“დღეს ღმერთი მოვკალით, რომელიც ხვალ ჯოჯოხეთში ჩავა და პირველ ადამიანს აიყვანს სამოთხეში”-
ყველაზე დამამცირებელი სიკვდილით, ავაზაკებთან ერთად აცვა ჯვარს”,-წერს სოციალურ ქსელში პოეტი, თორნიკე ნაროზაული.
“უცნაური დღეა. ქმნილებამ შემოქმედი მოკლა”.
ამაზე აბსურდული და ალოგიკური რაღა უნდა მოხდეს სამყაროში.
ეს რომ სინამდვილე არ იყოს, რომელ სულელს დასჭირდებოდა ამ ამბის გამოგონება. ეს რომ ჭეშმარიტად არ მომხდარიყო, როგორ გავრცელდებოდა ასეთ აბსურდულ მოტივებზე შექმნილი ცრუ რელიგია?!
მაშინ, როცა ადამიანი გამუდმებით ძლევამოსილ მფარველს ეძებს.
ჩანს, ჩვენი მხსნელი თავისი ძლევამოსილების გამო კი არ არის ჩვენი მხსნელი, არამედ – აბსოლუტური სიყვარულის გამო.
ქრისტე ადამიანმა კი არა, საკუთარმა სიყვარულმა აცვა ჯვარს.
დასაბამიდან არსებულ არცერთ რელიგიაში, არცერთი ღმერთი არ დაუშვებდა ამას.
პირიქით, რელიგიები გამუდმებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომელი უფრო ძლევამოსილ ღმერთს გამოიგონებდა.
ის კი, ის ერთადერთი და ჭეშმარიტი, მოვიდა და ნაცვლად იმისა ნაფლეთებად ექცია ადამის მოდგმა, ადგა და საკუთარი თავი გადასცა მსხვერპლად.
(სასაცილოა, როცა ამ ღმერთს მსხვერპლად სხვადასხვა ცხოველებს ვწირავთ.)
პარადოქსია, მაგრამ დღეს ჩვენი გამოსყიდვის, გამოხსნის დღეა.
სწორედ მან გვიხსნა სიკვდილისგან, ვინც ჩვენ მოვკალით.
სწორედ მან მოგვცა მარადიული სიცოცხლის აღთქმა, ვისაც სიცოცხლე მოვუსწრაფეთ.
დღეს ღმერთი მოვკალით, რომელიც ხვალ ჯოჯოხეთში ჩავა და პირველ ადამიანს აიყვანს სამოთხეში.
ღმერთი, რომელიც ავაზაკს გამოასახლებს საკუთარი ჯოჯოხეთიდან და სამუდამო სიყვარულში დაასახლებს.
ღმერთი, რომელიც არც გრიგალისა და არც ქარიშხლის, არამედ სიოს საამური ხმით გვესაუბრება.
ღმერთი, რომელიც არის ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული.
ღმერთი, რომელმაც მსახურებად კი არა შეგვქმნა, არამედ შვილებად.
ღმერთი, რომელიც გვეუბნება, რომ შეგვიძლია მამა ვუწოდოთ, მეტიც, მოფერებით ფორმით, “მამი” ან “მამიკო” დავუძახოთ.
მისალოცად გვაქვს თუ არა საქმე?!
გვაქვს, რადგან სწორედ დღეს, როგორი მტკივნეული დღეც არ უნდა იყოს, ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა.
ჩვენ თავისუფლები ვართ.
მთავარია, ვინ როგორ და რისთვის გამოვიყენებთ ამ თავისუფლებას.
ზოგიერთი ჩვეგანი ხვალაც ჯვარს აცვამს ქრისტეს, ზოგიერთი დაგვარწმუნებს, რომ ის საერთოდ არ არსებობდა, ზოგიერთი კი იხილავს და განიცდის მის აღდგომას და მთელს მსოფლიოს ახარებს ამ ამბავს:
ქრისტემ სძლია ჯოჯოხეთს და გამოგვიხსნა მისი დილეგებიდან.
ჩვენ გამოსყიდულები, თავისუფლები ვართ და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მან შეგვიყვარა!”- წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ნაროზაული.