფესიონალები და ცოდნის თუ კულტურის კუთხით, ეს ტელევიზია უთუოდ მაღალი ხარისხის მატარებელია. სამწუხაროდ, იმხელა ფული, რომ ტელევიზიის გახნა-შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, საქართველოში მხოლოდ იმ კაცებს აქვთ, ვისაც არაერთი „ჩონჩხი მოეპოვება კარადაში“ და ეს ჩვენი უდიდესი პრობლემაა. მედიის თავისუფლება და რუსული გავლენის აგენტურის მხილება კრიტიკული პლატფორმებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იმის მიუხედავად, რომ არსებობდა რეპუტაციული უხერხულობა „ფორმულას“ მფლობელის პოლიტიკური მორალის მიმართ, კონტექსტის და რეჟიმთან დაპირისპირების მოდელის გათვალისწინებით, თუნდაც პირადად ჩემთვის (და ბევრი ადამიანისათვის) ყოველთვის უპირატესი არგუმენტი იყო და არის თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და მისი შეძლებისდაგვარი გაძლიერება.

“ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია! „ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს. სხვა ვეღარაფერი. ჯერ კიდევ პლატონიდან ვიცით, რომ არსებობს „დიდი და მცირე ოლიგარქიები“ და ეს უბედურება – კულისებიდან მართვა-კონტროლი – ვერა და ვერ დაიძლია ჩვენს ვერმოდერნიზებულ და კრიმინალიზებულ საქართველოში. არადა, ოპოზიციის ველი სრულ კონტრასტს უნდა წარმოადგენდეს ივანიშვილთან. ივანიშვილის მარიონეტებს კეზერაშვილის მარიონეტებით ვერ შეცვლი. კეზერაშვილის, მერაბიშვილის, სააკაშვილის თუ სხვა ძველთა პოლიტიკურმა სიბეცემ და მატერიალურმა თავდაჯერებულობამ ყოველ ჯერზე სასარგებლო იდიოტის ან შეგნებული მავნებლის როლი შეასრულა პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილთან და რუსულ მთავრობასთან მებრძოლი ქართული საზოგადოება დიდწილად სწორედ ამათი აკვიატებების შედეგად ზიანდებოდა. და ოდესმე ეს უნდა დასრულდეს! შეიგნეთ, „ძლიერო კაცებო“, თქვენი პოლიტიკური დრო დასრულდა! ახლა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელი გრძნობს თავს უხერხულად, რადგან კარგის შებღალვა მცირედი ლაქით ბევრად ადვილია, ვიდრე ისედაც დასვრილის და შებღალულის. რითიღა უნდა შებღალო რომელიმე Post-ტვ-ის ან “იმედის” ურეპუტაციო, მორალს მიღმა მდგომი მფლობელები და პროპაგანდისტები, ისინი ისედაც რეპუტაციულ ჭაობში არიან ჩანთქმული, „ფორმულაში“ კი წესიერი, გაბედული და საქართველოს პატრიოტი ხალხი მუშაობს. რეპუტაციული სამიზნეც ახლა სწორედ ეს ადამიანებია და არა იმდენად კეზერაშვილი.

მიზანი „ფორმულას“ დადუმებაა, რაკი პატიოსანი პასუხს თავის ქმედებებზე და შრომაზე აგებს და არა სხვის ცოდვებზე. ახლა ჩვენ სცილასა და ქარიბდას შორის ვართ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, თუ არ გინდათ, რომ ტელევიზიას გაეცალონ პროფესიონალები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები, ბ-ნი კეზერაშვილი თავად უნდა გაერიდოს როგორც ქართულ პოლიტიკას, ასევე ამ ტელევიზიას, რადგან სხვანაირად „ფორმულა“ იქამდე დაიცლება, ვიდრე ივანიშვილი მოასწრებს მის დახურვას. ბევრჯერ მსმენია, როგორ უჭირთ დასავლელ დონორებს ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების მხარდაჭერა მათი პარტიული აფილაციების გამო. და ეს პრობლემაა. მაგრამ ამავდროულად შანსიც, თუკი პოლიტიკის ძველი და ობსესიური პარტიული ბობილები დაეხსნებიან ჟურნალისტებს. მოვუწოდებ ბ-ნ კეზერაშვილს გადასცეს თავისი აქტივები „ფორმულას“ ჟურნალისტებს – მართალია, ფული მან ჩადო „ფორმულაში“, მაგრამ ტელევიზია შექმნეს პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და ამათ გარეშე „ფორმულა“ იქნებოდა რომელიმე მდარე ხარისხსის Post-tv. „ფორმულა“ მისი ჟურნალისტების რეპუტაციაზე დგას და არა ვინმე სხვაზე. თავისუფლება არ ასუსტებს, პირიქით, გვაძლიერებს“, – წერს ლაშა ბუღაძე.

“დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს”-BBC

დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებისთვის და აზიარებდა მათ პოსტებს, – ამის შესახებ საუბარია BBC-ის საგამოძიებო ფილმში, რომელიც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ეძღვნება.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, არსებობს რამდენიმე სხვა სამხილიც, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებს.

„რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლებიც Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითურ ქოლ-ცენტრ „ევერეფიქსისთვის“ და პროგრამების უზრუნველმყოფი ტექნოლოგიური ფირმისთვის. ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში ჩაატარა. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, სადაც განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა. როდესაც შევამოწმეთ Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი პირის სოციალური მედიის პროფილები – ქორწილის, წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო კავშირი აქვს დავით კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული სულ მცირე 45 ადამიანის ფეისბუქ-მეგობარი, ხოლო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული 4 მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, – ვიგებთ ფილმიდან.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

სააღდგომო ნობათი სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს

თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა სოცდაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა. თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა, გივი ჩხარტიშვილმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, დამსახურებულ პედაგოგებსა და საპატიო დიდუბელებს სააღდგომო ნობათი გადასცა. ნობათთან ერთად მათ სასაჩუქრე ვაუჩერებიც გადაეცათ.

“ამდენი ოჯახის და ადამიანის გახარებას ვერ შევძლებდით, რომ არა დიდუბის რაიონის გამგეობის და კერძო ბიზნესის თანადგომა. დიდი მადლობა თითოეულ კომპანიას, ვინც შემოგვიერთდა ამ კეთილს საქმეში და მოგვცა შესაძლებლობა გამოგვეჩინა ყურადღება ადამიანებისადმი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. Ვიცი, რომ ეს არ არის ბევრი, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და მათ აღდგომის დღესასწაული გავულამაზეთ”, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

უცნაური დღეა- ქმნილებამ შემოქმედი მოკლა – თორნიკე ნაროზაული

“დღეს ღმერთი მოვკალით, რომელიც ხვალ ჯოჯოხეთში ჩავა და პირველ ადამიანს აიყვანს სამოთხეში”-
ყველაზე დამამცირებელი სიკვდილით, ავაზაკებთან ერთად აცვა ჯვარს”,-წერს სოციალურ ქსელში პოეტი, თორნიკე ნაროზაული.

“უცნაური დღეა. ქმნილებამ შემოქმედი მოკლა”.

ამაზე აბსურდული და ალოგიკური რაღა უნდა მოხდეს სამყაროში.

ეს რომ სინამდვილე არ იყოს, რომელ სულელს დასჭირდებოდა ამ ამბის გამოგონება. ეს რომ ჭეშმარიტად არ მომხდარიყო, როგორ გავრცელდებოდა ასეთ აბსურდულ მოტივებზე შექმნილი ცრუ რელიგია?!
მაშინ, როცა ადამიანი გამუდმებით ძლევამოსილ მფარველს ეძებს.

ჩანს, ჩვენი მხსნელი თავისი ძლევამოსილების გამო კი არ არის ჩვენი მხსნელი, არამედ – აბსოლუტური სიყვარულის გამო.

ქრისტე ადამიანმა კი არა, საკუთარმა სიყვარულმა აცვა ჯვარს.

დასაბამიდან არსებულ არცერთ რელიგიაში, არცერთი ღმერთი არ დაუშვებდა ამას.

პირიქით, რელიგიები გამუდმებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომელი უფრო ძლევამოსილ ღმერთს გამოიგონებდა.

ის კი, ის ერთადერთი და ჭეშმარიტი, მოვიდა და ნაცვლად იმისა ნაფლეთებად ექცია ადამის მოდგმა, ადგა და საკუთარი თავი გადასცა მსხვერპლად.

(სასაცილოა, როცა ამ ღმერთს მსხვერპლად სხვადასხვა ცხოველებს ვწირავთ.)

პარადოქსია, მაგრამ დღეს ჩვენი გამოსყიდვის, გამოხსნის დღეა.

სწორედ მან გვიხსნა სიკვდილისგან, ვინც ჩვენ მოვკალით.

სწორედ მან მოგვცა მარადიული სიცოცხლის აღთქმა, ვისაც სიცოცხლე მოვუსწრაფეთ.

დღეს ღმერთი მოვკალით, რომელიც ხვალ ჯოჯოხეთში ჩავა და პირველ ადამიანს აიყვანს სამოთხეში.

ღმერთი, რომელიც ავაზაკს გამოასახლებს საკუთარი ჯოჯოხეთიდან და სამუდამო სიყვარულში დაასახლებს.

ღმერთი, რომელიც არც გრიგალისა და არც ქარიშხლის, არამედ სიოს საამური ხმით გვესაუბრება.

ღმერთი, რომელიც არის ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული.

ღმერთი, რომელმაც მსახურებად კი არა შეგვქმნა, არამედ შვილებად.

ღმერთი, რომელიც გვეუბნება, რომ შეგვიძლია მამა ვუწოდოთ, მეტიც, მოფერებით ფორმით, “მამი” ან “მამიკო” დავუძახოთ.

მისალოცად გვაქვს თუ არა საქმე?!

გვაქვს, რადგან სწორედ დღეს, როგორი მტკივნეული დღეც არ უნდა იყოს, ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა.

ჩვენ თავისუფლები ვართ.

მთავარია, ვინ როგორ და რისთვის გამოვიყენებთ ამ თავისუფლებას.

ზოგიერთი ჩვეგანი ხვალაც ჯვარს აცვამს ქრისტეს, ზოგიერთი დაგვარწმუნებს, რომ ის საერთოდ არ არსებობდა, ზოგიერთი კი იხილავს და განიცდის მის აღდგომას და მთელს მსოფლიოს ახარებს ამ ამბავს:
ქრისტემ სძლია ჯოჯოხეთს და გამოგვიხსნა მისი დილეგებიდან.

ჩვენ გამოსყიდულები, თავისუფლები ვართ და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მან შეგვიყვარა!”- წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ნაროზაული.

“BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია” – მიხეილ სარჯველაძე

დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით ჩართულია პოლიტიკაში და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, მათი მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ! ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას, რათა კრიტიკის მიზეზი მოძებნონ და ამით თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც დავით კეზერაშვილზე მათ პოზიციას უკავშირდება – ცდილობენ პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ, ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ და კრიტიკული პოზიციები ხელისუფლების მიმართ გააჟღერონ. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე არიან პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, ვინც კეზერაშვილთან არიან აფილირებული – მათ რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ე.წ. ქოლცენტრების ფინანსურ თაღლითობაზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

“როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება”

დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა ფინანსურად „არარსებული ქვეყანაა“ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.

დიმიტრი მედვედევის თქმით, ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს.

„ეს განცხადება პატივისცემას იმსახურებს. თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, – აღნიშნა მედვედევმა.