Home Blog Page 2250

სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ

სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.

ევროკავშირის ელჩზე თავდასხმის დეტალები და დიპლომატის მდგომარეობა უცნობია. სუდანში ევროკავშირის ელჩი ირლანდიელი დიპლომატი, აიდან ოჰარაა.

შეგახსენებთ, რომ სუდანში სამი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.

“სუდანში ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში რჩებიან”- Myway Airlines

ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, ამჟამად სუდანში მათი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში არიან.

მათივე ცნობით, სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან, ავიაკომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ცდილობს დაგეგმოს ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე.

სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია „ჯეო სქაიდან“, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსსა“ და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

“გაკვირვებული ვარ ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო”- ნიკა მელია

გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარე, პარტიის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალა არა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია და ოფისი გაიხსნა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც პარტიაშია.

მელიას განცხადებით, როგორც თბილისში გახსნილი ოფისისა და მიზნების შესახებ პარტიის მენეჯმენტს აცნობეს.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ,(რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო.

ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს.

ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!”, – წერს მელია “ფეისბუქზე”.

“მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”- გოგა ხაინდრავა დენიელ ფრიდს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორის, დენიელ ფრიდის განცხადებებს, საქართველოსთან დაკავშირებით, ,,ტვიტერით,, ეხმიანება.

“არჩევნების გაყალბებისა და პოლიტიკური დევნის იარაღად ქცეული მართლმსაჯულება პორნოვარსკლავს და პრეზიდენტს შორის გასაღებს რომ დაკარგავს, დაზვერვის სისტემის კრახს 21 წლის ბიჭს რომ დააბრალებს, – მრუდე სარკეში დანახული აშშ ამას ჰქვია, მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”, – წერს ხაინდრავა.

“ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან”- ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუდანში ამ მომენტამდე შეტაკებები არ გაჩერებულა, რის გამოც ჯერჯერობით მათთან კორიდორზე მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება.

„ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთდროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან. კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენს პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაცა მხარემ აიღოს კონტროლი სიტუაციაზე და მოხდეს მათთან ამ ნებართვებსა და დერეფანზე დალაპარაკება. ჯერჯერობით არ გვესაუბრებიან, რადგან შეტაკებებში არიან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ, ჯანმრთელად არიან და იმყოფებიან იქ, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ“- განაცხადა ხვთისიაშვილმა.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში ამჟამად დაახლოებით 40-მდე საქართველოს მოქალაქეა, მათი ნაწილი იქ სამუშაოდ იმყოფება.

ბრიტანეთის პარლამენტმა რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 13 აპრილს პრემიერმინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსური ინტერესების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტის საიტზე განთავსდა, მაგრამ გამოძიების დეტალებზე არაფერია ნათქვამი.

გამოძიება პარლამენტის სტანდარტების კომისარმა, დენიელ გრინბერგმა დაიწყო.

ამასთან, როგორც SkyNews-ი იტყობინება, გამოძიება უკავშირდება იმას, რომ ბავშთა მოვლის კომპანიაში სუნაკის მეუღლის წილი შესაძლოა, არ იყოს დეკლარირებული.

ტელეკომპანიას დაუნინგ-სთრითზე წყარომ განუცხადა, რომ გამოძიება ეხება მისი მეუღლის, აკშატა მურთის წილებს ბავშვებზე მოვლის სააგენტო Koru Kids-ში, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს.

გასულ თვეში კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა გამოაცხადა ბავშვთა მომვლელებისთვის 600 ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტიმულირების საპილოტე სქემა და ეს თანხა გაორმაგდება 1200 ფუნტამდე, თუ ისინი Koru Kids სააგენტოს მეშვეობით დარეგისტრირდებიან.

ამასთან, ჰანტს პრეზენტაციაზე სუნაკის მეუღლეზე არაფერი უთქვამს, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა კერძო კომპანიებს.

“იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის”- გოგა ჩანადირი

იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის.  ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა”,- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.
“ქალაქი რომელიც მიდის
იუსუფელი, თურქეთი
The city that goes
Yusufeli, turkey
იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის.
ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა.
ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ნაქალაქარდებოდა.
ახლა უკვე არის ნაქალაქარი.
ჩაიძირა იუსუფელი, ოდესღაც ქართული ქალაქი ტაოში, რომელსაც ახალთა ერქვა.
1 თვის წინათ აქ ჯერ ისევ ცხოვრობდნენ. ბოლო დღეებში ბოლოჯერ გამოაცხეს პური, ბოლოჯერ დალიეს ჩაი, ბოლოჯერ ილოცეს მეჩეთში, ბოლოჯერ იტირეს ბავშვობისდროინდელ სახლებსა და ქუჩებში. მერე გაიტანეს ყველაფერი, კარები და სარკმელები მოხსნეს საკუთარ ბინებსა და დაწესებულებებს, ბარგი მანქანებს აჰკიდეს და უფრო მაღლა, ახალ იუსუფელში დასახლდნენ.
ხოდა, ნაომარს დაემსგავსა აქაურობა.
ცარიელი და გაძვალტყავებული გახდა…
იუსუფელში ბევრი ადგილობრივი ქართველი იყო.
ტაო-კლარჯეთში ისე არასდროს მოვხვდებოდი, ამ ქალაქში რომ არ შემომევლო ხოლმე.
იქ ქართულად დაწერილ აფთიაქში უნდა შევსულიყავი, აქეთ ჩაი უნდა დამელია, ჯვრიანი პური უნდა მეყიდა, თხილეულიც უნდა შემეძინა და კიდევ, ერთი ხიდი იყო აქ მეჩეთთან, პატარა, მაგრამ დიდი მოგონებებით სავსე. ყველაზე მეტად ის ხიდი მომენატრება, აქ ვაკოცე ყველაზე ძვირფას ადამიანს.
წავიდა იუსუფელი. ზემოდან სევდიანად უყურებ ქალაქს, რომელიც იყო და აღარ არის და დატოვა სევდიანი მოგონებები…” წერს  სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ფოტოებს აქვეყნებს.

“ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა”- ჯუანშერ ბურჭულაძე

დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„ხუთი მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, – განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქმე ეხება არა ერთი პირის მიერ განხორციელებულ ქურდობას, არამედ ყოფილი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ძარცვას.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შესაძლოა, დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ძარცვის შედეგად.

„ვცდილობთ, მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რუს ოპოზიციონერს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსს, ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას, რუსული არმიის დისკრედიტაციაში, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფოს ღალატში დასდეს ბრალი.

ვლადიმერ ყარა-მურზა 41 წლისაა, ის რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.

ვერდიქტის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყარა-მურზამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს „მკვლელების რეჟიმი“ მართავს.

სასამართლოს წინაშე ბოლო გამოსვლაში ყარა-მურზამ მისი სასამართლო სტალინის რეჟიმის საჩვენებელ სასამართლო პროცესებს შეადარა და განაცხადა, რომ მოსამართლეებს მის გამართლებას არ სთხოვს.

2015 და 2017 წელს ვლადიმერ ყარა-მურზა მოულოდნელად გახდა ავად და კომაში იყო, რის გამოც პოლიტიკოსი რუსეთის სპეცსამსახურებს მის მოწამვლაში ადანაშაულებს.

“ძარცვავდნენ მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს, რაც დასანანია”- თავდაცვის მინისტრი BBC-ის გამოძიებაზე

ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გვერდში დავუდგეთ სამართალდამცველებს, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში – ასე გამოემხურა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში პენსიონერების ე.წ. ტრეიდინგული სქემებით ძარცვას უკავშირდება.

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყალბი ქოლ-ცენტრებისა და ყალბი ტრეიდინგული ოპერაციების თაობაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იმუშავეს. მინისტრი დასანანს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველო ევროპელი პენსიონერების ორგანიზებული ძარცვის სქემაში აქტიურად იყო ჩართული.

„სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს.  რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის დასანანია და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და ახლა გასარკვევია გამოძიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსგან იყო წაღებული 5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

“მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

BBC-იმ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა , სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თაღლითური ქსელის – Milton Group-ის უკან სავარაუდოდ დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

12 აპრილს ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის გეგმავს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება „დიდ შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს.

მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და რუსეთმა ვერ მიიღოს თანამედროვე შეიარაღება სხვა ქვეყნებისგან.

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლის გაზრდის პროცესში.

ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. მათ ასევე დაგმეს პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ და მიუღებელი უწოდეს რუსეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, პატივს მივაგებთ მათ სულებს. ასევე, გვაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ ვნახოთ მათი ოჯახის წევრები, მათ დედებს მოვეფეროთ, მოვეფეროთ მათ შვილებს და ჩვენი სამსახურით მათ აღვუთქვათ გვერდში დგომა. ჩვენ არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, როდესაც გულთან ახლოს არ მიგვაქვს მათი პრობლემები, მათი სურვილები და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მათ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.