“ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან”- ალექსანდრე ხვთისიაშვილი

70
spot_img

ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუდანში ამ მომენტამდე შეტაკებები არ გაჩერებულა, რის გამოც ჯერჯერობით მათთან კორიდორზე მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება.

„ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთდროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან. კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენს პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაცა მხარემ აიღოს კონტროლი სიტუაციაზე და მოხდეს მათთან ამ ნებართვებსა და დერეფანზე დალაპარაკება. ჯერჯერობით არ გვესაუბრებიან, რადგან შეტაკებებში არიან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ, ჯანმრთელად არიან და იმყოფებიან იქ, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ“- განაცხადა ხვთისიაშვილმა.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში ამჟამად დაახლოებით 40-მდე საქართველოს მოქალაქეა, მათი ნაწილი იქ სამუშაოდ იმყოფება.