“სუდანში ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში რჩებიან”- Myway Airlines

59
spot_img

ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, ამჟამად სუდანში მათი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში არიან.

მათივე ცნობით, სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან, ავიაკომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ცდილობს დაგეგმოს ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე.

სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია „ჯეო სქაიდან“, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსსა“ და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.