იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის. ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა”,- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.
“ქალაქი რომელიც მიდის
იუსუფელი, თურქეთი
The city that goes
Yusufeli, turkey
იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის.
ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა.
ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ნაქალაქარდებოდა.
ახლა უკვე არის ნაქალაქარი.
ჩაიძირა იუსუფელი, ოდესღაც ქართული ქალაქი ტაოში, რომელსაც ახალთა ერქვა.
1 თვის წინათ აქ ჯერ ისევ ცხოვრობდნენ. ბოლო დღეებში ბოლოჯერ გამოაცხეს პური, ბოლოჯერ დალიეს ჩაი, ბოლოჯერ ილოცეს მეჩეთში, ბოლოჯერ იტირეს ბავშვობისდროინდელ სახლებსა და ქუჩებში. მერე გაიტანეს ყველაფერი, კარები და სარკმელები მოხსნეს საკუთარ ბინებსა და დაწესებულებებს, ბარგი მანქანებს აჰკიდეს და უფრო მაღლა, ახალ იუსუფელში დასახლდნენ.
ხოდა, ნაომარს დაემსგავსა აქაურობა.
ცარიელი და გაძვალტყავებული გახდა…
იუსუფელში ბევრი ადგილობრივი ქართველი იყო.
ტაო-კლარჯეთში ისე არასდროს მოვხვდებოდი, ამ ქალაქში რომ არ შემომევლო ხოლმე.
იქ ქართულად დაწერილ აფთიაქში უნდა შევსულიყავი, აქეთ ჩაი უნდა დამელია, ჯვრიანი პური უნდა მეყიდა, თხილეულიც უნდა შემეძინა და კიდევ, ერთი ხიდი იყო აქ მეჩეთთან, პატარა, მაგრამ დიდი მოგონებებით სავსე. ყველაზე მეტად ის ხიდი მომენატრება, აქ ვაკოცე ყველაზე ძვირფას ადამიანს.
წავიდა იუსუფელი. ზემოდან სევდიანად უყურებ ქალაქს, რომელიც იყო და აღარ არის და დატოვა სევდიანი მოგონებები…” წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ფოტოებს აქვეყნებს.