“ძარცვავდნენ მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს, რაც დასანანია”- თავდაცვის მინისტრი BBC-ის გამოძიებაზე

62
spot_img

ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გვერდში დავუდგეთ სამართალდამცველებს, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში – ასე გამოემხურა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში პენსიონერების ე.წ. ტრეიდინგული სქემებით ძარცვას უკავშირდება.

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყალბი ქოლ-ცენტრებისა და ყალბი ტრეიდინგული ოპერაციების თაობაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იმუშავეს. მინისტრი დასანანს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველო ევროპელი პენსიონერების ორგანიზებული ძარცვის სქემაში აქტიურად იყო ჩართული.

„სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს.  რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის დასანანია და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და ახლა გასარკვევია გამოძიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსგან იყო წაღებული 5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

“მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

BBC-იმ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა , სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თაღლითური ქსელის – Milton Group-ის უკან სავარაუდოდ დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

12 აპრილს ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის გეგმავს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.